Accessibility links

2017 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე ყველის სახელით გამოჩენილი პროდუქტი აუცილებლად ნედლი რძისგან უნდა იყოს დამზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან. თუმცა, ყველისგან განსხვავებით, "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, კვლავაც დასაშვებია რძის ფხვნილის გამოყენება ბაზარზე რძის ნაწარმის სახელით წარმოდგენილ პროდუქციაში (არაჟანში, მაწონსა თუ იოგურტში). ჯერჯერობით პრობლემაა ის, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა. აქვს თუ არა მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და რა სახის პრობლემები იჩენს თავს?

თუკი რძის ფხვნილისგან დაამზადებს, მწარმოებელი თავის პროდუქტს ბაზარზე ვეღარ გამოიტანს ყველის სახელწოდებით და მას სხვა სახელის გამოგონება მოუწევს. ამ მოთხოვნებთან შეუსაბამობისთვის ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან 400 ლარით, ხოლო თუკი იგივე ქმედება ერთი წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა 1200 ლარამდე გაიზრდება. ეს შეეხება მხოლოდ მაღაზიებისა და ბაზრების დახლებზე გამოტანილ პროდუქციას, ხოლო ფიზიკური პირები, რომლებიც ყველს აწარმოებენ, სახელმწიფო კონტროლისგან 2020 წლამდე არიან გათავისუფლებული.

ნედლი რძის გამოყენების ვალდებულება, რეგლამენტის თანახმად, ამ ეტაპისთვის, რძის ნაწარმიდან მხოლოდ ყველზე ვრცელდება და, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, პირველობისთვის ყველი შემთხვევით არ შერჩეულა:

„ჯერ ერთი, სტატისტიკით დადგენილია, რომ მოსახლეობა საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარს სწორედ ყველს. ყველა რძის ნაწარმი ერთად რომ შევკრიბოთ, ყველს მოხმარების ყველაზე დიდი წილი უჭირავს. ჩვენ გვინდა, რომ ამით ხელი შევუწყოთ მერძევეობის განვითარებას, რძის მიღებას, რძის წარმოებას... ასევე, რძის სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, რძის ფხვნილზე დამზადებული ე.წ. „ყველის“ საგემოვნო თვისებები არის უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ რძეზე დამზადებული ყველის“.

თელეთში, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის საწარმოში, ყველის დასამზადებლად მხოლოდ ნედლ რძეს იყენებენ და ადგილობრივი ფერმერებისგან ყოველდღიურად ტონა-ნახევარს იბარებენ. შესაბამისად, მათ ძალიან ახარებთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი ნორმა და, როგორც ანა ამბობს, ეს ყველაფერი ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის აღდგენასა და ყველის ღირსების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს:

„წლებია, ქართველი ფერმერ-მწარმოებლები, პირდაპირ ვიტყვი, გმინავენ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია არათანაბარი კონკურენცია. არა მარტო ყველის მწარმოებელი ფერმერები, არამედ რძის მომპოვებელი ფერმერები და, უპირველესად, ალბათ, მათზე იყო ეს დარტმა: როდესაც დგებოდა ზაფხულის სეზონი და მოდის მწვანე ბალახი, ბუნებრივია, რძე მეტია, მაგრამ აქ თავს იჩენდა რძის ფხვნილის თემა - შემოვიდოდა უამრავი რაოდენობით რძის ფხვნილი და უსამართლოდ დაბლა ჩამოდიოდა რძის ფასი... ანუ სამი ძირითადი მოთამაშე - რძის მწარმოებელი ფერმერი, მეყველე მწარმოებელი და მომხმარებელი, რომელიც ელოდება ბაზარზე ნამდვილ ყველს - რჩება მოგებული ამ კანონით“.

თუკი ყველის შემთხვევაში მშრალი რძის, ანუ რძის ფხვნილის, გამოყენება აკრძალულია, რძის ნაწარმად ცნობილ სხვა პროდუქტებში (მაგალითად, არაჟანში, მაწონსა თუ იოგურტში) კვლავაც დასაშვებია რძის ფხვნილის გამოყენება - მშრალი რძისა თუ აღდგენილი რძის სახით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ პროდუქტი იყოს მხოლოდ რძის ცხიმის შემცველი და არ შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. ეს აუცილებელი მოთხოვნა, ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” მიხედვით, გარდამავალი პერიოდის შემდეგ, 2016 წლის 1 აგვისტოდან, ამოქმედდა და ამას სურსათის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვან გარღვევას უწოდებენ. ცხადია, ბაზარზე რჩება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტებიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მწარმოებლები ეტიკეტზე ვეღარ დააწერენ, ვთქვათ, არაჟანს, მაწონსა თუ იოგურტს.

რძის ნაწარმის ბაზრის მიმართ მომხმარებლებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ და ამაზე ჩვენ მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვაც მეტყველებს:

ვადას უფრო ვაკვირდები, ვიდრე შემადგენლობას... პრინციპში, მე ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ რაც უფრო იაფია, იმას ვირჩევ...

"ჩვენთან დადის მემაწვნე. ვიცი, ნამდვილად რძისგან აკეთებს და იმას მოაქვს ნატურალური ხაჭო. მირჩევნია, რომ მეტი გადავიხადო და მივიღო ნატურალური..."

"მე ვენდობი რა მხრივ - აი, რომ წერენ ნატურალური, ასე მგონია, რომ ნამდვილად იქნება ნატურალური... მე ბუნებით ძველი ადამიანი ვარ და რასაც ვიტყვი, ჩემი სიტყვის პატრონი ვარ... ფხვნილით არ არის მისაღები, ნამდვილად. უნდა იყოს ნატურალური“.

ბაზარზე ათასნაირი პროდუქტია გამოტანილი და მომხმარებელს აქვს უფლება ზუსტად იცოდეს, რას სთავაზობენ და შემდეგ, შემადგენლობისა თუ ფასის მიხედვით, თავად გადაწყვიტოს რომელ პროდუქტზე შეაჩეროს არჩევანი. მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ყიდვისას რძის ნაწარმის შემადგენლობას ყურადღებით აკვირდება, შეუიარაღებელი თვალით ხშირად უჭირს პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი წვრილი წარწერების ამოკითხვა. ჩვენ მიერ ნაჩვენებ ნიმუშებზე ეტიკეტის შინაარსის წაკითხვა ქუჩაში ჩვენს რესპონდენტებსაც გაუჭირდათ. ჩვენ მათ შემდეგ ლუპაც მივაშველეთ:

ლაბორატორიულად ვერ ამოწმებენ შემადგენლობას, სამწუხაროდ... თუმცა მომავალში შეიძლება დაინერგოს ეს მეთოდები ჩვენთანაც და შემოწმება გახდეს შესაძლებელი. პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ დოკუმენტური შემოწმებაა გათვალისწინებული...

„ვერა, ვერ ვარჩევ (რა წერია ეტიკეტზე)... ლუპის გარეშე ვერ ვარჩევ..."

"ვერა, ვერ ვკითხულობ... "

"საერთოდ გაურკვეველია, არაფერი არ ეტყობა ეტიკეტზე, ფერმკრთალად არის, არ არის მკვეთრად გამოხატული, ვერ გაიგებ ვერაფერს - ლუპა გინდა ადამიანს, რომ წაიკითხო ნორმალურად... მე გადავწყვიტე, რომ ლუპით ვიარო საერთოდ...“

როცა ეტიკეტი მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ამას საკმაოდ დიდ პრობლემად თვლიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ამასთან,როგორც ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, მაგრამ ამჟამად ბევრი რამ კვლავაც მწარმოებლის კეთილსინდისიერების იმედად რჩება, რადგანაც, მაგალითად, რძის ნაწარმში, იმავე ყველის შემთხვევაშიც, რძის ფხვნილის გამოყენების ფაქტის დადგენა ამ ეტაპზე ლაბორატორიულად შეუძლებელია:

„ლაბორატორიულად ვერ ამოწმებენ შემადგენლობას, სამწუხაროდ... თუმცა მომავალში შეიძლება დაინერგოს ეს მეთოდები ჩვენთანაც და შემოწმება გახდეს შესაძლებელი. პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ დოკუმენტური შემოწმებაა გათვალისწინებული. ანუ საწარმოში შეამოწმებენ დოკუმენტებს, ანუ, დავუშვათ, თუ მეწარმე უშვებს ყველს და მას საერთოდ არ დაუფიქსირდა რძის მიღება და, სამაგიეროდ, დაუფიქსირდა რძის ფხვნილის მიღება, ეს ხომ გამოჩნდება?! მან ხომ უნდა აჩვენოს ყველა დოკუმენტაცია - ნედლეული საიდან აქვს, რა ნედლეულია და ასე შემდეგ... ასე მოხდება დოკუმენტური კონტროლი“.

ბევრი რამ თავად მწარმოებლის კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე რომ არის დამოკიდებული, ეს რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც უთხრეს. უწყება, რომელიც მაკონტროლებელი ინსპექტორების ნაკლებობას განიცდის, არ უარყოფს, რომ სავსებით შესაძლებელია დარღვევებმა კვლავაც იჩინოს თავი - მათ შორის, რძის ნაწარმის ბაზარზე - და საჭიროა, რომ სიფხიზლე მომხმარებლებმაც გამოიჩინონ. თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვარწმუნებენ, რომ სისტემატურად კონტროლდება სურსათის უვნებლობა და სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სტანდარტების შესაბამისად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG