Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაკარგა საქართველომ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის ვერმიღებით?


თბილისისთვის საერთო სურათს ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონპროექტიდან ამოღებულია საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისთვის ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხი. საუბარია კანონპროექტზე „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“, რომელიც აშშ-ის სენატმა 12 დეკემბერს დაამტკიცა.

3 თვის წინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა, გაღრმავდა იმედი იმისა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი მიიღებდნენ შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსს ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. ეს სტატუსი ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას მისცემდა უფრო მეტ შანსს, რომ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო აშშ-ის სამხედრო დახმარება, მაგალითად, სამხედრო ტექნიკისა თუ აღჭურვილობის სახით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ ზრდიდა ვაშინგტონის ვალდებულებებს ამ სამი ქვეყნის სამხედრო დაცვის კუთხით.

იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ამერიკული ინტერნეტგამოცემა „კიუბიკ ლეინი“ ავრცელებს, 11 დეკემბერს კანონპროექტს მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების სენატმაც, თუმცა ამის შემდეგ ტექსტი შეიცვალა და უკვე12 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა შეცვლილი ვარიანტი, სადაც აღარ არის ლაპარაკი მთავარ მოკავშირეობაზე. წყაროს ცნობით, ეს ნაბიჯი თეთრი სახლის მოთხოვნით გადაიდგა.

არა მგონია, რომ ამ ჩანაწერის ამოღება რამეს ცვლიდეს... ჯერ ერთი, იცით, რომ ხელი გვაქვს მოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები...
დავით კერესელიძე

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოსა და შეერთებული შტატების საგანგებო პარტნიორული ურთიერთობების ფონზე, მთავარი მოკავშირის სტატუსის ამ ეტაპზე ვერმიღება საერთო სურათს არ ცვლის:

„არა მგონია, რომ ამ ჩანაწერის ამოღება რამეს ცვლიდეს... ჯერ ერთი, იცით, რომ ხელი გვაქვს მოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კანონპროექტში დევს კონკრეტული ქმედებები, დახმარებები, რაც მოდის - ეს არის, ვთქვათ, ენერგეტიკის სფერო, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და ეს არის რუსული პროპაგანდის შეჩერების“.

მთავარი მოკავშირის სტატუსის თემის ამოღების მიუხედავად, სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს მეტად ფასეულ დოკუმენტად მიიჩნევენ ანალიტიკოსები. მასში ასახულია თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. კანონპროექტი მწვანე შუქს უნთებს 350 მლნ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტით“ ასევე გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარის მიწოდება უკრაინაში ენერგომომარაგების ხელშესაწყობად და წლიურად 20 მლნ დოლარის გამოყოფა რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად.

ამ ეტაპზე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის ვერმიღებით საქმე არ გაფუჭებულა, – ასე ფიქრობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონპროექტიდან ამ აქცენტის ამოღება დროებითი მოვლენაა და ასეთი გეგმა არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ამასთან, კანონპროექტი მოიცავს საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვან მიდგომას:

ირაკლი მენაღარიშვილი
ირაკლი მენაღარიშვილი

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ეს არის ერთიანი პროცესი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სუვერენიტეტის შელახვა არ არის ცალკეული დაპირისპირება ამ ქვეყნებთან, არამედ ეს არის რუსეთის ერთიანი პოლიტიკა საბჭოთა წარსულის კვლავ დაბრუნებისა ისტორიის სცენაზე, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისათვის“.

ახლა საკითხავია, რა სახით მოაწერს ხელს კანონპროექტს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. არის ვარაუდი, რომ უკრაინასთან დაკავშირებული აქტი კამათის საგანი გახდებაკონგრესსა და პრეზიდენტს შორის. მიაჩნიათ, რომ ის უფრო მკაცრი პასუხია რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, იმ ზომებთან შედარებით, რომლებსაც ვაშინგტონი ახლა მიმართავს მოსკოვის წინააღმდეგ. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა არ დაამტკიცოს კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG