Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მოქმედი ასოციაცია მერიას და გამგეობას „პოლიტიკურ დევნაში“ ადანაშაულებს


ნანი ფირცხელავა
ნანი ფირცხელავა

„დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია“ ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანი ფირცხელავას განცხადებით, ზუგდიდის მერიის შენობაში 2005 წლიდან დაკავებული საოფისე ფართი მათ უკანონოდ დაატოვებინეს, შედეგად კი,ასოციაციაში გაერთიანებულმა გაზეთებმა „კოლხურმა ვერსიამ“ და „აფხაზეთმა“ ფუნქციონირება იძულებით შეწყვიტეს. ნანი ფირცხელავა აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება ასოციაციის ჟურნალისტურ და იურიდიულ საქმიანობას უკავშირდება:

„იურიდიული ნორმების დაცვით, ყოველთვის ვაშუქებდით მასალებს და რადგან დავიცავით სხვისი ინტერესები სასამართლოს გზით, სასამართლოს გზით უძრავი ქონება წავართვით ზუგდიდის გამგეობას და საკრებულოს, ეს გახდა ძირითადი სარჩული, აი, ამ პოლიტიკური დევნის და ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის“.

კითხვას, რამდენად მართებულია მედიასაშუალება მერიის შენობაში ფუნქციონირებდეს, ნანი ფირცხელავამ უპასუხა, რომ ასოციაციის კუთვნილი გაზეთები, სახელმწიფო შენობაში ყოფნის მიუხედავად, ყოველთვის ინარჩუნებდნენ ობიექტურობას. ჟურნალისტის მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებით სწორედ მათი კრიტიკული წერილები არ მოეწონათ - „კოლხურ ვერსიაში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოქვეყნებულ ღია წერილს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება იყო გაკრიტიკებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ედიშერ თოლორაიას უკმაყოფილება და მუქარა მოჰყვა:

„სანამ არჩევანს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით, ვის ირჩევთ“ -აი, ამ სათაურით გამოქვეყნდა. ფაქტობრივად, ეს ედიშერ თოლორაიას ეძღვნებოდა... მან მოსახლეობასთან შეხვედრის მომენტში განაცხადა, რადგან ასეთი წერილი გამოქვეყნდა წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენ დავხურავთ ამ რედაქციასო“.

ნანი ფირცხელავას ბრალდებებს არ იზიარებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ გამგებელი ედიშერ თოლორაია მათ გაზეთს დახურვით დაემუქრა, აბსურდულად მიიჩნევს გამგეობის პრესსამსახურის უფროსი მაია ღურწკაია:

„გამგებელს არ წაუკითხავს ასეთი სტატია. არასდროს არც ერთ შეხვედრაზე ნანი ფირცხელავა, მისი გაზეთი „კოლხური ვერსია“, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ უხსენებია გამგებელს“.

„დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციას“ გამგებელთან ერთად პრეტენზიები ქალაქის მერიასთანაც აქვს, რადგან, მათი განცხადებით, ედიშერ თოლორაიას მუქარა ოფისიდან გაძევების შესახებ სწორედ მერიამ შეასრულა. ფირცხელავას მტკიცებით, 2005 წლიდან ისინი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დღეს მერიაც ფუნქციონირებს, იმყოფებოდნენ ოფიციალური ნებართვის საფუძველზე, რაც მერიამ უგულებელყო. თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის, სანდრო სორდიას, განცხადებით, „დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციას“ მერიის შენობაში ყოფნის არანაირი ოფიციალური უფლება არ ჰქონდა და არც შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგენია. იურისტის თქმით, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაშიც კი:

„საკანონმდებლო რეგულაციები 2005 წელს იყო სულ სხვა, დღეს კი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი. შესაბამისად, დღევანდელი რეგულაციებით, თუნდაც კეთილი ნების საფუძველზე, მას ვერ განვათავსებთ ამ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ეს არის ადმინისტრაციული შენობა და ეს არის ადმინისტრაციული დაწესებულების ექსკლუზიური უფლების განსახორციელებლად და არა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების და ა.შ. განთავსებისთვის“.

„დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ, შენობიდან უკანონოდ გაძევების გამო, აპირებს მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და თავისი უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაიცვას.

XS
SM
MD
LG