Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა კავშირი ასოცირების ხელშეკრულებასა და ატოცის მოვლენებს შორის


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრებლები ამ დრომდე ცდილობენ გაერკვნენ, რა სამუშაოებს ატარებენ რუსეთის მესაზღვრეები. ცოტა ხნის წინ მათ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები ახსნეს, ძელები ამოიღეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს, თუმცა სოფლის განაპირას ჯიხური ჩადგეს და პატრულირება როგორც ქვეითად, ისე სამხედრო ავტომანქანებით გააძლიერეს. ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიახლოებას ვერ ბედავს. როგორც ატოცელები აცხადებენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჯიხურთან ახლოს მიწას თხრიან და სამუშაოებს ძირითადად ღამით აწარმოებენ.

არაინფორმირებულობის გამო, რუსეთის მესაზღვრეების ქმედებათა შესახებ უამრავი ვერსია ვრცელდება. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის სოფლის სიღრმეში გადმოტანას გეგმავენ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯიხურთან ახლოს ისინი სანგრებს თხრიან და საცეცხლე წერტილებს ამზადებენ. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებთა ნაწილმა მესაზღვრეების ქმედება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დააკავშირა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილიც ამ მოვლენებს შორის გარკვეულ კავშირს ხედავს. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასოცირების ხელმოწერის წინა დღეებში რუსეთმა შეგვახსენა, რომ აქ არის და ჯერ წასვლას არ აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოჩა რატიანის განცხადებით, ატოცელებს შეშფოთების საფუძველი არა აქვთ. მისი თქმით, ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფელთან ჩადგმული ჯიხური დროებითი ნაგებობაა.

ატოცში დაწყებული სამუშაოები კი ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ატოცელები ხელისუფლებისგან ყურადღებას და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან ჯიხური ჩადგეს. ისინი მავთულხლართებისა და ღობეების გასწვრივ პერიმეტრს ყოველთვის ვიდეოკამერებისა და საპატრულო ჯგუფების მეშვეობით აკვირდებოდნენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG