Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: ავტორიტარული რუსეთი მეზობელ ქვეყნებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის


"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში (ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტები პეკინში. 2016 წელი)
"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში (ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტები პეკინში. 2016 წელი)

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მაგალითზე თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების მიზნებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას განიხილავს, საგანგებო ადგილი ეთმობა პუტინის რუსეთის ანტიდემოკრატიული და დესტრუქციული ნაბიჯების თავისებურებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ ქვეყნებთან ერთად ახალი ანგარიშის ტექსტში არაერთხელ არიან მოხსენიებული საქართველო და უკრაინა, როგორც რუსეთის მიერ შევიწროებული - ოკუპირებული და ანექსირებული - მეზობლები. სამხედრო ძალის გარდა, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთი ეფექტიანად იყენებს რბილ ძალას და თავის დესტრუქციულ განზრახვებს ხშირად ეკლესიისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველის ნიღბით ახორციელებს.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები, წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით წარმატებული არიან თავიანთი მიზნების მიღწევის გზაზე. ისინი, განსაკუთრებული აკრძალვების გარეშე, ახლებური ხერხებით აკონტროლებენ ხელისუფლებას, ეკონომიკას, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და უსაფრთხოების სისტემებს. იმის გარდა, რომ ავტორიტარული რეჟიმები საკუთარ ქვეყნებში ანადგურებენ დემოკრატიულ პრინციპებს და კანონზე მეტად ძალას აღიარებენ, ცდილობენ ძირი გამოაცალონ დემოკრატიულ ღირებულებებს მთელ მსოფლიოში და როცა საჭიროა, ისტორიის გადაწერის ხერხსაც მიმართავენ. ამ მხრივ, ახალი ანგარიშის ტექსტის მიხედვით, მთავარ პრობლემურ ძალად თანამედროვე მსოფლიოს პუტინის რუსეთი ევლინება. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ თანამედროვე რუსეთი, ხისტი თუ რბილი ძალის გამოყენებით, საგანგებო საფრთხეებს უქმნის მეზობელ ქვეყნებს და მათ შორის - საქართველოსაც. ხისტ მეთოდებს შორის სახელდება კიბერშეტევები, სამხედრო ინტერვენცია, მუქარა და გაყინული კონფლიქტები:

„პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთმა შეინარჩუნა ან შექმნა გაყინული კონფლიქტები, რომლებიც შეეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას. თითოეულ ამ შემთხვევაში რუსეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას, საჭიროების მიხედვით, ჩააცხროს ან გაამწვავოს დაძაბულობა, რათა გაზარდოს თავისი პოლიტიკური ზეგავლენა შესაბამის ქვეყანაზე“.

რაც შეეხება რბილ ძალას, ამ კონტექსტში კრემლის მეთოდებს შორის მოიხსენიება, მაგალითად, „სამოქალაქო საზოგადოება და „ტრადიციული ფასეულობები“. აქ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ კრემლი მეზობელ ქვეყნებში აფუძნებს პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ზეგავლენა მოახდინოს ადგილობრივ მოსახლეობაზე და დააკნინოს ოპონენტები:

„რუსეთის მთავრობა იყენებს პარტნიორობას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რათა თავი წარმოაჩინოს „ტრადიციული ფასეულობების“ დამცველად, ხოლო ოპონენტები - ადამიანის უფლებათა დაცველებისა და ევროპული სახელმწიფოების სახით - წარმოაჩინოს ჰედონიზმისა და ამორალურობის მქადაგებლებად“.

კრემლის იარაღებს შორის მოხსენიებულია ასევე პროპაგანდისტული შეტევა. ნათქვამია, რომ რუსეთი ძლავრად იყენებს რუსულენოვან მედიას, ძირითადად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხებს, დეზინფორმაციის გასავრცელებლად და უკმაყოფილების გამოსაწვევად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს შორის.

კრემლის ხსენებული მეთოდები უცხო არ არის საქართველოში და ამის შესახებ, სხვადასხვა გამოკვლევაზე დაყრდნობით, ხშირად ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ნინო რობაქიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის ხელწერა ერთნაირია როგორც ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინაში, ასევე საქართველოში და მიზნის მიღწევაზე კარგად ორგანიზებული ქსელი მუშაობს:

„ძირითადი აქტორები არიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ თავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში იმართებიან, კამპანიურად, საქართველოში დაფუძნებული პრორუსული ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთში დაფუძნებულ ძალიან ცნობილ ფონდებთან - გუმილიოვის ფონდთან, გორჩაკოვის ფონდთან... ფინანსურადაც ზურგი აქვს გამაგრებული ამ ყველაფერს და საქართველოში, უკვე ადგილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ამაში ჩართული არიან პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და ე.წ. მედიასაშუალებები“.

ნინო რობაქიძე ლაპარაკობს ძირითადად ინტერნეტგამოცემებზე, რომლებიც მათი პრორუსულობის გამჟღავნების შემდეგ, ხშირ-ხშირად იცვლიან სახელებს და ძირითადად ტყუილის ტირაჟირებასა და, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებიან.

კრემლის ხელით შექმნილ რეალობაზე, რომელიც, ქართული არასამთავრობო სექტორის დიდი აქტიურობისა და გამაფრთხილებელი განმარტებების მიუხედავად, მაინც ახდენს ზეგავლენას საზოგადოების არაინფორმირებულ ნაწილზე, ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგი შორენა ლორთქიფანიძეც ლაპარაკობს. ის თვლის, რომ რბილი ძალისა და ხისტი ძალის მეთოდები კომბინირებულად ემსახურება რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს შეეხება საქართველოსაც. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს პოლიტოლოგი მეტად საგულისხმო სახელმძღვანელო დოკუმენტად მიიჩნევს:

„ავტორიტარული რეჟიმების - პირველ რიგში, რუსეთის - დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტების შესახებ ჩვენ ბევრი ვიცით, ბოლო დროს ბევრი იწერება. ეს არის: პროპაგანდა, საინფორმაციო ომი და ყველა ის მეთოდი, რასაც დღეს რუსეთი მიმართავს... უბრალოდ, ამ ანგარიშში ეს ყველაფერი კარგად შეკრებილი და გაანალიზებულია. ამ კუთხით ასევე საინტერესოა უკონტროლო ტერიტორიების ანექსიის, ოკუპაციის საკითხები და მათთან მიმართებით რუსეთის ინსტრუმენტები - პასპორტიზაციით დაწყებული და დამთავრებული იმით, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ამ ტერიტორიების იზოლაციას... ეს საერთო გეგმის ნაწილია“.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში დაეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიან კონტექსტში უკეთესად დაინახოს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მიზნები და ტაქტიკა, რითაც ის ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG