Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპრესია საზღვრებს მიღმა - აზერბაიჯანის დევნილი მოქალაქეები საქართველოში


„რეპრესია საზღვრებს მიღმა, აზერბაიჯანელი დევნილი მოქალაქეები საქართველოში“ - ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია
„რეპრესია საზღვრებს მიღმა, აზერბაიჯანელი დევნილი მოქალაქეები საქართველოში“ - ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია

რატომ გაუარესდა აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა საქართველოში, დაცულია თუ არა მათი უფლებები და რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება მათთვის უსაფრთხო გარემოს? სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სცადა ერთობლივი ანგარიშით „რეპრესია საზღვრებს მიღმა, აზერბაიჯანელი დევნილი მოქალაქეები საქართველოში“ და ამ მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა 6 საქმის საფუძველზე შეაფასა. გამოკვლევამ გამოავლინა, რომ აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეების უფლებები საქართველოში ირღვევა როგორც თავშესაფრის მიღების, ისე სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით.

„თავისუფლება ახლა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ - ამ სამი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014-2015 წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შევიწროებული აქტივისტებისთვის საქართველო სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა 2016 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამას 2016 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მიღებას უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ მანამდე ხელისუფლება სწორედ სავიზო ლიბერალიზაციის არგუმენტით ახერხებდა გარკვეული პროცესების შეკავებას, 2016 წლის შემდეგ კი, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე, აზერბაიჯანიდან დევნილი პირები უსაფრთხოების მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდენ და რადიკალური გაუარესება რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა:

“ანგარიშმა, ერთი მხრივ, გამოავლინა საქართველოს მთავრობის მხრიდან 2016 წლიდან სისტემურად კრიტიკული ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ბინადრობის სტატუსზე და ლტოლვილის სტატუსზე მინიჭების უარის შემთხვევები. ამავდროულად, ანგარიშში დეტალურადაა შეფასებული აფგან მუხთარლის იძულებით გაუჩინარების საქმე და ამ დრომდე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის პრობლემა. პროკურატურას ამ დრომდე კვალიფიკაცია არ შეუძლია და დამამძიმებელი გარემოებები გამოკვეთილი არ არის“.

„რეპრესია საზღვრებს მიღმა“
please wait

No media source currently available

0:00 0:04:34 0:00

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ, შესაბამისად, ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში აღნიშნულია როგორც პროკურატურის მიერ აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობა, ისე საქართველოს პარლამენტის მიერ ამ საქმეებზე კონტროლის გაძლიერების მიზანშეწონილობა.საუბარია ასევე საკანონმდებლო ცვლილებების გატარების საჭიროებაზე. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შესწავლილ არც ერთ საქმეში არ მომხდარა დამნაშავის იდენტიფიცირება და, მით უფრო, დაკავება. თავის მხრივ, ანგარიშის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი ანგარიში გადაეგზავნება ევროპულ ინსტიტუტებს და ეს საქმეები კიდევ ერთხელ მიიპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. შეიძლება აზერბაიჯანელი და ქართველი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ სიტუაცია დამშვიდდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის ისევ განიხილება“.

ლეილა მუსტაფაევას, ისევე როგორც მის მეუღლეს, აფგან მუხთარლის, დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება და გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩართული არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომელთაც ერთობლივად მოამზადეს ანგარიში, შეშფოთებას გამოხატავენ ასევე ჟურნალისტ გულნურ კაზიმოვას, პოლიტიკური აქტივისტების ვიდადი ისგენდერლის და დაშგინ აღარარლისა და სხვა აზერბაიჯანელი დევნილი პირების თვალთვალის, შევიწროებისა და მათ მიმართ მუქარის ფაქტებზე.

ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ პროცესის, ამ პრაქტიკის გადახედვა, გადასინჯვა და ეფექტიანი სასამართლო კონტროლის დაწესება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სასამართლო ორგანოების მიერ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას...
სიმონ პაპუაშვილი

ანგარიშის ავტორები ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოყოფენ დაშგინ აღარლის საქმეს, რომელსაც, მის ვაჟთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირია და რამდენჯერმე იყო დაპატიმრებისა და მკვლელობის მუქარის ადრესატი. როგორც „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი სიმონ პაპუაშვილი ამბობს, კონკრეტული საქმეების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი სწორედ თავშესაფრის მაძიებელთა და ბინადრობის მოწმობების მთხოვნელ პირთა მიმართ მოპყრობის საკითხებს შეეხება:

“ხშირად ხდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მოშველიება, როგორც საფუძვლისა, როდესაც უარის თქმა ხდება ამ პირებზე ბინადრობის მოწმობის მიცემაზე ან თავშესაფრის მიცემაზე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ პროცესის, ამ პრაქტიკის გადახედვა, გადასინჯვა და ეფექტიანი სასამართლო კონტროლის დაწესება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სასამართლო ორგანოების მიერ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“.

ანგარიშში საუბარია კიდე ერთ ტენდენციაზე, კერძოდ, საქართველოში იმ აზერბაიჯანელი აქტივისტების შემოშვების პრობლემაზე, რომლებიც აზერბაიჯანის მთავრობის საჯარო კრიტიკით გამოირჩევიან. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ ნახევარზე მეტი იმ პირთაგან, ვისაც 2016-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალა, აზერბაიჯანის მოქალაქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG