Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიახ, მე ვარ ლეგენდა!“ - ნაწილი II


ბი ბი კინგი, 2011 წლის 2 ივლისი
ბი ბი კინგი, 2011 წლის 2 ივლისი

წინა სიუჟეტში, როცა ბი ბი კინგის ცხოვრებაზე ვსაუბრობდი, მის ჰიტ Three O'Clock Blues-ზე შევჩერდი - სიმღერაზე, რომლითაც პირველად გაითქვა სახელი. თუმცა საყოველთაო აღიარება მაინც წინ ელოდა. გარდა იმისა, რომ აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას ეწეოდა და საკუთარი ნოვაციური საშემსრულებლო ხელწერით ხიბლავდა აუდიტორიას, არნახული წარმატების მიზეზი იმხანად მომძლავრებული ტენდენციაც გახლდათ. 60-იანები ტრადიციული აფროამერიკელი მსმენელის ხსენებული ჟანრისკენ შემობრუნების, ასევე თეთრი აუდიტორიის შემომატების ხანა იყო. და როცა 1969 წელს სან-ფრანცისკოს ცნობილი საკონცერტო დარბაზის, Fillmore West-ის, სცენაზე დადგა, პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით შეეგება, როგორც ეპოქის უდიდეს ბლუზმენს.

იმავე წელს გამოიცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი - The Thrill Is Gone. ბი ბი კინგმა ცნობილი პიანისტის როი ჰოუკინსის თხზულება ახლებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა. ძლიერი, რომანტიკული ვოკალის, ჯაზური აქცენტებისა და სევდიანი სავიოლინო აკომპანემენტის წყალობით, სიმღერა გასცდა ბლუზურ ჩარჩოებს და ულამაზეს პოპჰიტად იქცა. The Thrill Is Gone მუსიკოსის შემოქმედებაში პირველი სინგლი იყო, რომელმაც ამერიკულ პოპ-ჩარტში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა და, ამასთანავე, „გრემი“ მოუტანა, ნომინაციაში საუკეთესო „R&B“ვოკალი.

როგორც უკვე ვთქვი, ბი ბი კინგმა რადიკალურად შეცვალა ბლუზთან დამოკიდებულება. მისეული ლაღი, მსუბუქი ბგერა და ნოვაციური საშემსრულებლო მანერა იმ ეპოქისისეთ სახელოვან არტისტების ხელწერაზეც აისახა, როგორებიც იყვნენ ბადი გაი, ჯო ბლიუ, ალბერტ კინგი და მრავალი სხვა. თუმცა საკუთარ ფესვებს არასოდეს ივიწყებდა. ყოველ წელს მისისიპიში ჩადიოდა და კონცერტებს მართავდა. არტისტის დისკოგრაფიაში საუკეთესო სტუდიურ ნამუშევრებად სწორედ ის ალბომები მიიჩნევა, სადაც დელტური ბლუზისა და ჯაზის სინთეზს ახდენდა. ამგვარი დისკებიდან 1993 წლის სტანდარტების კრებულს Blues Summit-ს გამოვარჩევდი, რომელიც ლეგენდარულ კოლეგებთან ჯონ ლი ჰუკერთან, ეტა ჯაიმსსა და კოკო ტეილორთან თანამშრომლობით გამოსცა.

90-იანი წლების ბოლოდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბი ბი კინგმა საკონცერტო გამოსვლების რაოდენობა შეამცირა. სცენაზე თუ გამოჩნდებოდა, ფეხზე დგომა აღარ შეეძლო და სკამზე ჩამომჯდარი ირჯებოდა. მიუხედავად ამისა, საკუთარი უშუალობის, მომხიბვლელობისა და იუმორის წყალობით, მსმენელთან კომუნიკაციას გაცილებით მარტივად ამყარებდა, ვიდრე მისი ახალგაზრდა კოლეგები. ამ პერიოდში მან სამი მნიშვნელოვანი ალბომი გამოსცა:„Let the Good Times Roll“. “Blues on The Bayou” და “Riding With the King”.ეს უკანასკნელი კი, ერიკ კლაპტონთან ერთად, რომელთანაც პირველად ჯერ კიდევ 1967 წელს ითანამშრომლა - ჯგუფ „Cream“-ის 22 წლის წევრთან ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში დაუკრა.რაც შეეხება დისკს“Riding With the King”, მან ორი „გრემი“ მოიპოვა, საუკეთესო ვოკალური დუეტისა და საუკეთესო ტრადიციული ბლუზური ალბომის ნომინაციაში.

"მთელი ცხოვრება მიმტკიცებდნენ, რომ ცოცხალი ლეგენდა ვიყავი. მომწონდა თუ არა ამგვარი დამოკიდებულება, დარწმუნებული არ ვიყავი. ერთხელაც "უებსტერის ლექსიკონში" ამ სიტყვის განმარტება ვნახე. ეწერა, რომ ლეგენდად იმ ვინმეს ან რამეს მოიხსენიებენ, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. მივხვდი, რომ ის ხალხი არ ტყუოდა. სცენაზე 70 წელი გავატარე. დიახ, მე ვარ ლეგენდა და მადლობა ყველას, ვინც ასე ფიქრობს" - ეს ამონარიდია ბი ბი კინგის ინტერვიუდან. არტისტმა "ლუსილთან" ერთად სცენაზე ნახევარსაუკუნეზე მეტი დაყო და დრომ მართლაც ვერაფერი დააკლო. საკონცერტო მოღვაწეობა მხოლოდ გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგმარეობის გაუარესების გამო, შეწყვიტა. "ბლუზის მეფე", "ლეგენდა" 14 მაისს 89 წლის ასაკში აღესრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG