Accessibility links

ბათუმში საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები შიმშილობენ


მოშიმშილეთა ნაწილი ბათუმის პორტში

2 აპრილს, დილიდან, ბათუმის პორტის ექვსმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა. მათი რიცხვი დღისით გაორმაგდა, საღამოს კი პორტის ადმინისტრაციის შენობაში 6 მოშიმშილე ღამის გასათევად რჩება. როგორც ამბობენ, ადგილის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მოსალოდნელი ცვლილებებია, რომელსაც ახალი გენერალური დირექტორი გეგმავს. მოშიმშილეები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საპენსიო ასაკს მიღწეული 26 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პირველი აპრილიდან კი გათავისუფლების მეორე ეტაპი იგეგმებოდა.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:39 0:00
Direct link

აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და გარანტიებს ითხოვენ:

პროფკავშირებმა მოვითხოვეთ შეხვედრა თანამშრომლებთან და პირველივე შეხვედრაზე, ყველაზე მთავარი, რაც გვითხრა, ეს ეხებოდა რეორგანიზაციის საკითხს და პენსიონერებს პირდაპირ უთხრა, რომ თქვენ თუ არ წახვალთ, მე დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასს ვერ მივცემო...
ამირან მიქელაძე.

„1 აპრილიდან 50 თანამშრომლის გაშვება ჰქონდა დაგეგმილი. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ პროტესტის ამ ფორმას მივმართეთ. მანამდე წერილები გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“.

„ვითხოვთ და როგორც ვიყავით, ისე გვამუშაონ, დაგვანებონ თავი! არაფერს სხვას არ ვითხოვთ... ერთი კვირის წინ თათბირი ჩაატარა და თქვა, ჯერ პენსიონერები და პირველი ივნისიდან თქვენცო“.

„პორტი არ მუშაობს, ყველა განყოფილება გაჩერებულია. ასე გავაგრძელებთ, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ. ხვალ რა გველის და ზეგ, არ ვიცით“.

„ეს დირექტორი ახალი მოსულია და ახალი იდეები გააჟღერა ხალხის გარეთ გაყვანაზე, შემცირებებზე, დარჩენილი თანამშრომლების აუტსორსინგით გადაცემაზე. ე.ი. ყველა პასუხისმგებლობას იხსნის და ჩვენ თუახლა პორტის თანამშრომლები გვქვია, ასე აღარ იქნება“,- აცხადებენ მოშიმშილეები. მათ შორისაა ბათუმის პორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან მიქელაძე. მისი განცხადებით, ადმინისტრაცია დასაქმებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებს. საპენსიო ასაკს მიღწეულებს სამსახურიდან წასვლას სთავაზობს, დანარჩენებს კი - აუტსორსინგზე გადასვლას, რაც, მისივე განმარტებით,პორტის თანამშრომლების მოწვეულ კომპანიებში ხელშეკრულებით გადაყვანას ნიშნავს. ამას კი პროფკავშირი არ ეთანხმება, რადგან პორტის 701 თანამშრომელი საშტატო ერთეულით მუშაობს.

„პროფკავშირებმა მოვითხოვეთ შეხვედრა თანამშრომლებთან და პირველივე შეხვედრაზე, ყველაზე მთავარი, რაც გვითხრა, ეს ეხებოდა რეორგანიზაციის საკითხს და პენსიონერებს პირდაპირ უთხრა, რომ თქვენ თუ არ წახვალთ, მე დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასს ვერ მივცემო“, -- აცხადებს ამირან მიქელაძე.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა პორტის პროფკავშირების წარმომადგენლები მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია პორტის თანამშრომლების შესაძლო დათხოვნის შესახებ:

„კოლექტივისგან ვითხოვთ საინიციატივო ჯგუფის შექმნას საკითხის განსახილველად, რადგან გაფიცვისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს. შეტყობინება შემცირების შესახებ არ გაგზავნილა. დღეს ყველას აღელვებს აუტსორსინგის საკითხი. დიახ, ადმინისტრაცია მუშაობს პორტში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად“.

როგორც ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, ბათუმის პორტში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მიზნით ბათუმის ნავთობტერმინალში შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი:

„მოცემულ მომენტში ფინანსური კრიზისი არ არის, მაგრამ ჩვენი პროგნოზია, რომ ეს, შესაძლოა, წელს ზაფხულში მოხდეს. ამ სიტუაციის გამოსწორებას ოპტიმიზმით ვუყურებთ. თუ ზომებს ახლავე მივიღებთ, კრიზისს თავიდან ავიცილებთ. რეორგანიზაცია განიხილებოდა საქმიანობის და ბიზნესპროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთ ზომად. კარგად გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პროფკავშირებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მივიღოთ, მაგრამ დღესდღეობით არ არის ჩამოყალიბებული განხილვის საგანი. კრიზისული შტაბი ყველა ვარიანტს განიხილავს, რადგან თუ ზომებს წინასწარ არ მივმართეთ, მთელი პორტი გაჩერდება და ამას ვერ დავუშვებთ“.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“, შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

ბათუმის პორტის მსგავსად, თებერვლიდან საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლების გაშვება ნავთობტერმინალშიც დაიწყო, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. პირველ ეტაპზე 60-მდე თანამშრომელი გაუშვეს, 1 აპრილიდან კი თანამშრომელთა გაშვება ისევ იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ბათუმის ნავთობტერმინალის პროფკავშირებში აცხადებენ, შეთანხმების შედეგად მათ ადმინისტრაციისგან მიიღეს გარანტია, რომ 2018 წლის ბოლომდე ტერმინალში ყველა დასაქმებულიშეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. ამ შეთანხმების დოკუმენტურ დამოწმებას ბათუმის ნავთობტერმინალის პროფკავშირებში ორი დღის განმავლობაში ელიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აცხადებენ, ისინი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა პროტესტს შეუერთდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG