Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვის წარუმატებლობისა და ბიბილოვის წარმატების შეფასება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, მაგრამ ანატოლი ბიბილოვისთვის გამარჯვების მილოცვა ყველას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაასწრო. ბიბილოვის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა, თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ახლავე აცხადებს, რომ ის ამ დაპირებას ვერ შეასრულებს. ბიბილოვი არჩევნებამდეც გამოდიოდა ინიციატივით სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მაგრამ კრემლში ეს იდეა უარყვეს. აქედან გამომდინარე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისე რუსეთში ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, ყირიმის მიერთებით გამოწვეული საერთაშორისო რეზონანსის გამო, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ამ ნაბიჯზე ვერ წავა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები კი ჯერ თიბილოვის წარუმატებლობისა და ბიბილოვის გამარჯვების შესახებ მსჯელობენ. ოსი ბლოგერი ალან ფარასტაევი ფიქრობს, რომ ბიბილოვის პირველივე ტურში გამარჯვება ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, დამსახურებაა, რადგან მან საკუთარი ელექტორატი სწორედ ბიბილოვის სასარგებლოდ აამუშავა, როცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება თავად ვერ მოიპოვა. გარდა ამისა, ალან ფარასტაევის აზრით, ბიბილოვმა შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსული ფინანსური დახმარების მიმთვისებლებს მკაცრად დასჯის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას წამოიწყებს.

„ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა უფრო მეტად ლეონიდ თიბილოვის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თითქოს სტაბილურ სამხრეთ ოსეთში რეპრესიები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ მაინც გრძელდებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკაში სწორედ თიბილოვის მმართველობის წლებში გამოაცხადა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია, რადგან მათზე გამუდმებით მიმდინარეობდა ზეწოლა, საზღვარგარეთ სამოქალაქო დიალოგზე წასულ ადგილობრივ აქტივისტებს კი მოღალატეებს უწოდებდნენ.

რა სტრატეგია ექნება მესამე სექტორთან მიმართებით ანატოლი ბიბილოვს, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა ის რომ კრემლის მითითებებით იმოქმედებს, ეჭვი არავის ეპარება. ქართველი ანალიტიკოსების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან თიბილოვიც და ბიბილოვიც კრემლის მითითებების უსიტყვო შემსრულებლები არიან. კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორუფციასთან ბრძოლა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ ფინანსური ნაკადების ხელახლა გადანაწილება მოხდება. მისი აზრით, ბიბილოვი კვლავ გაააქტიურებს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თემას, მაგრამ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ახლა კრემლის ინტერესში ეს არ შედის, ყველაზე მთავარი კი აქ საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოსთან დაწყებული ნორმალიზების პროცესია.

ანატოლი ბიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების შემდეგ ოსურ და რუსულ მედიასთან პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ განაგრძობს მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG