Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი, სადაც ტვინები ფეთქდება


ხშირად მიჩნდება აზრი, რომ ლიტერატურამ ძალა დაკარგა, მწერლები, რაც არ უნდა გენიალურები იყვნენ, თავიანთი ფანტაზიითა და ფორმების ფლობის გასაოცარი უნარით მაინც რჩებიან ვიწრო (ან თუნდაც ფართო), მაგრამ მხოლოდ ლიტერატურულ მოვლენებად – სამყაროში თავიანთი ნაწერებით რყევებს ვეღარ იწვევენ, ქვას ვერ ხეთქავენ... მაგრამ, ეტყობა, მთლად ასე არაა: როგორც ჩანს, ლიტერატურას მუდამ აქვს იდუმალი ძალები და საჭირო მომენტში ამ ძალებს ავლენს ხოლმე. მწერალი, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ, სწორედ ის ფენომენია, რომელიც ახერხებს წეროს იმ ზღვარზე, სადაც მკითხველი იმავე მკითხველად ვეღარ დარჩება. რაც არ უნდა მყარად იყოს აგებული მისი შინაგანი კონსტრუქცია, ამ ავტორის ტექსტების წაკითხვის შემდეგ, მკითხველის კონსტრუქციაში აუცილებლად რაღაც შეიცვლება, გადაკეთდება... ამას ხანდახან კულტურულ შოკს უწოდებენ ხოლმე. რუსულენოვანი ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვა“ სულ ახლახან ითარგმნა და გამოიცა ქართულად, მაგრამ ჩემ ირგვლივ ვინც ამ წიგნს უკვე შეეხო, ყველას, ფაქტობრივად, ერთნაირი რეაქცია აქვს: ეს არაა რაღაც რიგითი, თუნდაც ბრწყინვალე წიგნი, ეს სხვა მოვლენაა, რომელიც განჯღრევს, ფიქრისა თუ ემოციების სულ სხვა კალაპოტში გაგდებს...

26 აპრილის ღამე... ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა...
სვეტლანა ალექსიევიჩი

უნდა აღინიშნოს, რომ „ჩერნობილის ლოცვა“, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს დახმარებით, გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ და მისი პრეზენტაცია გამიზნული იყო თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პირველსავე დღეს ავტორთან ერთად, რომელიც ფესტივალის მონაწილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფესტივალის დაწყების წინ სვეტლანა ალექსიევიჩი ავად გახდა და თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ცხადია, პრეზენტაცია მაინც შედგა და, რაც მთავარია, ეს წიგნი უკვე არსებობს ქართულად და მას უკვე ბევრი კითხულობს. წიგნსა და ავტორზე საუბარი ვთხოვე მთარგმნელ ნინო ბექიშვილს.

ნინო ბექიშვილი: სვეტლანა ალექსიევიჩი მუშაობს სრულიად განსაკუთრებული მეთოდით. ის რეალური ადამიანების რეალური ისტორიებისგან ქმნის თავის წიგნებს. მე, როგორც ჟურნალისტს, მიმუშავია ზეპირ ისტორიებზე და ჩამიწერია და ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ აქედან შეიძლებოდა ნამდვილი ლიტერატურის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ისტორიები იმ ადამიანებისა, რომელთაც შეეხო დიდი ტერორი 37 წლის და საკმაოდ მძაფრი და მტკივნეული ამბები იყო. ალექსიევიჩის მიგნება, ეს არის, მართლაც, მისი მიგნება, იმიტომ რომ ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ერთ-ერთი საშუალება და ფორმა, დიდი ხანია ისტორიოგრაფიაში გამოიყენება, მაგრამ ამისგან ლიტერატურა ჯერ არავის შეუქმნია – პირველი არის სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც ეს გააკეთა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ოსტატობა, რაც მის ნაწერებში ჩანს. ნამდვილად მწერლის ნამუშევარია და არა, ვთქვათ, ჟურნალისტის, რომელიც რაღაც მოზაიკას აწყობს.

ეს არ არის ცალკე წიგნი, ეს არის ხუთწიგნეულის ნაწილი და, როგორც ის ამბობს, ის იკვლევს „წითელ ადამიანს“, ანუ საბჭოთა ადამიანს. მწერალს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული კვლევის ობიექტი: რა მოსდიოდა საბჭოთა ადამიანს, როგორ განიცდიდა ის ყველაფერს... ალექსიევიჩი იმდენად რეალურ სურათს ხატავს საბჭოეთის, მე სხვაგან ასეთი ზუსტი და მრავალპლანიანი აღწერა საბჭოეთის, შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წიგნი წამიკითხავს, ვთქვათ, გულაგებზე. საბჭოეთის აბსურდის მთლიანი სურათი იხატება, იმიტომ რომ აქ არ არის აღწერილი მხოლოდ დანაშაულებები, არამედ აღწერილია ადამიანები ამ სისტემის შიგნით. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდის შედარება ქართულ სინამდვილესთან, იმიტომ რომ ეს არის 1986 წელი, და ნამდვილად დავინახე ის, რაც ქართულ კონტექსტს განასხვავებდა, ვთქვათ, უკრაინულისგან და რუსულისგან. აქ ყოველთვის იყო რაღაც სკეფსისი და აგდებული დამოკიდებულება პარტიის მიმართ, რაც ალექსიევიჩის ძალიან ბევრ პერსონაჟთან არ ჩანს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ალბათ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ რაკი მწერალი ჩერნობილის კატასტროფაზე წერს, ძალიანაც ბუნებრივია, რომ ტექსტი უკიდურესად მძაფრი და ტრავმული იყოს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არაა. ტრაგიკული ისტორიების შეგროვება და დახვავება არაა ალექსიევიჩის მთავარი მიზანი. იგი ცდილობს ის ახალი სამყარო გააანალიზოს, რომელიც ჩერნობილმა წარმოშვა და რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მომავლის სამყაროა“.​

სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი

„26 აპრილის ღამე... ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა...“ – წერს იგი. მთელ წიგნს გასდევს პარალელები ჩერნობილის სამყაროსა და ომის სამყაროს შორის, ვინაიდან ძალიან ბევრია გარეგნული მსგავსება: ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია, მოსახლეობის ევაკუაცია და ა.შ. მაგრამ სიღრმისეულად რომ უკვირდები, თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ჩერნობილი საფუძვლიანად განსხვავდება ომისაგან: ომის დროს ადამიანი იშენებს თავშესაფრებს და ბომბს იქ გაურბის, ჩერნობილში თავშესაფარს ვერ აიშენებ, რადიაციას ვერსად დაემალები. ომი ანგრევს გარემოს, ჩერნობილში არაფერი ინგრევა, ბუნებაც გარეგნულად ძველებურად ლამაზია და ყვავის; ომის დროს ადამიანი ერთ წამში კვდება, ჩერნობილში თანდათანობით... ომის დროს მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს უკითხავდნენ და ასწავლიდნენ კლასიკას და ეს ბავშვებისთვის მაინც გასაგები იყო, ახლა კი მასწავლებელი ხვდება, რომ პუშკინი, რომელიც მას მარადიული ეგონა, ჩერნობილელი ბავშვებისთვის უკვე აბსოლუტურად გაუგებარია. ის მათ ზეპირად უკითხავს პუშკინს, ბავშვები კი ცივი, უემოციო თვალებით უყურებენ. მათ ირგვლივ უკვე სხვა სამყაროა... ისინი უკვე სულ სხვანაირად ფიქრობენ. და არა მხოლოდ ბავშვები. თითქმის ყველა. და საერთოდ, იქ ყველა ინტენსიურ ფიქრს იწყებს. ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ჩერნობილმა ტვინი ამიფეთქა, ფიქრი დავიწყე“. აი, ამ სხვანაირი ფიქრის მორევში გვითრევს ალექსიევიჩი.

ნინო ბექიშვილი: საინტერესოა ისიც, როგორ არჩევს ალექსიევიჩი თავის პერსონაჟებს. ის ცდილობს, რომ, რაღაცნაირად, დიდი იყოს სპექტრი. ისინი ძალიან სხვადასხვანაირები არიან: აკადემიკოსიდან დაწყებული, უბრალო ბებიით დამთავრებული, რომელიც რაღაც მითოლოგიურ სამყაროში ცხოვრობს. ასევე გულანთებული კომუნისტები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთი დაინგრა, რაღაცნაირად იმ კონტექსტიდან ვერ გამოდიან, და ასევე სკეპტიკოსები, რომლებიც თავიდანვე ძალიან კრიტიკულად უყურებდნენ ამ ყველაფერს. ალექსიევიჩი იმასაც ძალიან გარკვევით ამბობს, რომ ის ლიკვიდატორები, რომლებიც პირველ ხანებში რეაქტორის თავზე მუშაობდნენ და რომელთა დიდმა უმრავლესობამ ძალიან ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე, ნამდვილად იყვნენ გმირები, და არც ისეთი უნებლიე გმირები არ ყოფილან: ამ ადამიანებმა, ყოველ შემთხვევაში, მათმა დიდმა უმრავლესობამ ეს იცოდა, მაგრამ უკან არ დაუხევიათ.

ძალიან კარგად აქვს ნაჩვენები ალექსიევიჩს, რომ უცებ ყველაფერი გამოუყენებლად იქცა ადამიანისთვის და ბუნება, რომელიც აქამდე იყო ასეთი დამყოლი და მეგობრული, მტრად იქცა. ამ წიგნში ყველაზე მძიმედ რაც გადავიტანე, იყო მონადირეების მონათხრობები – როგორ დადიოდნენ და ხოცავდნენ ცხოველებს, რომლებიც ადამიანებმა უკვე მიატოვეს, ძაღლები და კატები, ძირითადად, რომელთაც, რომ ხედავდნენ ადამიანს, უხაროდათ, და ესენი მიდიოდნენ და კლავდნენ, იმიტომ რომ იმ წუთას სხვა გამოსავალი, ალბათ, არ იყო.

ნინო ბექიშვილი
ნინო ბექიშვილი

თარგმანზე მუშაობის პროცესი ისე წავიდა, რომ მე, რაღაცნაირად, მალე მომიწია ამ წიგნის თარგმნა, და მე არც მეგონა, თუ იქ აღწერილი ამბები მუშაობის პროცესზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ რაღაც მომენტში ისე ცუდად გავხდი, რომ ჩემს მეგობარ ფსიქოლოგსაც კი დავურეკე. ვიფიქრე, რომ უკვე ვეღარ გავაგრძელებდი წიგნზე მუშაობას.

და მიუხედავად ყველაფრისა, ეს „მკვდარი ზონა“ ყველასთვის არაა მკვდარი. ზოგისთვის ის „თავისუფლების ზონაა“. ტაჯიკეთიდან თუ ყირგიზეთიდან ოჯახები გამორბიან და აქ სახლდებიან. მათ „თოფიანი კაცების“ ეშინიათ, იქ კი, რადიაციის ქვეშ, მშვიდად ცხოვრობენ. ჯარისკაცი, რომელსაც უფროსობა ამცირებდა, ასევე გამორბის და ჩერნობილის ზონას აფარებს თავს. დამნაშავეც იქ პოულობს უხიფათო ადგილს, სადაც საკუთარ შინაგან ხმას შეუძლია მიაყურადოს.

ერთი სიტყვით, ძალიან ამბივალენტურია ეს ზონა. მისთვის არც იუმორია უცხო. მართალია შავი, მაგრამ იუმორი. ანეკდოტები ჩერნობილზე სულ მუდამ იჭრება პერსონაჟთა მონათხრობებში. ადამიანები სულ მალე ახერხებენ დამღუპველი რადიაცია სახუმარო თემადაც აქციონ. ახერხებენ იმიტომ, რომ ისინი უკვე ახალ მოდგმას წარმოადგენენ.

„აქ აღარ აკეთებენ აქცენტს ასე: ბელარუსი ვარ, რუსი ან უკრაინელი. თავის თავს ყველა ჩერნობილელს უწოდებს: „ჩვენ ჩერნობილიდან ვართ“, მე ჩერნობილის ადამიანი ვარ. თითქოს, რაღაც ცალკე ხალხი ვიყოთ, ახალი ნაცია...“

სვეტლანა ალექსიევიჩი ამ ახალი ნაციის ცნობიერების ნაკადს გვაწვდის ყველაზე აბსურდული და ძნელად გასაანალიზებელი ქმედებების ფონზე: ამ 300-გვერდიან წიგნში სულ თხრიან დაბინძურებულ მიწას და მიწაში მარხავენ. მიწას მიწაში მარხავენ... მიწას მიწაში მარხავენ... ისევე როგორც ხეებს, ნივთებს, ადამიანებს... იმ ადამიანებს, რომლებიც ტანჯვა-წამებით კვდებიან და მაინც ხუმრობენ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG