Accessibility links

ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება და სქესის შერჩევის პრაქტიკა საქართველოში


არიან ოჯახები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გოგოს ყოლას ბიჭის ყოლა სჯობია- გვარის გამგრძელებელია, იმუშავებს, მშობლებს სიბერეში მოუვლის და ა.შ. ამგვარი შეხედულებები ხელს უწყობს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას და აბორტის გზით გოგოების მოცილებას. ამას ცხადყოფს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებული კვლევაც.

კვლევა „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“ მოიცავდა ოთხ რეგიონს: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

სქესის შერჩევის შესახებ ინფორმირებულობის დონე მაღალია ოთხივე გამოკითხულ რეგიონში, თუმცა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას. კვლევის შედეგიც შესაბამისია: სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა ამ რეგიონებში ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალია. იგულისხმება, რომ დაბადებული ბიჭების რაოდენობა მეტია გოგონების რიცხვზე. კვლევაში მითითებულია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა ბიოლოგიურ ნორმას (ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე) გაცილებით ნელა უახლოვდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.

კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში კი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის მიმართ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის თქმით, 2005 წლიდან ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია იკლებს.

„ამ კვლევის მიზანი იყო გაგვეგო ის შესაძლო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს დადებით ტენდენციაზე საქართველოში, რათა საქართველოს მაგალითი იყოს სანიმუშო იმ ქვეყნებისათვის, სადაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გავრცელებულია და ეს ფენომენი არსებობს.

კვლევის შედეგები არის ძალიან საინტერესო. გამოიკვეთა, რომ ქალთა ეკონომიკურმა გაძლიერებამ და ქალთა გაზრდილმა დასაქმებამ შეიძლება ძალიან დადებითი გავლენა იქონიოს სქესთა შორის დარღვეული ბალანსის გამოსწორებაზე, ვინაიდან ეს აძლიერებს ქალთა დამოუკიდებლობას. ასევე, ნათელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკის შესახებ. დადებითი ცვლილებები, გენდერული ნორმების თვალსაზრისით, დადებითი გავლენის მომხდენი იქნება სქესთა შორის ბალანსის აღდგენაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი უწყობს ხელს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას”.- ამბობს ლელა ბაქრაძე.

ფოკუს ჯგუფების, სიღრმისეული ინტერვიუებისა საფუძველზე გამოიკვეთა ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის გაუმჯობესებას:

  • ეკონომიკური ზრდა
  • სიღარიბის შემცირება
  • ქალების დასაქმების ზრდა (სოფლის მეურნეობის სექტორის მიღმა)
  • კაცების განათლების დონის ზრდა
  • სოციალურ-კულტურული და გენდერული ღირებულებების ტრანსფორმაცია

ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად საჭიროა ცნობიერების ამაღლება და კულტურული სტერეოტიპების ცვლილება, რომლებიც გოგონებს ვაჟებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან და ოჯახისათვის ნაკლებად ღირებულ პოზიციაში აყენებს. ამგვარი სტერეოტიპები ხშირად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების ძირეულ მიზეზს წარმოადგენს.

ძირითადი მიმართულება კი უნდა ეფუძნებოდეს სიღარიბის შემცირებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალების გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG