Accessibility links

დე ფაქტო მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - გალელებს ბინადრობის მოწმობის აღება მოუწევთ


ენგურის ხიდი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიიღო კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები ე.წ. „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, „დროებითი ბინადრის მოწმობა“ მიენიჭება უმეტესად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ დიდ ნაწილს არ გააჩნია ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის უქონლობის მიზეზით ეკრძალებოდათ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა მოწმობებს გასცემს, რათა აფხაზეთში მცხოვრებ, როგორც თავად მოიხსენიებენ, „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ მიეცეთ აფხაზეთში ცხოვრების, ასევე მის საზღვრებს გარეთ თავისუფლად გასვლისა და კვლავ შემოსვლის უფლება. ამ დოკუმენტით შესაძლებელი იქნება აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაც.

აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, რაიონებში ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ მიმდინარე კვირიდან დაიწყოს მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მიღება.

მიუხედავად ამისა, არ ვრცელდება ოფიციალური ცნობები იმაზე, თუ რა ვადით გაიცემა მოწმობა და რა ეღირება ის. ამის შესახებ არც გალელები არიან ინფორმირებულნი. ისინი მხოლოდ მწირ და არაოფიციალურ ცნობებს ფლობენ.

„ამბობენ, რომ ხუთწლიანი არისო. ერთი კვირის იქეთ გაღმა გასვლა არ შეგეძლება, უფრო მეტი თუ გინდა, საჭიროა ექიმის ცნობა, რომ მკურნალობდი და რაღაც. სავაჭრო მიზნით თუ გინდა, დღეს წახვალ და მობრუნდები იმ ვადაში“, - ამბობს გალელი რესპონდენტი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას.

მისივე სიტყვებით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად, გარდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა, საჭიროა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციიდან დასტურის ფურცელი, რომ მოქალაქე ნამდვილად გალის მცხოვრებია.

„აქ გამგებელს აქვს ჟურნალი და იქ უნდა იყო ჩაწერილი და მერე მოგცემენ ცნობას, რომელიც 500 რუბლი ღირს. სურათიანი და ბეჭედდარტყმული ცნობაა“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სიახლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ეს დაადასტურეს გალიდან ზუგდიდში გადმოსულმა მგზავრებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ენგურის ხიდზე ჩაწერა. აფხაზეთის მცხოვრებთა თქმით, მათი უფლებების დაცვის კუთხით „ბინადრობის მოწმობის“ აღების შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება:

„ჯერჯერობით არაფერი გამიგია და არ ვიცი“;

„კი, მსმენია. თბილისში არ სმენიათ? თბილისში არ იცის მინისტრმა? აქეთ რომ მოდიან მოლაპარაკებაზე, რაზე ილაპარაკებენ, ისიც კი იციან წინასწარ და... ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ვივლით ასე, სანამ სული გვიდგია“;

„არაფერი არ ვიცი“;

„ჯერ არაფერი არ გამიგია ამაზე“, აცხადებენ რესპონდენტები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თბილისი ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ მობილიზებას მიაღწიოს:

„ამის ერთ-ერთი დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ. რეზოლუციაში საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეფასებული იქნას ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოხდეს თითოეული მცხოვრების უფლების დაცვა, განსაკუთრებით შეიზღუდოს ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც დღეს ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG