Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის 8 თვის შესრულების შედეგები


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კვლავ ბიუჯეტის გადაჭარბებულ შესრულებაზე ლაპარაკობს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიმდინარე წლის 8 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66 % და 9 თვის გეგმის 89 %-ია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 11 %-ით აღემატება.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება და 9 თვის გეგმის 87 %-ია.

ამავე ანგარიშის თანახმად, იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი, 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე დახარჯულია 900 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს. ფონდიდან, დღეის მდგომარეობით, გამოყოფილია 390 მილიონი ლარი.
მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2015 წლის ზაფხულში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებლად და წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ საკმაოდ სერიოზული სამუშაოები იქნა დაფინანსებული, საბიუჯეტო ხარჯების მაჩვენებლების შედარებით მაღალი ნიშნული გასაგები ხდება.

ამას გარდა, ხარჯებსა და შემოსავლების სტრუქტურაზე უდავოდ მოახდინა ზეგავლენა ლარის კურსმა.

მაგალითად, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯამში, 255,9 მილიონი ლარის გრანტის მიღება იყო დაგეგმილი. პირველ კვარტალში წლიურად მისაღები გრანტებიდან სულ მეხუთედი, დაახლოებით, 20 პროცენტი იყო მისაღები. დაგეგმილ და რეალურ კურსებს შორის წლის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა ცვლილება, რადგან ლარის კურსი უკვე მაშინ იყო 1 დოლარი 2 ლართან ფარგლებში.

ამასთან, გრანტების უმეტესობა წლის მეორე ნახევარში იყო მისაღები. პირველ და მეორე კვარტალში, ჯამში, მისაღები იყო 35 პროცენტის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი - მესამე და მეოთხე კვარტალში. ამ დროს კი,მესამე კვარტალშიკურსი უკვე 1 დოლარი 2,25-ის ფარგლებს ასცდა.

მაგალითად, სექტემბერში შემოსავლებში მისაღებ ყველა 180 ლარზე საშუალოდ, დაახლოებით, 60-64 ლარით მეტი თანხა, ანუ თითქმის 30 პროცენტით მეტი, შემოვიდა.

შესაბამისად, გაიზარდა ვალების მომსახურების თანხები. ამან, ცხადია, გაზარდა შემოსავლის და ხარჯვის მაჩვენებელიც.

ამიტომ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის დეტალურად გაანალიზების გარეშე საკმაოდ ძნელი სათქმელია, შესრულებისა და ხარჯვის მაღალი მაჩვენებლები ძირითადად სწორედ კურსზე და ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებზე მოდის თუ რეალურად გვაქვს ზრდა. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა:2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 7.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 0.6 მილიარდით აღემატება, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, დოლარში გამოსახული მშპ $658 მილიონით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5 % შეადგინა, რაც, 2014 წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG