Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ზუგდიდსა და თემში მუშაობა დაიწყო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე


ბიუჯეტზე მუშაობა ზუგდიდის საკრებულოში
ბიუჯეტზე მუშაობა ზუგდიდის საკრებულოში

ქალაქ ზუგდიდისა და თემის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის მისაღებად საჭირო პროცედურები დაიწყო.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი თოდუას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური, ჯანდაცვის პრიორიტეტები, აქტუალური, მოსახლეობისთვის საჭირო საკითხები. მისი თქმით, აქვთ ათდღიანი ვადა საიმისოდ, რომ მოამზადონ რეკომენდაციები მერიისთვის წარსადგენად.

„საკრებულოს თითოეული წევრი არის მზად ჩართული იყოს ამ პროცესში. ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, იყვნენ აქტიურები. გარდა იმისა, რომ გვექნება პრეზენტაციები ბიუჯეტში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე იქნება შესაძლებელი გაფართოებულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა განხილვებში“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად ასახულია მოსახლეობის საჭიროებები, თუმცა მოისმენენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც შემოვა აღმასრულებელ ორგანოში.

ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდელებს 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს. ფრაქციის წევრ ანა წითლიძის თქმით, მზად არიან მიიღონ მოსახლეობის მხრიდან შენიშვნები, რომელსაც წარმოადგენენ საკრებულოში:

„ფრაქციაში განხილვის შემდეგ, ფრაქცია უკვე შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის მიღებამდე. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურობისკენ“.

ქალაქის საკრებულოს პარალელურად მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო თემშიც. ამასთან, საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებიც შეიტანა. ცვლილებები შევიდა როგორც საშემოსავლო, ისე გადასახადების ნაწილში. შემცირდა ბიუჯეტი ბუნებრივი რესურსების, სანებართვო, სათამაშო, დასუფთავებისა და ჯარიმებიდან შემოსულობების ნაწილში.

385 ათასი ლარით შემცირდა ბიუჯეტი ცალკეული ღონისძიებებისა და პროგრამებისთვის გათვალისწინებულ ნაწილშიც - მათ შორის, სარეზერვო ფონდი, საკრებულოს და გამგეობის შესანახი ხარჯები, გზების, ხიდების რეკონსტრუქციის ხარჯები, სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობის, გარე განათების ხარჯები და სოციალური, კულტურული ღონისძიებების ხარჯები.

შემცირების შედეგად მიღებული 385 ათასი ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად:

„60 ათასი ლარი გადავიდა ააიპ „კეთილმოწყობის“ ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებებისთვის, 200 ათასი ლარი - ააიპ „საფეხბურთო კლუბ ოდიში 1919-ის“ ხელშეწყობისთვის. აქ დავალიანება იყო სახელფასო და აუცილებელი გახდა თანხის გადარიცხვა. 20 ათასი ლარი - ააიპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ სუბსიდირებისთვის, 105 ათასი ლარი - სამედიცინო დახმარების პროგრამისთვის“, - განაცხადა თემის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.

მან სხდომაზე დეპუტატებს აცნობა ასევე, რომ უკვე მიიღეს ოფიციალური დასტური ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომ გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებული გახდა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია. შესაბამისად, მან ახალ თანამდებობაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. როგორც მაიზერ ნანავამ განმარტა, ახალი გამგებელი მუშაობას 21 ნოემბრიდან შეუდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG