Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაისჯებიან ბიზნესმენთა მჩაგვრელები?


სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბიზნესმენებისა და მათი საკუთრების უფლების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს ფაქტები, რომელთა გამომზეურებაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუკი დაზარალებულებს მოვუსმენთ, პროცესში ხშირად სახელმწიფო მოხელეები იყვნენ ჩართული. ზეწოლის ფაქტი 12 ოქტომბერს მედიაკავშირ ”ობიექტივის” სატელევიზიო ეთერში უკანონო პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემაც აღიარა და თითი მთავარი პროკურორისკენ გაიშვირა. როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა ქვეყანაში?

ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის მონათხრობის მიხედვით, ზაფხულის ერთ გვიან საღამოს წინადადებით მას თავად მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მიმართა და ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმის - ”გამას” - დირექტორობა შესთავაზა. ამ ფირმის ინკოგნიტო დამფუძნებლები ყავლაშვილს არასოდეს უნახავს და დაგვიანებით შეიტყო, რომ მისი დირექტორად დანიშვნის მომენტისთვის ”გამას” ონლაინ აუქციონზე უკვე ნაყიდი ჰქონდა შპს „ბურჯის“ დაყადაღებული ქონება. თუმცა, რადგანაც დაახლოებით 9 მილიონი ლარის გადახდის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ უნახავს, ყავლაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ თანხა არც არავის გადაუხდია. როგორც მან 12 ოქტომბერს მედიაკავშირ ”ობიექტივის” ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, შემდეგი მითითება მან ისევ მთავარი პროკურორისგან მიიღო:

”ამ კომპანიის საქმიანობის საგანი უნდა ყოფილიყო ამ აუქციონის შედეგად შეძენილი ქონების რეალიზაცია.”

ადვოკატის ამ ბრალდებებს არ გამოხმაურებია თავად მურთაზ ზოდელავა, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, მთავარი პროკურორი მათ სრულ აბსურდად მიიჩნევს.

ადვოკატ ყავლაშვილის მონათხრობს თუ დავუბრუნდებით, მთავარ პროკურორს მასთან ურთიერთობაში არც ძალადობისთვის მიუმართავს და არც მუქარისთვის, მაგრამ ურთიერთობა იმგვარი ფორმატისა იყო, რომ მან უარის თქმა ვერ გაბედა. გიორგი ყავლაშვილი საკუთარ თავს ”მსხვერპლად” მიიჩნევს, თუმცა მისი სახელი ბოლო პერიოდში ფიგურირებდა არაერთ ისეთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბევრისთვის აშკარად იკვეთებოდა სახელისუფლებო წრეების ინტერესები.
ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ის, რაც ამათ გააკეთეს - ”ბურჯის” ქონების წართმევა - შეუძლებელი იქნებოდა. მარტო ზოდელავა არა, ხელისუფლების სხვა სტრუქტურებიც იქნება ამ საქმეში ჩართული ...
ნოე ქინქლაძე

როგორც ყავლაშვილი ამბობს, მისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ”ბურჯთან” დაკავშირებული პროცესები ქვეყანაში გაჩაღებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყო და რომ ამით ხელისუფლება ”ქართულ ოცნებას” უპირისპირდებოდა. ამ აზრის გასამყარებლად ადვოკატს ის ფაქტი მოჰყავს, რომ პირვანდელი მდგომარეობა თითქმის აღდგენილია და ქონება ამჟამად კვლავ შპს ”ბურჯის” სათვალავზე ირიცხება. ადვოკატისთვის ცხადია, რომ ვითარების ასეთი შემობრუნება 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგმა გამოიწვია.

საჯარო რეესტრთან დაკავშირებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად შპს ”ბურჯის” დირექტორმა ნოე ქინქლაძემაც დაუდასტურა, თუმცა, მისი ცნობით, კუთვნილი ავტომობილების გარკვეული ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ამასთან, როგორც თავად აღნიშნავს, ბიზნესმენს ჯერჯერობით არ ეძლევა დაყადაღებული ქონების განკარგვის უფლება. გავიხსენოთ, რომ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 26 ივლისს გაიტანა, რადგანაც კომპანიამ ვერ გადაიხადა პარტიების უკანონოდ დაფინანსების მოტივით მასზე დაკისრებული ჯარიმა, დაახლოებით 12 მილიონი ლარის ოდენობით.

ადვოკატ ყავლაშვილის მონათხრობი ნოე ქინქლაძეს არ გაჰკვირვებია, რადგანაც მისთვის ყოველთვის ნათელი იყო პროცესში ხელისუფლების ინტერესების არსებობა და ”ბურჯთან” ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი:

”ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ის, რაც ამათ გააკეთეს - ”ბურჯის” ქონების წართმევა - შეუძლებელი იქნებოდა. მარტო ზოდელავა არა, ხელისუფლების სხვა სტრუქტურებიც იქნება ამ საქმეში ჩართული... შემიძლია გითხრათ, რომ 725 კაცი დარჩა უმუშევარი კომპანიის დაყადაღების შემდეგ. მე დღეს, ფაქტობრივად, არავინ მყავს, ვარ დირექტორი და ბუღალტერი.”
ბევრი გვსაყვედურობს - რატომ არ კეტავთ საზღვრებს, რატომ არ აპატიმრებთ ქურდობაში ეჭვმიტანილ ხალხსო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არ არის გამოძიება დაწყებული, არ არის მტკიცებულებები შეგროვებული და არ გვინდა სამართალს ავხადოთ ნამუსი ...
ზაქარია ქუცნაშვილი

ნოე ქინქლაძეს, სხვა არაერთი ბიზნესმენის მსგავსად, იმედი აქვს, რომ მისი კომპანიის რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კვალდაკვალ. თავისუფალი სასამართლოს იმედი აქვს ბიზნესმენ ზაზა სიორიძესაც, რომლის თქმითაც, მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეპრესიული მანქანა მას შემდეგ აამოქმედა, რაც უარი მიიღო ტელეკომპანია ”გურიის” ნებაყოფლობით დათმობაზე.

”ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაწესდა ფინანსური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მთელი ქონების - უძრავ-მოძრავი ქონების, ბიზნესის დაყადაღებას; ასევე დაყადაღებულ იქნა ჩვენი პირადი ანგარიშებიც - ჩემი, ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის, ჩემი სიძის.”

სიორიძის თქმით, ამ უკანონო პროცესში ჩართული იყო გურიის ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც ტელეკომპანია, არჩევნების შემდეგ, თავისით დაუბრუნა მფლობელს.

ყველა დამნაშავე დაისჯება და სამართლიანობა აღდგება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - წარმომადგენელი, მომავალი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. თუმცა ამისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ:

”ბევრი გვსაყვედურობს - რატომ არ კეტავთ საზღვრებს, რატომ არ აპატიმრებთ ქურდობაში ეჭვმიტანილ ხალხსო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არ არის გამოძიება დაწყებული, არ არის მტკიცებულებები შეგროვებული და არ გვინდა სამართალს ავხადოთ ნამუსი. სამართალი, შეიძლება ნელა, მაგრამ მაინც მივა იმ ადამიანების კარებამდე, ვინც დაიჩაგრა უსამართლოდ და იმ ადამიანის კარებამდეც, ვინც იყო მჩაგვრელი ამ წლების განმავლობაში.”

ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ, თავისუფალი სასამართლოს მიერ შესაბამისი ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეებს ქვეყნიდან გაქცევა ნამდვილად ვერ უშველით და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფოს შესაძლოა მოუწიოს კომპენსაციების გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც ერთ დროს ასევე სახელმწიფომ დაჩაგრა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG