Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდემდე უნდა გვჭამდეს მახვილი?


ქართული არმიის დღე, 30 აპრილი, სპონტანურად მოგონილი თარიღია. იგი, სხვა ქვეყნებში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, არ უკავშირდება არც ცალკეულ წარმატებულ სამხედრო ოპერაციას, არც რომელიმე ისტორიული ბრძოლის მოგებას, არც მონარქის დაბადებას ანდა რომელიმე წმინდანის, მაგალითად, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, როგორც ბულგარეთშია. თუმცა ქართული არმიის დღე არ არის შინაარსისაგან დაცლილი. პირიქით, 18 წლის წინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგია საქართველოს შეიარაღებული ძალების დღის შემოღებაზე მსჯელობდა, იმ დროისათვის ყველაზე ოპტიმალური, ერთგვარად გამაერთიანებელი თარიღი გამოიძებნა: დამოუკიდებელ საქართველოს სამხედრო ძალებში - ეროვნულ გვარდიაში - პირველი გაწვევის დღე, გაწვევისა, რომელიც, ზვიად გამსახურდიას მთავრობის დადგენილებით, სწორედ 1991 წლის აპრილში გამოცხადდა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორგანიზებულად და ამაღლებულად ჩატარდა.

სამხედრო გაწვევას მალევე მოჰყვა ახლად დაკომპლქტებული ეროვნული გვარდიის 1991 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმი თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც ერთად იდგნენ ყველანი, პოლიტიკოსებიც და სამხედროებიც, რომლებიც ძალიან მალე, სულ რაღაც ხუთ თვეში, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს თბილისის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის თუ ფოთის ქუჩებში; რომლებსაც ურთიერთშუღლი, გაუტანლობა და ძველი წყენა ვერც აფხაზეთში მიმდინარე საშინელმა ომმა დაავიწყა და სოხუმის დაცემის შემდეგ ისევ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ საკუთარი სიმართლით, დროშით და საკუთარი სარდლებით.

ამ ტრაგედიიდან, ამ ძმათამკვლელი დაპირისპირებიდან ძალიან ცოტა დრო, სულ რაღაც ორი წელი იყო გასული, ციხეები გავსებული იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედროებითა და პოლიტიკოსებით და, ერთი შეხედვით, ცინიკური და სასტიკიც კი ჩანდა არმიის დღესასწაულის თარიღის მიბმა სამხედრო გაწვევასთან, გამაერთიანებელ იდეასთან, რომლიდანაც თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. დიახ, ეს მართლაც ასე იქნებოდა, რომ ქართული არმიის თარიღის ინიციატორები ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც, მათი საქმიანობის წესიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს საეჭვო პოლიტიკურ თამაშებში სამხედროების გამოყენება და შემდეგ გაწირვა.

მაგრამ 18 წლის წინ ეს იდეა თავად სამხედროებისგან წამოვიდა, ადამიანებისგან, რომლებიც დაიღალნენ ერთმანეთთან ქიშპით, ბრძოლით, მახვილის ქნევით.

დიდი ძალისხმევის შემდეგ პირველი შერიგება შედგა. 1995 წლის 30 აპრილს შეიარაღებული ძალების პირველი დღესასწაულის აღსანიშნავად ოფიცერთა სახლის დარბაზში, დელისის მეტროსთან, ის ოფიცრებიც მოვიდნენ, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ერთგულნი რჩებოდნენ და „პუტჩისტებს“ ეძახდნენ ედუარდ შევარდნაძის ლოიალურ ჯარისკაცებს. მოგვიანებით იმდროინდელი სამხედრო ხელმძღვანელობის ინიციატივით დაიწყო იმ სამხედროების შემორიგება, რომლებიც არ იყვნენ მხილებულნი მძიმე დანაშულში და ზვიად გამსახურდიას დამარცხების შემდეგ ან ციხეში იმყოფებოდნენ, ან ტყეში, ანდა დევნილობაში.

თუმცა შემორიგების კომპანია პოლიტიკური ქიმერა აღმოჩნდა - ჩემი აზრით, არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იყო, არამედ ეს ხელს არ აძლევდა იმდროინდელ პოლიტიკას.

ცხადია, არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ მცირე თუ დიდი მასშტაბის, გამოძიებულ თუ გამოუძიებელ, ნაპატიებ თუ სასტიკად აღკვეთილ, საეჭვო თუ უეჭველ სამხედრო ამბოხსა თუ მღელვარებაში მონაწილე სამხედროები „მამა აბრამის ბატკნებად“ წარმოვაჩინო.

„როდემდე უნდა გვჭამდეს მახვილი?“ - წერია მეფეთა წიგნში. ღრმად სიმბოლურია ეს ბიბლიური სიბრძნე. ქართველი სამხედროები, რომლებიც ბოლო ხანს სხვადასხვა ისტორიაში აღმოჩნდნენ გარეულები, ამ შეკითხვას თითქმის არასოდეს უსვამდნენ საკუთარ თავს.

არადა, ვიდრე მახვილს შეეჭმევინებოდეს, ადამიანს სხვა რამ ჭამს და ღრღნის. საქართველოს არმიის შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური ვირუსი, რომელიც, უხილავი ძალის თუ შემთხვევის წყალობით, ყველაზე მძლავრად მაშინ იჩენდა თავს, როცა საქართველოში უსაფრთხოების გარემო მკვეთრად უარესდებოდა.

გავიხსენოთ 1998 წლის ოქტომბრის აკაკი ელიავას ამბოხი სენაკის სამხედრო ბაზაში და გამოლაშქრება ქუთაისზე. ამან გადაფარა 1998 წლის მაისის ტრაგიკული მოვლენები გალის რაიონში, თბილისის მაღალ კაბინეტებში დაგეგმილი „პოლიტიკური მარულა“, რომელიც ქართული არმიის ძლევამოსილი გამარჯვებით და გალის განთავისუფლებით უნდა დასრულებულიყო.

2001 წლის აგვისტოში „მუხროვანის ამბოხი“ მოხდა. 2002 წელს კი, ზუსტად ერთი წლის თავზე, პროტესტის ნიშნად, კოჯრის სპეცდანიშნულების ელიტური ნაწილის ოფიცრებმა დატოვეს არმიის რიგები. ამის გამო შეიარაღებულ ძალებს ძალიან შეელახა იმიჯი. სოციალურად დაუცველი და ამბოხების პოლიტიკური ბაცილით დაავადებული არმია დაცინვის ობიექტად იქცა, ხოლო მისმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ექსკლუზიურად ევალა კოდორის ხეობის კონტროლი, ვერც კი გაიგო, თუ როგორ გადავიდა რუსლან გელაევის ასობით მეომარი პანკისის ხეობიდან ზემო სვანეთში და როგორ ჩაება შეტაკებაში აფხაზურ შეიარაღებულ ძალებთან.

ამ ისტორიების გათვალისწინებით, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ არმიაში დეპოლიტიზების, ანუ არმიის პოლიტიკური ვირუსისგან განკურნების, პროცესი მკაცრად თერაპიის თანხლებით წარიმართა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მარცხის შემდეგ კვლავ არმია აღმოჩნდა „განტევების ვაცის“ როლში. 2009 წლის მაისში ქართული სამხედრო მღელვარების აკვანში - მუხროვანში - კვლავ მოხდა ამბოხება. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მკაცრად გაუსწორდა მეამბოხეებს და არმიაში მორიგი საკადრო წმენდა ჩაატარა „პოლიტიკური ვირუსის“ ამოსაძირკვად.

ამ მოვლენების დეტალური აღწერისა და კონკრეტული გვარების ჩამოთვლისაგან თავს ვიკავებ. ეს ყველაფერი საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა და ყველამ ყველაფერი იცის. ოღონდ ახლა, როცა დღესასწაულის ფამფარების ხმა ჯერ კიდევ ისმის და არმიამ თავისი მორიგი დაბადების დღე ფართოდ აღნიშნა, ჩვენ, მის გულშემატკივრებს, არ გვაწყენს დავუსვათ საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა: ყველას დღესასწაულია ეს თუ ისევ გვჭამს მახვილი?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG