Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიუჯეტი იზრდება


საქართველოს მთავრობამ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტი მოამზადა, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონი ლარით იზრდება და, შესაბამისად, იცვლება საბიუჯეტო ხარჯებიც. მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილება ეკონომიკის ნავარაუდევზე მეტად ზრდამ გამოიწვია. ბიუჯეტში შესული ნამატი თანხები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

საქართველოს ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილების შემდეგ მისი მოცულობა 8 მილიარდ ლარს დაახლოებით 100 მილიონი ლარით გადააჭარბებს. მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ცდილობენ, საქართველოს მთავრობა მათ გაზრდას ეკონომიკის ნავარაუდევზე მეტად განვითარებას უმადლის.

2012 წლის ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცებისას მთავრობა პროგნოზირებდა, რომ ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდებოდა, მიმდინარე წლის განვლილმა თვეებმა კი აჩვენა, რომ ზრდა ნავარაუდევზე 1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა:

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გამოდის 3600 დოლარამდე. მინდა გავიხსენოთ, რომ ეს არის დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2003 წელს ...
ნიკა გილაური
„ბოლო კვარტალის ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა შეგვიძლია 5%-დან 6%-ზე. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, თუმცა დეფლატორი მოდის 6%-დან 5%-ზე, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება 6%-დან 5%-მდე. ჯამში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრება 26 მლრდ 967 მლნ ლარით. დაახლოებით 27 მლრდ ლარზეა ლაპარაკი. დღევანდელი გაცვლითი კურსით რომ დავთვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გამოდის 3600 დოლარამდე. მინდა გავიხსენოთ, რომ ეს არის დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2003 წელს. ეს იყო მაშინ დაახლოებით 900 დოლარი.“

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას ძირითადად ორი მიზეზი აქვს - ესაა დაგეგმილზე მეტი გრანტების მიღება და ლიცენზიების გაცემიდან მიღებული შემოსავლების მატება. ამ ტენდენციის გამო ბიუჯეტის ცვლილება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა და პარლამენტს გადაეცა. მაგრამ მოულოდნელად მას დაემატა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან 4 მაისს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა:

პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან
პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან
„ვინაიდან სტუდენტებისთვის ბევრი ხარჯია სხვა და სტუდენტს ჯერაც არ აქვს შემოსავალი, ჩვენ გთავაზობთ ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევას. სექტემბრიდან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი იქნება დაზღვეული - ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები. ამ პროექტის პარალელურად, დაზღვეულთა შემდეგი კატეგორია სტუდენტობა იქნება.“

პრეზიდენტის ეს ინიციატივა კიდევ უფრო ზრდის ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებს, რაც მილიარდ-ნახევარ ლარს აღემატება. მიუხედავად პენსიებსა თუ ჯანმრთელობის დაზღვევაზე დახარჯული თანხების მოცულობისა, საპარლამენტო ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა და უფრო მეტ სოციალურ ხარჯებს მოითხოვს.

მაგალითად, ”ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საქართველოს რეალობას არ შეესაბამება:

”ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ ჰგავს იმ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რომლის ყოველი მეორე მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმაა. ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი შიმშილობს. აქ კი ჭარბობს გასართობი პროგრამების, შადრევნებისა და მსგავსი ტიპის ხარჯების დაფინანსება.”

ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ახლაც უფრო მეტ სოციალურ ხარჯებს მოითხოვენ, მაგრამ ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი საერთოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ემხრობა. მათი აზრით, ბიუჯეტის ზრდა ზრდის სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე სტაბილურობას. ამ მიმართულებით ევროპული გამოცდილების თაობაზე 9 მაისს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ევროპის ბევრი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და ზოგიერთი მათგანი დეფოლტის საფრთხის წინაშეც დგას. ეს პრობლემები კი საბიუჯეტო ხარჯებისა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდის შედეგია.

სოციალური ხარჯები არის ფული, რომელიც გაიფლანგება და რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია. თუმცა რაც უფრო ნაკლები იქნება მთავრობის ხარჯები, მით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკის ზრდა ...
ზურაბ ჯაფარიძე
ბულგარეთში დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლის დოქტორ კრასენ სტანჩევის განცხადებით, მართალია, საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მან არ უნდა გაიმეოროს ევროკავშირის ქვეყნების შეცდომები.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის კონფერენციის კიდევ ერთ მონაწილეს, ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის წარმომადგენელს დოქტორ ბარბარა კოლმს საკუთარი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს. მისი განცხადებით, ავსტრიაში სახელმწიფო ხარჯების ზრდის გამო ქვეყნის მოსახლეობა იძულებულია წლის მანძილზე 210 დღე მხოლოდ იმისთვის იმუშაოს, რომ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული გადასახადები გაისტუმროს. ამ და სხვა მსგავსი შემთხვევებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ქართველი ეკონომისტების ნაწილი ხარჯების შემცირებას ურჩევს. მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძეც:

„თუ საერთოდ რაღაც ხარჯები უნდა გაიღონ და არჩევანი არის გასაკეთებელი, ცხადია, ჯობია ისევ ინფრასტრუქტურაზე გაიღონ ხარჯები, ვიდრე ეს ხარჯები წავიდეს სოციალურ სფეროზე, რადგან ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები მეტ-ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს ინვესტიციად ეკონომიკაში, მაშინ როდესაც სოციალური ხარჯები არის ფული, რომელიც გაიფლანგება და რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია. თუმცა რაც უფრო ნაკლები იქნება მთავრობის ხარჯები, მით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკის ზრდა.”

საქართველოში, ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულ მოსახლეზე 3600 აშშ დოლარს მიაღწია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უფრო მაღალი ზრდა ესაჭიროება, რადგან ამჟამინდელი ტემპის პირობებში ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს საქართველო მხოლოდ 50 წლის შემდეგ მიაღწევს.
XS
SM
MD
LG