Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით სამხედრო მონაწილეობს ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ძებნის ოპერაციაში


შავ ზღვაში ფართოვდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს წყალში ჩავარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებისა და დაღუპულთა გვამების მოძიებას. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი 10 ცხედარი ორშაბათს სოჭიდან მოსკოვში გადაასვენეს. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო უწყების კუთვნილ თვითმფრინავ ტუ-154-ის ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა სახელდება.

რუსეთში საყოველთაო გლოვაა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო. გაუქმებულია ყველა საზეიმო ღონისძიება. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92 ადამიანი, მათ შორის, ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 68 წევრი. ისინი სირიის ხმეინის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისათვის საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიეშურებოდნენ.

„მთლიანობაში, ანსამბლი 285 კაცს აერთიანებს და ამ ფონზე დანაკარგი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავებთ ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად. ანსამბლი გააგრძელებს არსებობას“, - განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა.

დაღუპულთა შორისაა ფონდ „სამართლიანი დახმარების“ ხელმძღვანელი, ელიზავეტა გლინკა, იგივე ექიმი ლიზა. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი 10 ცხედარი ორშაბათს სოჭიდან მოსკოვში გადაასვენეს.

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ლოცვაში მწუხარება გამოხატა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

„გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ შავ ზღავში რუსეთის თვითმფრინავის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ტრაგიკული ცნობის გამო. დაე, უფალმა მიაგოს სიმშვიდე ძვირფას რუს ხალხს და თვითმფრინავში მყოფი მგზავრების - ჟურნალისტების, ეკიპაჟის წევრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების მშვენიერი ორკესტრისა და ანსამბლის ოჯახის წევრებს. წმინდა ქალწული მარიამი შეეწიოს იმ სამაშველო ოპერაციას, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება“, - განაცხადა რომის პაპმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს 1 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. იუწყებიან, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებს მოძებნიან აფხაზეთში, რადგან ვარაუდობენ, რომ ფრაგმენტები შეეძლო დინებას წაეღო. რუსეთის ავიაციის ხელმძღვანელმა და სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ნერადკომ კვირას განაცხადა, რომ ტუ-154 ტიპის თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციაში აღარ გამოიყენება და მათ ექსპლუატაციას მხოლოდ სამხედრო უწყებაში ეწევიან. რუსეთის არმიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სერგეი ბანეიტოვმა განაცხადა, რომ გაფრენის წინ თვითმფრინავი გამართული იყო, ხოლო ეკიპაჟის მეთაურს, პირველი კლასის სამხედრო მფრინავ რომან ვოლკოვს, არაერთი რეისი ჰქონდა განხორციელებული სირიაში.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავ ტუ-154-ის ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა სახელდება. განიხილება ტერაქტის ვერსია, თუმცა იგი არ მიიჩნევა პრიორიტეტულად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG