Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნები პოლონეთის საზღვართან


ტერესპოლის რკინიგზის სადგური
ტერესპოლის რკინიგზის სადგური

ასობით ჩეჩენი გაურბის უცხო ქვეყნებში რესპუბლიკის კრემლის მიმდევარი მთავრობის რეპრესიებს. მათი ნაწილი ცდილობს, ბელორუსიის გავლით პოლონეთში გადავიდეს, იმ იმედით, რომ იქ ლტოლვილის სტატუსს მიიღებს.

ბრესტთან სულ ახლოსაა საზღვარი. მდინარე ბუგის მეორე მხარეს პოლონეთია, ტერესპოლი. ბრესტსა და ტერესპოლს შორის მოძრავ მატარებელს ადრე სამი ვაგონი ჰყოფნიდა, ახლა რიცხვი რვამდე გაიზარდა. 32 წლის მაგომედ კადიროვი მათ რიცხვშია, ვინც ჩეჩნეთის რეჟიმს გაექცა:

„ეს უნდა ნახოთ, რომ დაიჯეროთ. არ იცი, ვის ენდო, ვის მიმართო. მესაზღვრეები არ გვისმენენ. ბევრია საზღვრის გადაკვეთის მსურველი. ამას წინათ 700 ადამიანი შეგროვდა. ბრესტიდან საზღვრამდე მატარებელს შვიდი თუ რვა ვაგონი აქვს და მუდამ გაჭედილია. ხალხი სულ უფრო და უფრო ემატება“.

მაგომედ კადიროვი არ ენათესავება ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვს. ის სხვებთან ერთად იმის იმედად იყო, რომ პოლონეთში მოხვდებოდა, მაგრამ მანამდე დიდი წვალება გაიარა იმის გამოც, რომ თან შვილები ახლავს:

„ჩვენ 14-ნი ვართ: ჩემი ოჯახიდან 8 სული და ჩემი დის ოჯახიდან კი - შვიდი. ზოგიერთმა უკვე ათჯერ სცადა საზღვრის გადაკვეთა, სხვებმა - 15-ჯერ. წარმოიდგინეთ, როგორ ვწვალობთ“, ამბობს კადიროვი, რომელმაც, სხვებისგან განსხვავებით, ვინაობა არ დამალა.

ამბობენ, რომ დღეს ოთხმა თუ ხუთმა ოჯახმა გადალახა საზღვარი. თან, რაღაც ახალი ხდება: ხალხში გაერივნენ ვიღაც უცნობები, ადვოკატები ვართ და საზღვრის გადაკვეთაში დაგეხმარებითო, ეუბნებიან ხალხს და მათგან ფულს იღებენ...
მაგომედ კადიროვი

კადიროვის თანამემამულე, რომელიც ჩვენს კოლეგებთან თავის გვარსა და სახელს არ ამხელს, იმაზე ჰყვება, თუ რატომ გაურბის ხალხი ჩეჩნეთს: ჩვენს ქვეყანაში მოხელეები კანონს არ აღიარებენ, ისე მოქმედებენ, როგორც ბანდიტებიო, ამბობს. ვითარება უარესდება. ხალხი დაშინებულია. ამან გაზარდა ასე ლტოლვილების რიცხვიო.

2004 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისას, რუსეთის 70 ათასმა მოქალაქემ მიმართა პოლონეთის ხელისუფალთ თავშესაფრის თხოვნით. ეს მონაცემი პოლონეთის საიმიგრაციო სამსახურს ეკუთვნის. მათი უმეტესობა ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო. მიგრანტთა ბოლო დიდ ტალღა 2013 წელს წამოვიდა ჩეჩნეთიდან. მაშინ იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს, 13 ათასი იყო. მაგომედ კადიროვმა აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მშობლიური კუთხე, ტერკიისკის რაიონი. მაგომედი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და ათი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაპატიმრებული, სცემდნენ და ცდილობდნენ ამ გზით მიეღოთ მისგან ინფორმაცია ნათესავზე, რომელიც ჩეჩნეთის რეჟიმს იარაღით ებრძვის. როცა გაუშვეს, მაგომედმა ყველაფერი გაყიდა და თავის ცოლ ზაინარსა და ექვს შვილთან ერთად ბრესტში ჩავიდა. მისი ამბავი ბევრი იმ ჩეჩენის ისტორიას ჰგავს, ბელორუსიის ამავე ქალაქში რომ იმყოფება და პოლონეთში მოხვედრას ლამობს. დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ბევრის მცდელობა წარუმატებელი რჩება, ამიტომ იქვე უწევთ, პოლონეთში გაღწევის შანსის მოლოდინში, ბინების დაქირავება:

„ჩვენ ვინც მოგვაქირავა ბინა, იმას სხვა მდგმურებიც ჰყავს. ისინიც ასე მოძრაობენ საზღვარსა და ბრესტს შორის. ამბობენ, რომ დღეს ოთხმა თუ ხუთმა ოჯახმა გადალახა საზღვარი. თან, რაღაც ახალი ხდება: ხალხში გაერივნენ ვიღაც უცნობები, ადვოკატები ვართ და საზღვრის გადაკვეთაში დაგეხმარებითო, ეუბნებიან ხალხს და მათგან ფულს იღებენ“.

კადიროვის ცოლი, ზაინარი, გვეუბნება, ეს ვითომ ადვოკატები თაღლითები არიანო:

„ბელორუსიის მხარეს, საზღვრისპირა არეალში, გამოჩნდნენ უცნობი პირები, რომლებიც თავს ადვოკატებს უწოდებენ, მესაზღვრეებთან საქმის ჩაწყობას ჰპირდებიან ხალხს საფასურის სანაცვლოდ და ატყუებენ მათ, ფულს იღებენ და უჩინარდებიან“.

ხალხს დასცინიან. ზოგს ფული უთავდება და უკან, ჩეჩნეთში, ბრუნდება. ზოგი ჯიუტად რჩება და, ბოლოს და ბოლოს, როგორღაც ახერხებს პოლონეთში მოხვედრას. მე ძალიან მიჭირს ბავშვებთან ერთად...
ზაინარ კადიროვა

​ზაინარის მსგავსად, ჩვენი კოლეგების მეორე რესპონდენტიც ჩეჩნეთიდან ჩასულა ბრესტში ოჯახთან ერთად და ახლა სასოწარკვეთაშია, რადგან ფული უთავდება. მათაც გაჰყიდეს სახლი და პოლონეთში მოხვედრის იმედად ჩავიდნენ ბელორუსიაში. ბინაში 25 ევროს ვიხდით დღეში, ჭამაც ხომ გვინდა, ფული მხოლოდ სამი-ოთხი დღის სამყოფი დაგვრჩაო.

„დღეს ვიღაც ამბობდა, 22-ჯერ ვცადე საზღვარზე გადასვლაო. სხვამ ათჯერ სცადა და ვიღაცამ კიდევ - ოთხჯერ. ხალხს დასცინიან. ზოგს ფული უთავდება და უკან, ჩეჩნეთში, ბრუნდება. ზოგი ჯიუტად რჩება და, ბოლოს და ბოლოს, როგორღაც ახერხებს პოლონეთში მოხვედრას. მე ძალიან მიჭირს ბავშვებთან ერთად“, ამბობს ზაინარ კადიროვა.

სხვები, მათთან ერთად ბრესტში ჩასული ჩეჩნები, შიშობენ, რომ იქაც, ბრესტში, და, ალბათ, პოლონეთშიც კი, შეიძლება მისწვდეს მათ რამზან კადიროვის ხელი.

რუსეთის უფლებადამცავი ჯგუფის, „მემორიალის“, თანახმად, წელს ჩეჩნეთში 24 ადამიანი გაიტაცეს. შემდეგ კი გამოუშვეს, მაგრამ ტყვეობაში დააშინეს და დაამცირეს. აპრილში ისტორიკოსები, რიზვან იბრაგიმოვი და აბუბაკარ დედიო, რამდენიმე დღით გაქრნენ. შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ და ტელევიზიით ბოდიში მოიხადეს, შევცდით, 1944 წელს ჩეჩნების შუა აზიაში გასახლების ისტორიას რომ ვიკვლევდითო. იმავე ხანებში იქნა გატაცებული მომღერალი ჰუსეინ ბეტელგერიევი. მას სასტიკად სცემეს, როგორც თვითონ ამბობს, ალბათ, იმიტომ რომ სოციალური მედიით გააკრიტიკა ჩეჩნეთის მთავრობა.

ბრესტში მყოფი მაგომედ კადიროვის ოჯახმა 28 ივნისს მოახერხა პოლონეთში ჩაღწევა და დარჩენის უფლების მოპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საქმეს განიხილავენ. ჩვეულებრივ, ასეთი საქმეების განხილვას ერთ წლამდე დრო სჭირდება. მაგომედ კადიროვის ოჯახი უკვე გაგზავნეს მიგრანტთა მისაღებ ერთ-ერთ ცენტრში. პოლონეთში ასეთი 11 ცენტრი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG