Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის აღდგენის საკითხი მომავალ კვირაში გადაწყდება


11 თებერვალს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის აღდგენის საკითხს განიხილავენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველიც. როგორც შეხვედრის მონაწილე მხარეები აცხადებენ, სწორედ 11 თებერვალს გადაწყდება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ჯგუფის წევრები, ასევე რა ფორმატით და როდის შეუდგება მონიტორინგის ჯგუფი მუშაობას.

იურიდიული დახმარების, პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეთა მონიტორინგის 51 კაციანმა ჯგუფმა ორთვიანი არსებობის შემდეგ, 2013 წლის პირველი იანვრიდან, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, მუშაობა დაასრულა. თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დადო პირობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომ მონიტორინგის ჯგუფი აუცილებლად გააგრძელებდა მუშაობას, მაგრამ სხვა ფორმატით.

”ამ საბჭომ უკვე შეასრულა თავისი დადებითი როლი, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უფრო მაღალპროფესიული სტანდარტი. ჩვენი მიზანია, იყოს ისეთი მონიტორინგი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მონიტორინგის ჯგუფში, რომელიც ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის გიორგი ტუღუშის ინიციატივით შეიქმნა, გაერთიანდნენ ადვოკატები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ორი თვის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში შესულიყვნენ დაწესებულებაში, გასცნობოდნენ იქ არსებულ მდგომარეობას და გასაუბრებოდნენ პატიმრებს.
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ ამ სტრუქტურის გადახალისებას, გაფართოებას, რათა უფრო ბევრი უფლებადამცველი, საზოგადოების წარმომადგენელი იყოს ჩართული ამ სტრუქტურაში ...
უჩა ნანუაშვილი

სოზარ სუბარმა მაშინ ისიც აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუკი მონიტორინგის ჯგუფი სახალხო დამცველის ეგიდით ჩამოყალიბდება, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საბჭოს დამოუკიდებლობის თაობაზეო. სასჯელაღსრულების მინისტრის საპასუხოდ, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი უახლოეს მომავალში სწორედ ომბუდსმენის ოფისის დაქვემდებარებით შეიქმნას, თუმცა ის იქვე ყურადღებას პრევენციის ეროვნულ მექანიზმზე ამახვილებს, რომლის ფუნქციებსაც ომბუდსმენის აპარატი 2010 წლიდან ითავსებს და რომლის მიზანიც სწორედ პენიტენციარულ სისტემაში არსებული სიტუაციის მონიტორინგი და შესწავლაა. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ომბუდსმენთან არსებულ მონიტორინგის ჯგუფში შემავალი ექსპერტების საკითხი გადაიხედოს, რადგან, მისი თქმით, ბევრი მათგანი ამ ეტაპზე სხვადასხვა მიზეზების გამო ვეღარ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუკი იქნება არასამთავრობო სექტორის თანხმობაც, შესაძლოა შეიქმნას ერთგვარი შერწყმული მოდელი, რომელიც პრევენციის ეროვნულ მექანიზმსა და საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს გააერთიანებს და ერთ სტრუქტურად ჩამოაყალიბებს:

”ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ ამ სტრუქტურის გადახალისებას, გაფართოებას, რათა უფრო ბევრი უფლებადამცველი, საზოგადოების წარმომადგენელი იყოს ჩართული ამ სტრუქტურაში. გვაქვს გეგმები, რომ ექსპერტების შერჩევა მოხდეს ღია კონკურსის წესით”, - აცხადებს სახალხო დამცველი.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებმა, რადგან პატიმრები ძირითადად გვირეკავდნენ ჩვენ ...
გელა მთივლიშვილი

განხილვის თემად იქცა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფში შემავალი წევრების პროფესიის საკითხიც. უნდა იყვნენ თუ არა მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტები და ადვოკატები? - ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ მონიტორინგის ჯგუფი თავის წევრ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.

ჟურნალისტი და მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გელა მთივლიშვილი, ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებაში 180-ჯერ შევიდა. მისი თქმით, გაუმართლებელია მონიტორინგის ჯგუფში პროფესიული ნიშნით წევრების შერჩევა, მით უმეტეს, რომ, მისი მტკიცებით, საპატიმროებში ჟურნალისტები გაცილებით მაღალი ნდობით სარგებლობდნენ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები.

”სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებმა, რადგან პატიმრები ძირითადად გვირეკავდნენ ჩვენ, ჟურნალისტებს, და ითხოვდნენ ჩვენთან შეხვედრას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჩვენ უფრო მეტად შეგვეძლო მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირება”, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც, ამავე დროს, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონიტორინგის აწ უკვე ყოფილი ჯგუფის ერთ ნაკლზე მიუთითებს. ის ისევე, როგორც გელა მთივლიშვილი, ამბობს, რომ არ არსებობდა არანაირი რეგულაცია და ნორმა, რომელსაც ჯგუფის წევრები მუშაობის პროცესში ემორჩილებოდნენ. სწორედ ამიტომ, ახალი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, ის აუცილებლად მიიჩნევს დეტალურად გაიწეროს ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომლითაც ჯგუფის წევრები საპატიმროებში იმოქმედებენ. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მკაცრად უნდა გაიწეროს წევრების შერჩევის კრიტერიუმებიც:

”მთავარია, რომ შერჩევის კრიტერიუმები არა პროფესიული ნიშნით, არამედ იმ თვალსაზრისით განხორციელდეს, რომ ჯგუფის წევრი იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება მონიტორინგის ჩატარების კუთხით; ეთიკის სტანდარტიდან გამომდინარე, ციხეებში მოპოვებული ინფორმაცია არ გამოიყენოს თავის პროფესიულ საქმიანობაში და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად უნდა იყოს დეტალურად გაწერილი, რომ არ იძლეოდეს მიკერძოების ან ბიზნესისთვის გამოყენების შესაძლებლობას”, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის საკითხის თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა 11 თებერვალს არის დანიშნული. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, თუ როდის, რა კრიტერიუმებითა და რა ფორმატით განაახლებს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო მუშაობას. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველიც. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, ახალი ჯგუფი, სავარაუდოდ, გაცილებით პატარა მოცულობის იქნება, მასში 30-მდე ადამიანი გაერთიანდება, რომელიც, თავის მხრივ, ქვეჯგუფებად დაიყოფა.
XS
SM
MD
LG