Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეწყვეტილა - იქნება თუ არა მოსავლის რეალიზაციის პრობლემა?


კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ჯერჯერობით არ ასახულა. კახეთში აქტიურად მიმდინარეობს მიწების დამუშავება და ხილის ბაღების წამლობა. ფერმერებს ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ, თუმცა არ იციან შეძლებენ თუ არა ადრეული ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციას, მესაქონლეები კი ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის გაძვირებას გამოიწვევს.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული პანდემია, საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ჯერჯერობით არ ასახულა, ამბობენ კახელი ფერმერები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის მიმდინარეობს მიწების დამუშავება - ხვნა და კულტივირება, მალე დაიწყება ერთწლიანი კულტურების თესვა, ხოლო ვისაც ხილის ბაღები აქვს, ახლა ყვავილობის პროცესია და, შესაბამისად, მიმდინარეობს ყვავილის წამლობა-დამუშავება, რათა მოსავალი შენარჩუნდეს.

ნიკა გეთიაშვილი გურჯაანში ცხოვრობს.მას აქვს ატმის, ვაშლატამას, გარგარის, ბლისა და სხვა ხილის ბაღები. გეთიაშვილის თქმით, ამ დროისთვის პრობლემაა ის, რომ ლარის გაუფასურების გამო გაძვირდა აგროქიმიკატები. გეთიაშვილს უჭირს თქმა, რა იქნება, დაახლოებით, ერთ თვეში, როცა მარწყვისა და ალუჩის მოსავალი შემოვა და რეალიზაცია იქნება საჭირო:

„დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება მარწყვისა და ალუჩის რეალიზაცია. მანამდე თუ არ დასტაბილურდა მდგომარეობა და ხალხმა მოძრაობა არ დაიწყო, ძალიან ცუდი წელი იქნება. ჩვენი მოსავლის გასაღება ხდება როგორც ადგილზე, გვაქვს ექსპორტიც, თუმცა რამდენად შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ბაზარზე გატანა- გაყიდვა, ახლა ამას ვერავინ იტყვის“.

„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილიც ამბობს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა პრობლემები გარდაუვალი იქნება, თუ ეს აკრძალვები იმ დრომდე გაგრძელდა, როცა კახეთში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება-რეალიზაცია დაიწყება:

„როდესაც ინტენსიურად დაიწყება მოსავლის აღების პერიოდი, შეიძლება შეიქმნას სერიოზული პრობლემები, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ აპრილს ეს პანდემია არ გასცდება და კლებას დაიწყებს, რადგან ჩინეთის მაგალითი უკვე გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ მოსავლის აღებამდე სიტუაცია უნდა დარეგულირდეს. ეს ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გავუფრთხილდებით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს“.

კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის ფონზე, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება ეროვნული ვალუტა. კახეთში მოელიან, რომ გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოდის. ფერმერ ბექა გონაშვილის თქმით, საქონლის კომბინირებული საკვებისთვის საჭირო დანამატები უკვე გაძვირდა და მოუწევთ თავადაც გააძვირონ ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი. გონაშვილის თქმით, არსებული მდგომარეობის ფონზე, მათ ამ დროისთვის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ.

„შემოტანილი პროდუქტი რაც არის, უკვე გაძვირდა. მაგალითად, გაძვირებულია საქონლის კომბინირებული საკვებისთვის საჭირო სოიოს შრატი. საქართველოში რუსეთიდან შემოდის სიმინდი და ხორბალი. ლარის კურსის ცვლილება, სავარაუდოდ, ამ პროდუქტებსაც გააძვირებს. რადგან გაძვირებულია ნედლეული, გაძვირდება ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტიც. თუმცა მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ორ თვეზე მეტი გაგრძელდება... ამ ორ თვეში კი, მე მგონი, მთლად არ დავიქცევით“, - ამბობს ბექა გონაშვილი, რომელიც მესაქონლეობას ეწევა.

საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყანაში მოქმედებს აკრძალვებიც. დახურულია საკვირაო ბაზრობები, სადაც კახეთში ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით მოყვანილ ბოსტნეულსა და სხვა სახის მოსავალს ყიდდა. თითქმის ყოველ მათგანს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანა და მსოფლიო კორონავირუსს დაამარცხებს და მათ საკუთარი პროდუქტით შემოსავლის მიღება კვლავ შეეძლებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG