Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა, იდენტიფიცირების პრობლემა - ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ანგარიში საქართველოზე

ანგარიში 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციებისას დემონსტრანტებისადმი სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას.
ანგარიში 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის საპროტესტო დემონსტრაციებისას დემონსტრანტებისადმი სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას.

ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ (CPT) ახალ ანგარიშს აქვეყნებს 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ანგარიში მოიცავს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისადმი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ შემთხვევებს, რისი გამოძიებისკენაც კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს.

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ძალადობა რაიმე ფორმით იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე პოლიციის „კონტროლქვეშ“ არიან.

კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სპეცრაზმელებმა მასობრივ აქციაზე გასვლისას აუცილებლად უნდა ატარონ „თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი, მაგალითად, ორდერის ნომერი“.

CPT ასევე ასაჯაროებს საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ პასუხებს ანგარიშში აღწერილ ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.

„უმეტესობას ჰქონდა თვალსაჩინო დაზიანებები“

18 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, პოლიციის მიერ დაკავებული პირების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ პოლიცია მათ „სათანადოდ ეპყრობოდა“.

„ამის საპირისპიროდ, დელეგაციამ მიიღო ცნობები არასათანადო მოპყრობის შესახებ, როდესაც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული არაერთი პირი გამოჰკითხა“, - წერია ანგარიშში.

„გამოკითხულ პირთა უმეტესობას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა, ზოგიერთს ჰქონდა მძიმე დაზიანებები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა“, - წერენ ავტორები.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული პირები მიუთითებდნენ დემონსტრაციების დროს პოლიციის ქცევის „მოდელზე“ („პატერნზე“).

პოლიციის ქცევის „მოდელი“ აქციებისას

  • „ნიღბიანი და კაპიუშონიანი პოლიციელები, რომლებსაც არ ჰქონდათ ვინაობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი, დაკავებებს ახორციელებდნენ რამდენიმე ოფიცრისგან შემდგარ ჯგუფებად“.
  • „ისინი დაკავებულ პირებს განურჩევლად ურტყამდნენ მთელ სხეულზე, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ“.
  • „ცნობების თანახმად, [დემონსტრანტები] წინააღმდეგობას არ სწევდნენ და უკვე სრულად იმყოფებოდნენ პოლიციის კონტროლის ქვეშ“.
  • „გარდა ამისა, ცემის ფაქტები, ცნობების თანახმად, განმეორებით ხორციელდებოდა რამდენიმე ოფიცრის მიერ ერთდროულად, მათ შორის მაშინ, როდესაც დაკავებულ პირებს ხელბორკილები ზურგს უკან ჰქონდათ დადებული“.
  • „თითქმის ყველა შემთხვევაში, როგორც ცნობილია, არასათანადო მოპყრობა შეწყდა მას შემდეგ, რაც კაპიუშონიანმა და ნიღბიანმა პოლიციელებმა დაკავებული პირები გადასცეს საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ნიღბებს არ ატარებდნენ“.
  • „დელეგაციამ ასევე მოისმინა გარკვეული ბრალდებები, რომ ამგვარი გადაცემის შემდეგ, დაკავებული პირები დაკითხეს ადვოკატის თანდასწრების გარეშე, რაც მიზნად ისახავდა მათი მხრიდან აღიარების ან ინფორმაციის მიწოდების იძულებას“.

„დიდი ხნის რეკომენდაცია“ - „პროპორციული ძალა“

კომიტეტი წერს, რომ იგი „კიდევ ერთხელ იმეორებს თავის დიდი ხნის რეკომენდაციას“:

„საქართველოს ხელისუფლებამ [უნდა] გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა“.

„არასდროს არ შეიძლება იყოს გამართლებული ძალადობის რაიმე ფორმა იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე არიან პოლიციის მიერ დაკავებულნი და რომლებიც პოლიციის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ არიან“, - წერია ანგარიშში.

ავტორების თანახმად, „უმაღლესი პრიორიტეტი“ უნდა მიენიჭოს პოლიციის თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარებას „მასის კონტროლის ტექნიკაში“.

შსს ამ ნაწილზე პასუხად აცხადებს: „პოლიციის ქმედებები სრულად შეესაბამებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს და მათ მიერ მიღებული ზომები პროპორციული იყო“.

„ორდერის ნომრები“ სპეცრაზმელების ფორმებზე

CPT სპეცრაზმელთა თუ სხვა ნიღბიანთა იდენტიფიცირების შესაძლებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ასევე უნდა იქნას მიღებული ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემონსტრაციების დროს სამართალდამცავ ორგანოების გამოყვანილ ყველა ნიღბიან და/ან კაპიუშონიან წარმომადგენელს ჩაფხუტის ან ფორმის წინა მხარეს ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი (მაგ., ორდერის ნომერი)“, - წერენ ავტორები.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული - გამოძიება ჩიხში შედის სპეცრაზმელთა იდენტიფიცირების შესაძლებლობის ნიშნის არარსებობაზე მითითებით.

კომიტეტის დელეგაციას „შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დაკავების შესახებ შეტყობინება (ანუ დაკავებული პირების უახლოესი ნათესავებისთვის ან მათ მიერ არჩეული სხვა პირებისთვის ამ პირების დაკავების ფაქტისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება), როგორც წესი, სწრაფად და სისტემატურად ხდებოდა“.

  • პროკურატურა ევროსაბჭოს წამების კომიტეტის საპასუხო წერილში მიუთითებს, რომ „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ასევე იძიებს ქალი მომიტინგეების მიმართ ძალადობის მუქარის ბრალდებებს“.
  • „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებენ ე.წ. (უცნობი ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფების) მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებებს“.
  • გამოძიების შედეგებზე არაფერია ნათქვამი.

სპეცრაზმელთა ნიშნები „სარისკოა“ - ამბობს შსს

რაც შეეხება სპეცრაზმელთა იდენტიფიცირების პრობლემას - ამ საკითხს ანგარიშში შსს პასუხობს.

შსს კომიტეტის პასუხად აცხადებს, რომ „ქართული მხარე იზიარებს კომიტეტის რეკომენდაციას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიწოდებასთან დაკავშირებით“.

თუმცა იქვე დასძენს: „როგორც კომიტეტმა კარგად იცის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ასეთი თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიწოდება გარკვეულ რისკს ქმნის, რომ მათი ვინაობა შეიძლება საჯარო გახდეს“.

„მაგალითად, არსებული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, საქმის მასალები მეორე მხარეს გადაეცემა. ასეთ ვითარებაში, კონკრეტული პოლიციელის ვინაობა შეიძლება ცნობილი გახდეს ამ მხარისთვის, რაც თავისთავად ქმნის რისკს, რომ პოლიციელის ვინაობა საჯარო გახდეს“, - აცხადებს შსს.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართული მხარე, ერთი მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, დანერგოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნები“;

მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ „მუშაობს ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუშლის ასეთი ოფიცრების იდენტიფიცირებას, - ოპერატიულ-სამძებრო ან ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებში ჩართული პირების მიმართ არსებული დამცავი ზომების მსგავსად, - სანამ მათი ბრალეულობა სასამართლოს მიერ არ დადასტურდება“.

ადვოკატის უფლება - დაგვიანებით

დაკავებულთა უმეტესობამ ასევე განაცხადა, რომ მათ მიეცათ ადვოკატთან წვდომის უფლება, - ჰყავდათ კერძო თუ საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატი, - თუმცა „ეს უფლება, როგორც წესი, ძალაში მხოლოდ რამდენიმე საათის ან თუნდაც თავისუფლების ფაქტობრივი აღკვეთიდან 2-3 დღის შემდეგ მოქმედებდა“.

„კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადვოკატთან წვდომის უფლება სრულად უნდა იყოს ძალაში ყველა დაკავებული პირისთვის იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ფიზიკურად ვალდებულნი არიან დარჩნენ პოლიციაში“, - წერია ანგარიშში.

შსს პასუხად წერს: „პირის უფლება ადვოკატთან დაკავშირებით განმარტებულია დაკავებული პირების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ დოკუმენტში, რომელიც თითოეულ დაკავებულს გადაეცემა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისთანავე და ამას მათ ზეპირადაც განუმარტავენ“.

წვდომა ექიმთან

რაც შეეხება ექიმთან წვდომას, - კომიტეტი წერს, რომ ასეთი რამ „ფაქტობრივად არ არსებობდა პოლიციის დაკავების ადრეულ ეტაპებზე, როდესაც პირები პოლიციის განყოფილებებში პირველადი დაკითხვისთვის იმყოფებოდნენ“.

„თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორებში (TDI) მიყვანისთანავე, სამედიცინო შემოწმებები სისტემატურად ტარდებოდა როგორც ამ იზოლატორების მიერ დასაქმებული ჯანდაცვის პერსონალის, ასევე სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ და ასეთი შემოწმებები დაზიანებების აღრიცხვასაც მოიცავდა“, - წერია ანგარიშში.

„გამოკითხვები უნდა ჩაიწერონ“

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დანერგოს პოლიციის მიერ ჩატარებული ყველა დაკითხვის (მათ შორის, საწყისი დაკითხვის) სისტემატური, სრული, უცვლელი ელექტრონული ჩანაწერი“, - აცხადებს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“.

ანგარიშის თანახმად, ეს ჩანაწერი „უნდა იქნას გამოყენებული ყველა დაკითხვის სათანადოდ დოკუმენტირებისა და პოლიციის მიერ დაკავებული პირების არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიზნით“.

„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს პოლიციის თანამშრომლების მომზადება კრიმინალურ დანაშაულში ეჭვმიტანილების დაკითხვის საკითხებში“, - წერენ ავტორები.

დაუსჯელობა

ავტორები აცხადებენ, რომ დაუსჯელობის - „უფრო ზუსტად, სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიების“ - თემა ვრცლად იყო განხილული CPT-ის ჯერ კიდევ 2018 წლის ანგარიშში.

„ამ კონტექსტში, კომიტეტი ძალიან შეშფოთებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) გაუქმებისა და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის დაბრუნებისკენ მიმართული ნაბიჯებით“, - წერია ახალ ანგარიშში

კომიტეტი წერს, რომ „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო აქტორების დიდი ხნის რეკომენდაციას წარმოადგენდა“.

ამის მიზეზად დასახელებულია „პროკურატურის მიერ ასეთი ბრალდებების გამოძიების არაეფექტურობის აღქმა“

„როგორც ჩანს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის იმისგან, რასაც კომიტეტი დიდი ხანია უჭერს მხარს“, - წერია ანგარიშში.

„კანონი იცავს მშვიდობიან შეკრებას, არა ძალადობას“ - პასუხი

„საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობა, იცავს მხოლოდ მშვიდობიანი და კანონიერი შეკრების უფლებას და არა ძალადობას“, - ასე პასუხობს ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ეს ფრაზა წერია ხელისუფლების მიერ კომიტეტისთვის გაგზავნილ პასუხში, რომელსაც კომიტეტი, მოთხოვნისამებრ, ანგარიშთან ერთად აქვეყნებს.

„კანონიერად დაცული შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, რაც ნიშნავს, რომ ის არ უნდა ჩატარდეს ძალადობრივ კონტექსტში“, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია.

„გარდა ამისა, შეკრება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების კრიტერიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის არ უნდა ზღუდავდეს სხვათა უფლებებს და შეკრების მონაწილეებმა არ უნდა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებები“, - წერს შსს.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „მომიტინგეების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა შსს-ს 171 თანამშრომელი“

ეს, - სწერს შსს წამების კომიტეტს, - „სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების მიღმა დარჩა“.

რა არის CPT

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ეფუძნება კომიტეტის ექსპერტთა დელეგაციის ორ ვიზიტს საქართველოში - 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში.

  • პირველი ვიზიტის შემდეგ მომზადდა დახურული ანგარიში;
  • საქართველოს ხელისუფლებამ პირველ ანგარიშს 2025 წლის მარტში უპასუხა;
  • შემდეგ მომზადდა ანგარიშის საბოლოო ვერსია - CPT წერს, რომ ამჟამად ელიან ხელისუფლების პასუხს მომდევნო 6 თვეში.

ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ (CPT) 1989 წელს შეიქმნა, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის. კომიტეტს 46 ქვეყნის არჩეული წევრები აკომპლექტებენ.

კომიტეტის მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი - როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან როგორც თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ისე უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG