Accessibility links

ოსური მედიის ცნობით, შაბათ საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს. უწყებამ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობით ახსნა. 18 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც ტარდება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები 19 მარტის დილით გაიხსნება. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაძაბულობის დამძიმებისკენ არის მიმართული.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:21 0:00
Direct link

  • დაბა ახალგორში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი საარჩევნო უბანია და იქ ხმას რუსეთის მოქალაქეები მისცემენ.
  • ოსური მედიის ცნობით, შაბათ საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს.

„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის, რომ ეგრეთ წოდებულ გადასასვლელ პუნქტებზე წესდება დამატებითი შეზღუდვები, ხდება მათი ჩაკეტვა სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ დაძაბულობის გარემო კიდევ უფრო დამძიმდეს“.

დაბა ახალგორში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი საარჩევნო უბანია და აქ ხმას რუსეთის მოქალაქეები მისცემენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ახალგორში მხოლოდ ვლადიმირ პუტინის პლაკატებია გაკრული:

„ჩვენთანაც არის საარჩევნო უბანი გახსნილი. ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აძლევენ ხმას. ახალგორში ერთი საარჩევნო უბანია გახსნილი. პლაკატებიც გაკრულია. მხოლოდ პუტინის მხარდამჭერი პლაკატებია გაკრული და მოწოდება, რომ ამომრჩევლები მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ადამიანს, რომელმაც ბევრი გააკეთა სამხრეთ ოსეთისთვის - ასეთი პლაკატებია გაკრული“.

14 მარტს სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გვაცნობა, რომ ორ კვირაზე მეტია, თბილისიდან დაბაში პროდუქტები აღარ შედის. ამის გამო ახალგორსა და ცხინვალშიც პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეარაყიშვილის ინფორმაციით, ოძისის საგუშაგოზე ქართველი პოლიციელები დიდი მოცულობის ტვირთებს ახალგორისკენ აღარ ატარებენ და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის აუცილებელი პროდუქტების შეტანაა შესაძლებელი. მისი განცხადებით, აკრძალვა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ დაიწყო, ახალგორის ეგრეთ წოდებული ემბარგო კი ყველაზე მეტად ისევ ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

16 მარტს, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, დაბაში ტვირთების შეტანაზე არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს და, პირიქით, სახელმწიფო, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, მხარს უჭერს ადამიანებს შორის კონტაქტების აღდგენას:

„ის, რომ ქართული მხარე ან ქართული პოლიცია რაიმენაირად აფერხებს ტვირთის გადაადგილებას და პროდუქტების შეტანას ახალგორის რაიონში, არის სრული დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სინამდვილეს და, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება ქართული პოლიტიკა. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და საქმიანობა იმისკენ არის მიმართული, რომ გაფართოვდეს ეს კონტაქტები, იქნეს უზრუნველყოფილი გადაადგილების თავისუფლება, შეწყდეს უკანონო დაკავებების პრაქტიკა და არ განხორციელდეს დამატებითი შემზღუდავი რეგულაციები. ეს ჩვენი დღის წესრიგის საკითხი არის სხვადასხვა ფორმატში, იგივე ჟენევის და ერგნეთის შეხვედრების ფორმატში“.

შეიძლება მინისტრი არ არის საქმის კურსში, მაგრამ 24 თებერვლიდან გამშვები პუნქტი, მე არ ვიცი, მანდ სუსიც დგას და შსს-ც... არ ვიცი, რომელი იღებს ამ გადაწყვეტილებას ადგილზე, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ უშვებენ და ეს ხდება საგუშაგოზე. ...
თამარ მეარაყიშვილი

რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ახალგორში თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამ დღეებში არაფერი შეცვლილა და დაბაში ტვირთების შეტანაზე ოძისის საგუშაგოზე ისევ შეზღუდვაა დაწესებული. მისი თქმით, პროდუქტები ახალგორში უკვე ცხინვალიდან შედის, მაგრამ მათი ფასი ორჯერ უფრო მაღალია. ეს ყველაფერი ახალგორში მცხოვრებთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. მეარაყიშვილის თქმით, შესაძლოა მინისტრი ბოლომდე საქმის კურსში არ იყოს.

„შეიძლება მინისტრი არ არის საქმის კურსში, მაგრამ 24 თებერვლიდან გამშვები პუნქტი, მე არ ვიცი, მანდ სუსიც დგას და შსს-ც... არ ვიცი, რომელი იღებს ამ გადაწყვეტილებას ადგილზე, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ უშვებენ და ეს ხდება საგუშაგოზე. ორი მაგალითი ვიცი: მოდიოდნენ დატვირთული მანქანებით, პროდუქტი თბილისში შეიძინეს და უკან გააბრუნეს. მოვაჭრეებმა სთხოვეს, რომ ეს ერთხელ მაინც შეგვიშვითო, არ ვიცით, რა ვუყოთ ამ პროდუქტსო და უპასუხეს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის, დაბრუნდით უკანო“.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ თვითონ მოვაჭრეებმა თქვეს უარი ახალგორში ტვირთების გადაზიდვაზე თუ სახელმწიფო სამსახურების შეზღუდვა ამოქმედდა, ამის ბოლომდე დადგენა შეუძლებელია, რადგან მინისტრი ერთს ამბობს და დაბაში მცხოვრები - მეორეს. უკვე დადასტურებული ის არის, რომ საოკუპაციო რეჟიმი დაბაში გადაადგილებას შაბათიდან ორშაბათამდე შეზღუდავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG