Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამაკმაყოფილებელი ნიშანი საქართველოს წიგნიერებაში


საქართველო, წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა, ამბობს 2016 წლის გამოკვლევა, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა ჩაატარა. ყველაზე წიგნიერი ქვეყნების პირველ ათეულს სათავეში ფინეთი უდგას, ყველაზე ბოლო ადგილზეა ბოტსვანა. რის მიხედვით შეაფასა მკვლევართა გუნდმა წიგნიერების დონე ქვეყნებში და რას ფიქრობენ ამაზე საქართველოში?

წიგნიერება არ ნიშნავს მხოლოდ წერა-კითხვის უნარს, ის თავის თავში არაერთ კომპონენტს მოიცავს. პროფესორ ჯონ მილერის ჯგუფიც მსოფლიოს ქვეყნებში წიგნიერების დონის შესწავლისას ამ მაჩვენებელს ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 15 ცვლადის მიხედვით ზომავდა. მკვლევართა გუნდი სწავლობდა კონკრეტულ ქვეყნებში ბიბლიოთეკების მდგომარეობას, ქვეყანაში გამომავალი გაზეთების რაოდენობას, ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერებზე ხელმისაწვდომობას და ა.შ., ანუ ყველაფერ იმას, რითიც ქვეყანამ წიგნიერების მაღალ დონეს უნდა მიაღწიოს. კვლევისას PIRLS-ის (წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების უნარი, გაიაზრონ წაკითხული) და PISA-ს (საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები) საერთაშორისო ტესტების შედეგებიც შეაფასეს. შედეგად, საქართველოს 61 ქვეყანას შორის 51-ე ადგილი ერგო. როგორც განათლების მკვლევარები ამბობენ, ეს არცთუ ისე სახარბიელო შედეგია.

„ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ უსიამოვნო შედეგია, რადგან ჩვენზე ბევრად წინ არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც, რომელიც 27-ზე ადგილზეა. თუმცა, ამავე დროს, ეს შედეგი დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ ახლოს დგას იმ რეალობასთან, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს სწორედ წიგნიერების თვალსაზრისით. წიგნიერება ხომ მხოლოდ ერთ კომპონენტზე არ არის დამოკიდებული - და ეს არ არის ერთი ან ორი წლის ძალისხმევის შედეგად მიღწეული საფეხური. ეს არის ძალიან კომპლექსური, ბევრი კომპონენტითა და ფაქტორით განპირობებული შედეგი“, - გვითხრა გამოკვლევის შეფასებისას განათლების მკვლევარმა ნათია გორგაძემ. ის ფიქრობს, რომ ქვეყანამ ახალგაზრდების წიგნიერებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში უნდა დაიწყოს, თუმცა გრძელ ჯაჭვში სკოლამდელი განათლება მხოლოდ ერთი რგოლია, ჩამონათვალი კი, რომელიც წიგნიერებას უზრუნველყოფს, - გაცილებით გრძელი:

ნათია გორგაძე
ნათია გორგაძე

„სკოლამდელი განათლება, სკოლამდელი წიგნიერება რომ განვითარებული არ არის ჩვენთან, ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია. ის, რომ პედაგოგები არ არიან სათანადოდ მომზადებულები, ეს მეორე ფაქტორია. ის, რომ ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში კითხვა ცალკე გამოყოფილი საგანი არ არის, მიუხედავად რეკომენდაციებისა, სასწავლო გარემო - იქნება ეს სახელმძღვანელოები, ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, მშობლების პასიური როლი და, ყველაფერთან ერთად, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში“.

წიგნიერების შესახებ კონექტიკუტის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული გამოკვლევის თანახმად, წიგნიერი ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უჭირავს. მას მოსდევს ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი, შვეიცარია, აშშ, გერმანია, ლატვია, ჰოლანდია. რუსეთი 27-ე ადგილზეა. საქართველოს შემდეგ კი მოდიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ტუნისი, მალაიზია, ალბანეთი, პანამა, ტაილანდი და ა.შ.

ჯონ მილერის განცხადებით, წიგნიერების შეფასება მხოლოდ საერთაშორისო საკითხავი ლიტერატურის სწავლებაში არსებული პროგრესით სრულიად სხვა შედეგს მოიტანდა. ის ამბობს, რომ, მხოლოდ ტესტების შედეგებით შეფასების შემთხვევაში, ოკეანეთის ქვეყნები – სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი - რეიტინგის ტოპსიაში იქნებოდნენ, ფინეთი კი იქნებოდა ერთადერთი არაოკეანეთის ქვეყანა, რომელიც სიის დასაწყისში მოხვდებოდა. ხოლო როცა შეფასების კრიტერიუმებს დაემატა ბიბლიოთეკების სიდიდე და ხელმისაწვდომობა, ოკეანეთის ქვეყნების რეიგინტი დრამატულად დაეცა.

კვლევის შედეგები
კვლევის შედეგები

საქართველოს ამ კრიტერიუმების მიხედვით სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - მე-16 ადგილი - ბიბლიოთეკების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე მოდის.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასეთ რეიტინგებს და მიიჩნევს თუ არა მას ობიექტურად, რა ნაწილში ეთანხმება მას და, პირიქით. როგორ აფასებს თავად საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წიგნიერების დონეს და რა კეთდება მის ასამაღლებლად, იმ ინსტრუმენტების გასავითარებლად, რომელთა დამატებითაც წიგნიერება მიიღწევა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ონლაინ მოკვლევისას კი წავაწყდით განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის მოკლე კომენტარს: ონლაინ პორტალ Aris.ge- განათლებასთან საუბარში მან თქვა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, ბოლო საერთაშორისო კვლევა საქართველოში 2009 და 2011 წლებში ჩატარდა. განათლების სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა მსგავს კვლევებში მონაწილეობაზე, როგორც სანიკიძე ამბობს, „ცუდი შედეგების გამო“. განათლების მინისტრის შეფასებით, საქართველო კვლავ ჩაერთო საერთაშორისო კვლევებში და ცდილობს შედეგების გამოსწორებას. მისი თქმით, სწორედ ახლა მიმდინარეობს ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება და ის მოგვცემს საერთო სურათსაც, რა ხდება დღეს განათლების სისტემაში და წინა კვლევებთან შედარების შესაძლებლობასაც.

წიგნიერების დაბალი მაჩვენებლის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ მხოლოდ სკოლასა და ოჯახში - ეს უფრო კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება, დრო, რესურსი, მონდომება, გვითხრა ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატო ინგოროყვამ. ამ კონკრეტულმა გამოკვლევამ შეაფასა ის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას გააჩნია წიგნიერების მისაღწევად. ნატოც მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში, ამ მხრივ, სურათი არც ისე დამაიმედებელია:

ნატო ინგოროყვა
ნატო ინგოროყვა

„ცხადია, 51-ე ადგილი, რომელიც, ამ გამოკვლევის თანახმად, საქართველოს აქვს, სახარბიელო არ არის, თუმცა, თუ იმ კრიტერიუმების შესწავლას შევუდგებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა წიგნიერებაში უკეთესი შედეგი გვქონოდა, ვნახავთ, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას არც ისე დიდი ფუფუნება აქვს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველოს ყველა მაღალმთიან სოფელში არსებობს ინტერნეტზე წვდომა, მთიან სოფლებში გაიხსნა სასკოლო ბიბლიოთეკები და დედაქალაქშიც მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ამ მხრივ. ინტერნეტთან წვდომა და ინფორმაციის მოპოვება არ ნიშნავს, ცხადია, მხოლოდ წიგნიერებას. წიგნიერება არც მხოლოდ წიგნების კითხვით და წაკითხულის რაოდენობით იზომება. წიგნიერებაში შედის მედია, რადიო, ტელევიზია, გაზეთები, რის საშუალებითაც ადამიანი ინფორმაციას იღებს. ასეთ ნაკადთან გამკლავება ძალიან რთულია“.

პრობლემა ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ, ფიქრობს ნატო ინგოროყვა. თუ საზოგადოების ერთ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი ინსტრუმენტები, თუნდაც, ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, მეორე ნაწილს, ვისაც ეს შესაძლებლობა აქვს, აკლია მისი გამოყენების, გაფილტვრის თუ გააზრების უნარი:

„იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების უნარების მქონე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს ქვეყანაში და ამ უნარების განვითარებაზე მუდმივად იზრუნოს სახელმწიფომ, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა თუ ოჯახებმა. რაც შეეხება ამ გამოკვლევაში ჩამოთვლილ სხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად, გაზეთებს, ჩვენთან ბეჭდური გაზეთები უკვე დიდწილად ჩაანაცვლა ინტერნეტგამოცემებმა, ხოლო რაც დარჩა ბეჭდური, მათზე ხელმისაწვდომობა დედაქალაქის ან დიდი ქალაქების მოსახლეობას თუ აქვს. მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში დილა იწყებოდა ჭიშკარზე ჩამოდებული ფოსტალიონის მოტანილი გაზეთით, დღეს კი სოფლის მასწავლებელი ამასაც კი მოკლებულია“.

ჩემი აზრით, მათი დახურვის მეთოდი იყო ძალიან არასწორი და ფორსირებული და, შესაბამისად, იქ არსებული წიგნები და სხვა მატერიალური ბაზაც, რეალურად, არავინ იცის, სად აღმოჩნდა...
გიორგი კეკელიძე

რაც შეეხება სკოლის კომპონენტს, ნატო ინგოროყვას აზრით, როდესაც წიგნიერების განსავითარებლად მასწავლებლის ერთადერთი ინსტრუმენტი მხოლოდ სახელმძღვანელოა,ეს მოსწავლეებისათვის უკვე მოსაწყენი ხდება:

„ძალიან დიდი ძალისხმევაა ასეთ დროს იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ წიგნით დააინტერესო ისეთი ინფორმირებული მოზარდი, რომელმაც ხშირად ჩვენზე მეტი იცის, როგორ მოიძიოს ინფორმაცია, რომ გაკვეთილზე უფრო მომზადებული მივიდეს, ვიდრე მასწავლებელია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელი იყოს ძალზე მოტივირებული - გასცეს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, გაცემამდე კი ჰქონდეს მისი მოპოვების შესაძლებლობა“.

ერთ-ერთი სფერო, რომლის გამართული მუშაობაც წიგნიერების მაღალ დონეს უწყობს ხელს ქვეყანაში, როგორც ზემოთ ითქვა, არის ბიბლიოთეკების სისტემა. ამ კომპონენტზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს გავესაუბრეთ. მართალია, სოფლის ბიბლიოთეკები მის უშუალო დაქვემდებარებაში არ შედის, მაგრამ გიორგი და მისი გუნდი, პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დადიან და პატარ-პატარა ბიბლიოთეკებს ხსნიან. კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაზე საუბრისას ამბობს, რომ არათუ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეროვნული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ბიბლიოთეკაა. რაც შეეხება თბილისის გარეთ ბიბლიოთეკების მდგომარეობას, ის აფასებს როგორც „ძალიან მძიმეს“ და ამას აქვს თავისი მიზეზები - პირველი ის, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი ბიბლიოთეკების უმრავლესობა უკვე მაშინვე არ იყო თანამედროვე:

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

„ის ეფუძნებოდა მარტივ პრინციპს, რომ ბიბლიოთეკაში მხოლოდ წიგნები იდო და მათი წაკითხვის შემდეგ ადამიანს აღარ უჩნდებოდა იქ მისვლის სურვილი. ბიბლიოთეკები ნაწილობრივ ახლდებოდა, მაგრამ ეს პროცესი არ იყო მასშტაბური“.

მეორე ფაქტორი: 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, 2007 წლამდე საქართველოში არსებული 4 500 ბიბლიოთეკიდან დარჩა 600-მდე ბიბლიოთეკა, დანარჩენი დაიხურა.

„ჩემი აზრით, მათი დახურვის მეთოდი იყო ძალიან არასწორი და ფორსირებული და, შესაბამისად, იქ არსებული წიგნები და სხვა მატერიალური ბაზაც, რეალურად, არავინ იცის, სად აღმოჩნდა“.

მიდგომა იყოს ასეთი, ამბობს გიორგი კეკელიძე: ბიბლიოთეკაში ხალხი არ დადის, მაშ, რად გვინდა ადგილი, რისთვისაც სახელმწიფომ ფული უნდა იხადოს? და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში ბიბლიოთეკებისადმი მიდგომა გაცილებით ფართოა და განსხვავებული:

„ბიბლიოთეკა არის აღქმული ადგილად, რომელშიც შეიძლება თავმოყრილი იყოს კომპიუტერული ცენტრიც, საინფორმაციო ცენტრიც, გასართობი კლუბიც, სადაც, მაგალითად, ჭადრაკს ითამაშებენ, იქვე იყოს გაზეთები, შეიძლებოდეს სხვადასხვა თემაზე კონსულტაციების მიღება, ვთქვათ, სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ხედვის ჩამოყალიბების მაგივრად კი, ჩვენ ხელაღებით დავხურეთ ეს ბიბლიოთეკები“.

დღეს პროექტი „ეკვილიბრიუმი“ სწორედ ამ მიდგომის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა ეს არც ისე მარტივია. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლება იყოს საიმიჯო, სულ 20-30-ია. კეკელიძე ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის გარეშე ამ სფეროს გამოცოცხლება ძალიან ძნელი იქნება. სწორედ მისი მოვალეობაა, თუნდაც, ბიბლიოთეკარის შტატის დაწესება ან, თუნდაც, ფანჯრის ჩასმა, რომ ნაჩუქარი კომპიუტერი შენობიდან არავინ მოიპაროს:

„თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ კიდევ უფრო დავთმობთ პოზიციებს. ჩვენ ძალიან ზერელე დამოკიდებულება გვაქვს ბიბლიოთეკების მიმართ და რაღაც დამატებითი ფუფუნების საგანი გვგონია სოციალურ ცხოვრებაში, რაც ძალიან არასწორი ხედვაა და სწორედ ამ ხედვამ და ამ დამოკიდებულებამ განაპირობა, სავარაუდოდ, ის ადგილიც, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ამ გამოკვლევის მიხედვით“.

კრიტიკულ კითხვად მაინც რჩება: როგორ შეიძლება წინსვლა? როგორ შეიძლება შედეგის გამოსწორება? განათლების დარგის სპეციალისტებს ერთი პასუხი აქვთ: მეტი ინვესტიცია განათლებაში, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს პედაგოგების მოსამზადებლად, ბიბლიოთეკების მოსაწყობად, მეტ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და ა.შ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება წიგნიერების მიმართ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG