Accessibility links

ორი დღის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულთა გაზრდილი მაჩვენებლისა და დანაშაულთა უტყუარი სტატისტიკის არარსებობის შესახებ. ამის გამო შსს-ში შედგა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. საქმე ეხება საზოგადოების გაზრდილ ინტერესს დანაშაულის სტატისტიკის მიმართ და, ასევე, ვარაუდებს, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, შესაძლოა, არ ასახავდეს რეალობას.

ეჭვი იმის შესახებ, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, შესაძლოა, არ ასახავდეს რეალობას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ორი დღის წინ გამოთქვა IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. მას 16 დეკემბერს არ მიეცა საშუალება დასწრებოდა შსს-ში გამართულ შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ ორგანიზაცია შეხვედრაზე მიწვეული იყო:

„IDFI-ის დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. თუ აინტერესებთ ეს საკითხი და საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვთ, თვითონ უნდა ყოფილიყვნენ აქ“.

გაზრდილი მაჩვენებელი არის თუ არ არის, ამას ობიექტურად, გულწრფელად, საანგარიშო თვე რომ დამთავრდება, დაითვლის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური და, ასევე, რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენ და რა ვალდებულებები აქვს საქსტატს, კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით და ვნახავთ, ეს ინფორმაცია ჯობია შსს-მ გამოაქვეყნოს თუ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საქსტატს და მათ გამოაქვეყნონ...
შალვა ხუციშვილი

შს მინისტრის მოადგილის ნათქვამს უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას IDFI-ის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი:

„ჩვენთვის არავის არაფერი არც მოუწერია, არც ტელეფონით შეუტყობინებია, არც ფოსტით შეუტყობინებია. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ასეთი ღონისძიება იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ვერ დავესწარით ღონისძიებას, თორემ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიდოდით, რადგან ჩვენ ამ საკითხზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ და ეს შეხვედრაც, სავარაუდოდ, ჩვენი ბოლო კვლევის გამოხმაურება იყო“.

შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა 16 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკის გამოქვეყნების მეთოდოლოგია. მისი სიტყვებით, დანაშაულის სტატისტიკას აწარმოებს შსს, ხოლო პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ინფორმაციის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნახსენებ ინფორმაციას დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკური მაჩვენებლის შესახებ, შალვა ხუციშვილი ამბობს:

„გაზრდილი მაჩვენებელი არის თუ არ არის, ამას ობიექტურად, გულწრფელად, საანგარიშო თვე რომ დამთავრდება, დაითვლის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური და, ასევე, რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენ და რა ვალდებულებები აქვს საქსტატს, კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით და ვნახავთ, ეს ინფორმაცია ჯობია შსს-მ გამოაქვეყნოს თუ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საქსტატს და მათ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2017 წელს სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიცია ჩაანაცვლოს ანალიზზე დაფუძნებულმა პოლიციამ“.

უნდა გავიხსენოთ, რომ მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყანაში დანაშაულის შესახებ. ეს სიტუაცია შეიცვალა 2015 წელს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მცირე ხნით. სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე მიმდინარე წელს დანაშაულის სრულყოფილი სტატისტიკა კვლავ არ გამოქვეყნებულა. არადა, ეს ვალდებულება 2010 წლის მემორანდუმით აღებული აქვს როგორც შს სამინისტროს, ისე საქსტატს. სოფო ვერძეულს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილის სიტყვები მოჰყავს და ამბობს:

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტრო მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულყოფილად ასრულებს და ის აწვდის საქსტატს ყოველთვიურ სტატისტიკას, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეალური ბერკეტი გადავამოწმოთ - ეს არის სამინისტროს პრობლემა, რომ სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი, თუ ეს საქსტატის პრობლემა და ტექნიკური გაუმართაობაა“.

როგორც რადიო თავისუფლებას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განუცხადა, ორგანიზაცია ამჟამად აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, რეგისტრირებული დანაშაულის გაზრდილ რაოდენობას ეხება, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი დანაშაულის 5 % იარაღის უკანონოდ ტარება/შენახვის პირობებშია ჩადენილი და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე პრევენციული ღონისძიებების გატარება გაძნელებულია. სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ გავრცელდა განცხადება 16 დეკემბერს. ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა. სოფიო ვერძეული ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ დანაშაულის პრევენცია მხოლოდ საპოლიციო რეპრესიული მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დანაშაულის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და მათთან ბრძოლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG