Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში თხილნარის მესაკუთრეებმა ენმ-ის წევრებს უჩივლეს


ანურ და გიორგი ზაქარაიების კერძო საკუთრება სოფელ ზედა ეწერში
ანურ და გიორგი ზაქარაიების კერძო საკუთრება სოფელ ზედა ეწერში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში 34 ჰექტარი თხილნარის მესაკუთრეები, მამა-შვილი ანურ და გიორგი ზაქარაიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მუქარასა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებენ. მათ, ოპოზიციური პარტიის მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით, პოლიციას რეაგირების მოხდენის მოთხოვნით მიმართეს. მიწის მესაკუთრეების განცხადებით, ზუგდიდი-ზედა ეწერის ცენტრალურ ტრასასთან მდებარე მათ კუთვნილ თხილნარში 1 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატაშა აფხაზავა და ამავე პარტიის წევრი მანუჩარ ჩხეტია შეიჭრნენ, მოსახლეობის სახელით კერძო საკუთრებაში გზის გაჭრა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თხილნარის განადგურებით დაემუქრნენ. საუბარია ცენტრალური ტრასიდან თხილნარის უკან მდებარე ე.წ. სვანების უბანთან მისასვლელი შიდა გზის გაჭრაზე.

გადმოწერა

„გვაინტერესებს რა თანხით გაქვთ შეძენილიო. მე ეგრევე მივმართე, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, რომ მიემართათ იუსტიციის სახლისთვის, საჯარო რეესტრიდან ამოეწერათ ყველაფერი და მიემართათ სასამართლოსთვის. ამასობაში, ამ ქალმა დამუქრების სახით, ისევ დამიწყო, ამას მაინც ჩამოგართმევთო. ეს თქვენ არ შეგრჩებათ, ხალხი მომყავს, აქციას ჩავატარებთო“, – განაცხადა ანურ ზაქარაიამ.

გიორგი ზაქარაიას სიტყვებით, პოლიციაში მიმართვის მთავარი მიზეზი მათთან დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა:

„ეს სამუშაო პროცესი რომ არ შეფერხებულიყო, საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ განცხადება დაგვეწერა პოლიციაში“, – ამბობს გიორგი ზაქარაია.

გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ზედა ეწერში, ირაკლი თორდიას ცნობით, ენმ-ის წევრები ხალხის სახელით მანიპულირებენ, რეალურად კი პრობლემა არ არსებობს, რადგან ცენტრალურ ტრასასთან სოფელს ორი შიდა გზა აკავშირებს: „არის ორი შესასვლელი, საიდანაც უბანს შეუძლია დაუკავშირდეს მთავარ გზას“.

თავის მხრივ, ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატაშა აფხაზავა ადასტურებს, რომ 1 სექტემბერს მანუჩარ ჩხეტიასთან ერთად იმყოფებოდა ზაქარაიების ნაკვეთში. ის უარყოფს შეჭრის ფაქტს და ირწმუნება, რომ ამ თემაზე მშვიდად საუბარი და მოლაპარაკება სურდა. ნატაშა აფხაზავამ რადიო „თავისუფლებას“ ამ ეტაპზე ჩაწერაზე უარი განუცხადა, თუმცაგანმარტებები გააკეთა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ანა წითლიძე თავად მესაკუთრეებს ადანაშაულებს ანალოგიურ ბრალდებაში. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ენმ-ის წევრებმა ზაქარაიებთან მშვიდად გასაუბრება უშედეგოდ სცადეს, ისინი გამოაძევეს ტერიტორიიდან, საღამოს კი მანუჩარ ჩხეტიას მიუვარდნენ საკუთარ სახლში და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

„ამ მუქარაზე ჩვენ შევუტანთ პოლიციაში და გვეყოლება ბევრად მეტი მოწმე, რომ სახლში მივარდნენ და მანუჩარ ჩხეტიას დაემუქრნენ. კონკრეტულად, მიწის ნაკვეთი კიდევ რამდენად სამართლიანად არის შეძენილი, ამას აუცილებლად გამოვიკვლევთ“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიამ მოსახლეობის საპროტესტო აქცია დააანონსა, ახალი გზის გაჭრის მოთხოვნით, თუმცა აქცია არ გამართულა. ზედა ეწერის უბნის მცხოვრებლებს გამგებლის წარმომადგენელი შეხვდა და მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის, საუბარი იყო ახალი სატრანსპორტო ხაზის ამუშავებაზე, რომელიც უბნის მოსახლეობას ზუგდიდის მიმართულებით და პირიქით მოემსახურება. ირაკლი თორდია მოსახლეობას ასევე დაპირდა, რომ მოხდება უბნის შიდა გზების მოხრეშა, რაც სოფლის მკვიდრთათვის მისაღები აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG