Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებს შორის დაპირისპირება ლუგანსკში


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს. ადგილობრივმა ტელევიზიამ 21 ნოემბერს აჩვენა ნიღბიანი მეომრები სამხედრო ფორმაში, ხოლო რუსეთის დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა დაბლოკეს თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ადმინისტრაციული შენობები.

რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები

  • რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ლუგანსკის გარდა, აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკის ოლქის ნაწილს.
  • რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები 2014 წლის აპრილიდან იბრძვიან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.
  • კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აღმოსავლეთ უკრაინის ამ ოლქში სეპარატისტების ლიდერმა, იგორ პლოტნიცკიმ, ნიღბიანი მეომრების მოქმედებას უწოდა პოლიციის ყოფილი უფროსის, იგორ კორნეტის, მომხრეთა ამბოხება. პლოტნიცკიმ წინა დღეს, 20 ნოემბერს, გადააყენა კორნეტი „მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით“, მაგრამ კორნეტმა უარი თქვა გადადგომაზე და სამშაბათს „ჭორი“ უწოდა ცნობას მისი მოხსნის შესახებ.

სეპარატისტებს შორის ეს კონფლიქტი, როგორც ჩანს, არ არის პირდაპირ კავშირში უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

საგანგებო განცხადებაში, რომელიც სეპარატისტების ლიდერმა გაავრცელა ლუგანსკის ცენტრში შეიარაღებული პირების გამოჩენის შემდეგ, ნათქვამია, რომ „ვითარებას აკონტროლებს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა“ და მალე საკითხი მთლიანად მოგვარდება. ამავე განცხადებაში პლოტნიცკი ლაპარაკობს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ქალაქებში სოციალური დაძაბულობის შექმნის მცდელობაზე, რაშიც ის ადანაშაულებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს „არალეგიტიმური ხელმძღვანელობის“ მომხრეებს.

თავის მხრივ, იგორ კორნეტმაც გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ სრულად ექვემდებარება „სამართალდამცველი სტრუქტურების კონტროლს“. კორნეტი წერს აგრეთვე, რომ პოლიციამ აღკვეთა „უკრაინის დივერსიული და ჯაშუშური ჯგუფის“ მოქმედება, როცა ჯგუფის წევრები სეპარატისტების ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ „დივერსიული და ტერორისტული აქტების“ მოსაწყობად. მისი თქმით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და პოლიციელები ეძებენ „ჯგუფის სხვა წევრებსა და მათ თანამზრახველებს“. ამასთან, დაწყებულია გამოძიება ლუგანსკის ტელე- და რადიოკომპანიის დირექტორის, ანასტასია შურკაევას წინააღმდეგ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანით. კორნეტი ასახელებს კიდევ ორ ეჭვმიტანილს, მათ შორის სეპარატისტების ლიდერის ადმინისტრაციის უფროსს, ირინა ტეიცმანს, ოღონდ სხვა საქმესთან კავშირში ეჭვმიტანით.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ლუგანსკთან
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ლუგანსკთან

რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები, რომლებიც, ლუგანსკის გარდა, აკონტროლებენ ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკის ოლქის ნაწილს, 2014 წლის აპრილიდან იბრძვიან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG