Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამბერტო ძანიერი: მინსკის შეთანხმება საუკეთესო შესაძლებლობაა


ეუთოს მონიტორები
ეუთოს მონიტორები

12 თებერვალს მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ გრძელდებოდა შეტაკებები და საარტილერიო დაბომბვა, რასაც ახალი მსხვერპლი მოჰყვა უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის. ამ ფონზე კიევში ჩავიდა ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი, რომელმაც მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებას საუკეთესო შესაძლებლობა უწოდა მშვიდობის მისაღწევად და განაცხადა, რომ ეუთოს დამკვირვებლები მზად არიან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მონიტორინგის განსახორციელებლად.

მინსკში მიღწეული შეთანხმება არის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა და რაც გაგვაჩნია, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ შეთანხმებამ იმუშაოს, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ კიევში 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა ეუთოს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებებისა და ახალი მსხვერპლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო.

„როდესაც ჩვენ ამ სიტუაციას ვაფასებთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენს შემთხვევაში ეუთო, ნებისმიერი ორგანიზაციის მსგავსად, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ეფექტიანი იყოს. მაგრამ უკვე შეშფოთებული ვარ იმით, რომ დღეს დილით კვლავ ვიხილეთ საბრძოლო მოქმედებების განახლება. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ, მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დათქმულ დროში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები და ნამდვილად გვსურს დავიჯეროთ, რომ საბრძოლო მოქმედებების შენელება დათქმულ ვადაზე ადრე, ამ მომენტიდან დაიწყება“, განაცხად ძანიერიმ და დაამატა, რომ ეუთოს დამკვირვებლები მზად არიან რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონიტორინგისათვის, თუ მათ შესაბამისი მანდატი და უსაფრთხოების გარანტია ექნებათ.

12 თებერვალს მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეუთომ უნდა განახორციელოს ასევე მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვაზე, რაც 15 თებერვლის შუაღამით უნდა ამოქმედდეს.

თუმცა უკრაინიდან გავრცელებული ცნობები არ იძლევა იმედს, რომ ცეცხლი დათქმულ დროში შეწყდება. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თანახმად, წუხელ 11 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40 დაიჭრა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებების დროს. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის პრესცენტრი იუწყება, რომ ხუთშაბათს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა, სულ ცოტა, 70-ჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი უკრაინის არმიას, მათ შორის, „გრადის“ ტიპის რეაქტიული დანადგარებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან. ყველაზე მეტად საარტილერიო იერიშის შედეგად დაზარალდა დებალცევო, ჩერნუხინო და კამენკა.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, პარასკევ ღამით ლუგანსკი საარტილერიო დაბომბვის სამიზნე იყო. ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და რძის ქარხანა. დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ლუგანსკში მყოფი სეპარატისტების თანახმად, საარტილერიო ცეცხლი უკრაინის არმიამ გახსნა.

საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გამო ევროკავშირი სიფრთხილით უყურებს მინსკის შეთანხმების შესრულებას.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ დააწესებს ახალ სანქციებს, თუკი უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმება სრულად არ განხორციელდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ ზეწოლის შენარჩუნება იმისათვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, „ჩვენი რწმენა პრეზიდენტ პუტინის კეთილი ნების მიმართ მწირია და ამიტომაც სანქციების შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა შევცვალოთო“. ევროკავშირმა 16 თებერვალს უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაუწესებს თუ არა სავიზო აკრძალვას და გაუყინავს თუ არა ანგარიშებს რუსეთის კიდევ 19 მოქალაქესა და უკრაინელ სეპარატისტს, აგრეთვე 9 კომპანიას. ეს დამოკიდებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე.

პესკოვის თქმით, სავჩენკოს ბედს სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა 13 თებერვალს განაცხადა, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი ქალის ბედს სასამართლო გადაწყვეტსო. დმიტრი პესკოვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მინსკის სამიტის დროს არანაირი დაპირება სავჩენკოს განთავისუფლების თაობაზე არ ყოფილა. კრემლის წარმომადგენლის თანახმად, მოლაპარაკებების დროს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დაინტერესდნენ უკრაინელი მფრინავი ქალის ბედით, რასაც ვლადიმირ პუტინის მხრიდან შესაბამისი განმარტებები მოჰყვა. მინსკის სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების თაობაზე, თუმცა პატიმრობაში მყოფი მფრინავი ქალის ადვოკატებს არ სჯერათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სწრაფად გათავისუფლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG