Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსრულებელი „კაბელი“


ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაცვის და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინეს. სასამართლოში მტიცებულებების ჩაბარების პროცესს მხარეებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებულების მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა, პროკურატურა კი არ გამორიცხავს, რომ „კაბელების საქმის“ ფარგლებში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები დაიკითხონ.

27 მარტს დილით ე.წ. „კაბელების საქმის“ პროკურორებსა და ადვოკატებს შორის მცირე დაპირისპირებამოხდა მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურისგან საქმეზე მტკიცებულებები სრულად არ მიუღიათ.

26 მარტს ამოიწურა სასამართლოში მტკიცებულებათა გადაგზავნის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს. გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავა 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც, პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. მიუხედავად პროკურორების და ადვოკატების კამათისა, 21 ტომისგან შემდგარი მასალები ბრალდების მხარემ სასამართლოს 27 მარტს დილით წარუდგინა.

ადვოკატებს ფოსტითაც კი გადავუგზავნეთ ეს ნუსხა, მაგრამ უარს ამბობდნენ მიღებასა და ხელმოწერაზე, მერე კი, როდესაც უკვე ტელევიზიები გამოჩნდნენ, იძულებულები გახდნენ ჩაებარებინათ ნუსხა...
ზვიად გუბელაძე

სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტების წინ დადგმული შოუ უწოდა. მისი თქმით, ადვოკატების განცხადება, რომ დაცვის მხარეს პროკურატურამ მხოლოდ მტკიცებულებების ნუსხაზე ხელმოწერა სთხოვა, მტკიცებულებების გადაცემის გარეშე, აბსურდულია.

„ადვოკატებს ფოსტითაც კი გადავუგზავნეთ ეს ნუსხა, მაგრამ უარს ამბობდნენ მიღებასა და ხელმოწერაზე, მერე კი, როდესაც უკვე ტელევიზიები გამოჩნდნენ, იძულებულები გახდნენ ჩაებარებინათ ნუსხა. ისინი ხშირად მიმართავენ ამგვარ ხრიკებს“, - ამბობს ზვიად გუბელაძე.

მისი მტკიცებით, დაცვის მხარეს სრულად გადაეცა მტკიცებულებების ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს არ შეიცავს. მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებები წარმოადგენს საქმის მასალების მხოლოდ 1 პროცენტს და ადვოკატები ამ მასალებსაც იცნობენ. იოსებ ბარათაშვილი, საქმის ადვოკატი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პროკურატურისგან გადაცემული ნუსხა, რომელსაც თან არ ახლავს არც ერთი მტკიცებულება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევაა. მისი მტკიცებით, 26 მარტს დაცვის მხარემ მტკიცებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი -300-გვერდიანი მასალა - მიიღო, მაშინ როდესაც მასალის მთლიანი რაოდენობა თითქმის 14 ათას გვერდს შეადგენს. სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურამ მათ განუცხადა, დანარჩენი მასალები საქმის მსვლელობის პროცესში უკვე მიღებული გაქვთ და განმეორებით გადმოცემა საჭირო არ არისო. ადვოკატებმა 27 მარტს ხელი მოაწერეს 50-გვერდიან მტკიცებულებების ნუსხას, თუმცა ისიც დააფიქსირეს, რომ ნუსხას თან არ ერთვის არც ერთი მტკიცებულება. იოსებ ბარათაშვილი უკმაყოფილების მიზეზს განმარტავს:

იოსებ ბარათაშვილი
იოსებ ბარათაშვილი

„რაც გადმოგვცეს, ცხადია, იმაზე მოვუწერეთ ხელი, მაგრამ რაც ვერ გადმოგვცეს და, მათი თქმით, ადრე გვქონდა მიღებული, ვუთხარით, რომ წარმოგვიდგინეთ ის ჩაბარების აქტები, რომლებზეც ხელი გვაქვს მოწერილი წინა მტკიცებულებების ჩაბარების დროს და შევადარებთ თქვენ მიერ დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ისინი პერიოდულად გვაძლევდნენ მტკიცებულებებს, მაგრამ იმის დაკონკრეტება, რას გვაძლევდნენ და რას არ გვაძლევნენ, აი, ეს ვერ მოახდინა დღეს პროკურატურამ“, - ამბობს იოსებ ბარათაშვილი.

ის ლაპარაკობს კიდევ ერთ დეტალზე, რაც, მისი თქმით, მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო მანქანა ებრძვის უდანაშაულო ადამიანებს და ისინი პოლიტიკურ ბრძოლას ეწირებიან. საქმე ეხება პროკურატურის მიერ დანიშნულ ახალ ექსპერტიზას, რომელიც, ადვოკატის თქმით, 26 მარტს გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროში დანიშნეს. ესაა ფინანსური და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზები.

„მათ ექპსერტიზა უკვე ჩატარებული აქვთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და სწორედ ამ ექსპერტიზის საფუძველზე არიან დაკავებული ადამიანები. ის, რა ექსპერტიზაც უკვე ჩატარებულია, ახლა იგივე კითხვებით უკვე შსს-ში დანიშნეს ექსპერტიზა“, - ამბობს იოსებ ბარათაშვილი.

კვლავაც არ არსებობს საქმეში მოტივი, კვლავაც არ არსებობს რეალური ბრალდება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ საქმეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი...
ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს დააკავა. ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. ამაში დარწმუნებულია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერიც, ირაკლი ჩიქოვანი. მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ ე.წ. „კაბელების საქმეში“ თავად პროკურატურას ეპარება ეჭვი.

„კვლავაც არ არსებობს საქმეში მოტივი, კვლავაც არ არსებობს რეალური ბრალდება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ საქმეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი“, - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

„კაბელების საქმეზე“ სასამართლო სხდომა დანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის ყოფილ თანამშრომლებს გაამართლებს. თუმცა, როგორც პროკურატურის სამომავლო გეგმებიდან ირკვევა, შესაძლოა, საქმე მხოლოდ ხუთი პირის დაკავებით არ დასრულდეს. ზვიად გუბელაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ პროკურატურას აქვს კითხვები სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც, მიმდინარეობს ძიება და თუკი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამის შესახებ საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

XS
SM
MD
LG