Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანიას სამი წელი


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი ანგარიში ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან ხელშეშლის მიუხედავად, „დღედაღამ მუშაობის შედეგად“, მერიამ ქალაქისთვის მრავალი საკეთილდღეო საქმე გააკეთა, მათ შორის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თუ ქალაქისთვის ახალი ტურისტული ხიბლის შემატების თვალსაზრისით. როგორ აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედაქალაქში უკანასკნელ სამ წელიწადში განხორციელებულ სამუშაოებს?

დავით ნარმანიას სამი წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:12 0:00
გადმოწერა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, სამი წლის წინ ამ დღეს დედაქალაქის ხელმძღვანელობაში ახალი გუნდი მოვიდა, რომელსაც დახვდა თითქმის „განიავებული ბიუჯეტი“ და, რესურსების მობილიზების შედეგად, 2014 წლიდან მოყოლებული, დედაქალაქში განხორციელდა მასშტაბური სამუშაოები, მათ შორის , შემოწმდა ქალაქში არსებული ყველა ხიდი და აშენდა ერთი ახალი ხიდი. ოპონენტების დიდი წინააღმდეგობის მიუხედევად, გაკეთდა შინდის- კრწანისის დამაკავშირებელი გზა, აშენდა ასევე სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა.თბილისის მერმა ილაპარაკა 13 ივნისის სტიქიის შესახებ და აღნიშნა , რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე დაიხარჯა 90 მლნ ლარი, განახლდა ავტობუსების ბაზა, მოეწყო ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა და სხვა:

„ჩვენ დღე და ღამე მუშაობით უამრავი საქმე გავაკეთეთ. როცა ჩვენ მერიაში მოვედით, კარგად გახსოვთ, ბიუჯეტი დაგვხვდა პრაქტიკულად განიავებული. მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, 4 მლნ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა გაკეთდა თბილისში. საამაყო პროექტი ამ თვალსაზრისით არის პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია. 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში. სულ რაღაც 10 დღის წინ გაიხსნა ახალი ავტობაზა და ყველა ავტობუსი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ კომპანია „მან“-ისგან, 143-ვე ავტობუსი, ექსპლუატაციაშია და სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდა. საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტია „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი შენობის აღდგენა-რესტავრაცია მოხდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამასთან, გავაჩინეთ ქალაქში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი და ჩვენი თანამოქალაქე დადის“.

დავით ნარმანიას თქმით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან, სარეკრეაციო სივრცის სახით, დედაქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. მისივე სიტყვებით, მუშავდება და ქალაქს ძალიან მალე ექნება განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა, თუმცა განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობა და მისი დამუშავების პროცესში დაინტერესებული პროფესიონალების აზრის გაუთვალისწინებლობა მიაჩნია ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს, „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, მერიის სამწლიანი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად:

„თუნდაც ის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, როგორიც არის გენგეგმა, როგორიც არის თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფცია, ამ თემებზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაცია არ ყოფილა და ეს დოკუმენტები არ დაედო საფუძვლად იმ დიდი დოკუმენტის შექმნას, რასაც ჰქვია თბილისის გენერალური გეგმა, ისევე როგორც თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული და ამის ყველაზე „კარგი“ მაგალითი არის k2 კოეფიციენტების შეზღუდვა, რასაც საპროექტო ჯგუფი დიდი ხანია ითხოვდა და ძალიან დაგვიანებით მოხდა მისი შემოღება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბრძანებულებაში, რომელსაც ბატონი ნარმანია აწერს ხელს, პირდაპირ წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს კოეფიციენტი ისევ გაიყიდება“.

ამასთან, როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, დედაქალაქის მთავრობა არჩევნებამდე პირობას დებდა, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდებოდა და დასრულდებოდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფი. მაგრამ გუდიაშვილის მოედანი დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული და იქ მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო. ცირა ელისაშვილისავე სიტყვებით, ამ წლებში თბილისს დაემუქრა ისეთი ოდიოზური პროექტი, როგორიც არის „პანორამა თბილისი“ და პროექტის განხილვა სრულიად დახურულ რეჟიმში წარიმართა.შესაბამისად, მისი თქმით, იმ მანკიერმა პრაქტიკამ, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და სხვა რეკრეაციულ ზონებში მშემებლობის ნებართვის გაცემასთან მიმართებით, უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორსა და მერიას შორის მჭიდრო თანამშროლობა იყო, ამბობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი, მთლიანობაში, სატრანსპორტი ქსელისა და ადამიანის უსაფრთხოებაზე მორგებული პროექტების თვალსაზრისით - მათ შორის, პარკირების სისტემის გაუმჯობესებაზე - საუბარი არ გააქტიურებულა და ეს საკითხები კვლავ მოსაგვარებელი რჩება. მათი მოგვარება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს ინტეგრირებული თემებია, ამბობს ეკატერინე ლალიაშვილი:

„ქალაქს არ აქვს ტრანსპორტის განვითარების თავისი გეგმა, არ აქვს ურბანული განვითარების გეგმა, რომელშიც ასევე კეთილმოწყობა, ტრანსპორტი თუ ეკოლოგია იქნება გაერთიანებული და როდესაც ასეთი გეგმა არ აქვს დედაქალაქს, ბუნებრივია, ამის კეთებით უნდა დავიწყოთ, რომ სამი და ოთხი წლის შემდეგ ვთქვათ, თუ რას მივაღწიეთ, რა შევცვალეთ და რა შედეგებამდე მივედით. დღეს თუნდაც მერის მიერ ამის თქმა რთულია, იმიტომ რომ ის ღონისძიებები და აქტივობები, რაც განხორციელდა, იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანის კუთხით თუ ინფრასტრუქტურული ცვლილებების კუთხით, ეს იყო უფრო ფრაგმენტული ცვლილებები, რომელსაც იმ მომენტში გარემოება მოითხოვდა, მაგრამ თუ ჩვენ საუბარი გვაქვს ქალაქის განვითარებაზე ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მხრივ, ამ შემთხვევაში უფრო ძირეულ ცვლილებებზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ჩვენ, ალბათ, მომავალი მერობის კანდიდატისგან დაველოდებით“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG