Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსი 2015 და ინვესტიციების ნაკლებობის პრობლემა საქართველოში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, სადაც 21-24 იანვარს ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება, საქართველო პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას ცდილობს. წლევანდელი საგანგებო იმედი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძირითადი სეგმენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის - პერსპექტივებს უკავშირდება. არის თუ არა საქართველო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და რა შემთხვევაში გამართლდება ფორუმთან დაკავშირებული იმედები?

დავოსის ფორუმზე, რომელიც მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ტრადიციულად, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსაც მასპინძლობს, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. წარმომადგენლობითი ფორუმი სახელმწიფოთა ლიდერებს პირისპირ შეხვედრისა და საჭირბოროტო საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებასაც აძლევს. 22 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. ასევე 22 იანვარს პრემიერი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და, თუკი ოფიციალურ წყაროს დავეყრდნობით, ლიტვის პრეზიდენტმა „დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს“. ამასთან, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზეც იმსჯელეს და ყურადღება, ცხადია, სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე გაამახვილეს.

რადგანაც ჩვენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვლაპარაკობთ, დავოსის სტუმრების ინტერესები ძირითადად სწორედ ეკონომიკურ ჭრილში განიხილება. სხვა ქვეყნების მსგავსად, ინვესტორებისთვის თავის მოწონებას ცდილობს საქართველოც და თუ რით იწონებს თავს ქვეყანა, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს:

„საქართველო უნდა წარმოვაჩინოთ როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ლოგისტიკური და გეოგრაფიული შესაძლებლობები, აქვს მარტივი ბიუროკრატია, აქვს დაბალი გადასახადები და ძალიან კარგი საწარმოო პოტენციალი, ვინაიდან ჩვენ შარშან ავამოქმედეთ უკვე ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება“.

ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღებულ სარგებელზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ილაპარაკა 22 იანვარს, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა სესიაზე, სახელწოდებით "მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში". ღია საზღვრების პოლიტიკის ურთიერთსასარგებლო მხარეებზე ლაპარაკისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ და რომ ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს“. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ „მეზობლებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უკვე მოიტანა საგრძნობი პოზიტიური შედეგები, რომ ამ ეტაპზე საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა დაახლოებით ერთი მილიარდი მომხმარებლის ბაზართან ევრაზიის კონტინენტზე და რომ „მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან“.

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში უკვე გამოჩნდა კონკრეტული პერსპექტივები და საქართველოში ფულის დაბანდებით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა. მათ შორის სახელდება სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით დაინტერესებული მსხვილი ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს ბიზნესს.

თუმცა ოპტიმისტური პროგნოზები, რაც, ტრადიციულად, ყოველწლიურად გვესმის დავოსის ფორუმიდან, შეიძლება ითქვას, ვერ პოვებს სათანადო ასახვას რიცხვებში. ფაქტია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბები საქართველოში არც 2014 წელს იძლეოდა აღფრთოვანების საფუძველს, მიუხედავად იმისა, რომ სამი კვარტალის მონაცემები შარშან უფრო მაღალი იყო (923.3 მილიონი დოლარი), შარშანწინდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (715 მილიონი დოლარი).

შარშანწინდელთან შედარებით გაზრდილ მონაცემს ერთი კომპანიის ტრანზაქციას - კერძოდ, ჩინური კომპანია „ხუალინგის“ მიერ ერთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტში ჩადებულ ფულს - უკავშირებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. ის დარწმუნებულია, რომ ბოლო წლების მსგავსად, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კვლავ მილიარდი დოლარის ფარგლებში ტრიალებს, სურათი პრაქტიკულად არც შარშან შეცვლილა:

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ მიმართულებით გარღვევაა საჭირო, საჭიროა 2 მილიარდი დოლარი მაინც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაწილეობა და ხვედრითი წილი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში, ეკონომიკის ზრდაში, ხელშესახები და დასანახი გახდეს საზოგადოებისთვის და, ამავდროულად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“.

ლევან კალანდაძისთვის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დიდი შესაძლებლობების ფორუმია, მაგრამ თუკი სახელმწიფო დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს არ დაახვედრებს, მათი დაინტერესებაც მალე გაქრება. ექსპერტის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შორის არის რთული ბიუროკრატიული მექანიზმები, რაც უცხოელ ინვესტორებს ხშირად უწყებიდან უწყებაში ქაღალდების დასტით უშედეგოდ სირბილსა და თანამდებობის პირთა კაბინეტებთან ლოდინსაც აიძულებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირე არც ეკონომიკის საკითხების სპეციალისტ დემურ გიორხელიძეს უკვირს. ობიექტური ფაქტორების გარდა, რაც, მაგალითად, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა თუ რუსეთისა და უკრაინის ფაქტორებს უკავშირდება, ინვესტორებს ნდობის უქონლობაც აფერხებს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოში ფულის დაბანდებას ჯერჯერობით ვერც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ბედავენ:

„საერთო კაპიტალიზაცია რომ ნახოთ, საბაზრო ღირებულებით, საზღვარგარეთ ქართველების ბიზნესი დაახლოებით 80 მილიარდს შეადგენს. ისინი მზად არიან თავიანთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, მაგრამ გარანტიები სჭირდებათ, რომ მათ ასეთ ბიუროკრატიასთან არ ექნებათ საქმე, რომ ვიღაცის ჩაწყობა-ჩამოწყობასთან არ ექნებათ საქმე, მათ არ ექნებათ „კრიშები“ საძებნელი... მათ უნდათ, რომ საკუთრება დაცული იყოს; მათ უნდათ თამაშის წესები გარკვეული იყოს“.

მართალია, დემურ გიორხელიძის თქმით, დღეს საქართველოში ბიზნესმენებს „ხელისუფლება აღარ ძარცვავს და არც ქონებას ართმევს უკანონოდ“, მაგრამ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის. გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ ვიდრე აქტიურობისა და წარმატების მაგალითებს ადგილობრივი ბიზნესი არ დაანახვებს, უცხოელი ინვესტორები არც კი იფიქრებენ სერიოზული თანხების დაბანდებაზე საქართველოში. და თუ ეს ასე არ იქნება, სიტუაციას ვერც დავოსის ფორუმი უშველის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG