Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემირელის სკოლის დახურვა: საფასური დარღვევებისთვის თუ თურქეთის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება?


დემირელის კერძო კოლეჯი თბილისში
დემირელის კერძო კოლეჯი თბილისში

თბილისში, დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას – ორგანიზაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევებით ხსნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, ხოლო საქართველოს განათლების სამინისტრო პირობას დებს, რომ მოსწავლეები და პედაგოგები არ დაზარალდებიან. თუმცა სკოლის დახურვის ფაქტმა გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ანალიტიკოსების ნაწილი უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დაიხურა უკვე მეორე სასწავლო დაწესებულება, რომელიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიიჩნევა და რომელიც თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხული, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ფეტულა გიულენის სახელთან ასოცირდება. ანალიტიკოსები ამავე კონტექსტში განიხილავენ იმ ფაქტს, რომ ისევ პატიმრობაში რჩება დემირელის სკოლის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მას სწორედ ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერა ედება ბრალად.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების სხვა სკოლაში გადაყვანის პროცესი წარიმართოს უმტკივნეულოდ და ძალიან მოკლე დროში დასრულდეს“ – ეუბნება რადიო თავისუფლებას, დემირელის სახელობის სკოლასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – ნატა ასათიანი. პროცესი უკვე დაწყებულია:

„ჩვენ კერძო სკოლებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გამოითქვა კიდეც მათი მხრიდან მზაობა, რომ მიიღონ მასწავლებლები და მოსწავლეები თავიანთ სკოლებში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი მოსწავლე, ცხადია, არ დარჩება სკოლის გარეშე და მასწავლებლებიც არ დარჩებიან სკოლის მიღმა... რადგან ორი კვირაა დარჩენილი სასწავლო წლის დაწყებამდე, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში უნდა უზრუნველვყოთ ამ მოსწავლეებისთვის სხვა სკოლის მოძიება, ისეთი სკოლის, რომელიც მათ აწყობთ“.

დემირელის სახელობის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სასწავლო დაწესებულებამ უარი მიიღო ხელახალ ავტორიზაციაზე. ეს 29 აგვისტოს მოხდა. დარღვევებს, რომლებიც ამ სკოლის საქმიანობაშია აღმოჩენილი, საქართველოს კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვას უწოდებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას მან დარღვევების ნაწილიც ჩამოთვალა:

„დემირელის სკოლაში შესაძლებელი ყოფილა, თურმე, რომ ერთ დღეში მიიღონ მოსწავლე, რომელმაც არ იცის ქართული ენა და სწავლება სწორედ ქართულად არის დეკლარირებული; მოამზადონ მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ჩააბარებინონ იმავე დღეს 7-8 გამოცდა, მაგალითად: ქართულ ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში და ასე შემდეგ – ქართულად; დაუდასტურონ, რომ მოსწავლემ (თუ მოსწავლეებმა) წარმატებით დაძლიეს ეს ბარიერი და იმავე დღეს გაუშვან სკოლიდან, რა დღესაც ჩარიცხეს – უკვე ლეგიტიმური, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დადასტურებული დოკუმენტებით. აი, ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე და, გარდა ამისა, კიდევ უამრავი დარღვევაა, ყველა მიმართულებით“.

დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი აღიარებს, რომ, 12 მოსწავლესთან დაკავშირებით, ტექნიკური ხარვეზი მართლაც „გაიპარა“, მაგრამ ის ავტორიზაციის საბჭოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების დიდ ნაწილს არ ეთანხმება და თვლის, რომ უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის ენის ცოდნასთან მიმართებით დანერგილი გამარტივებული მიდგომებით მის დაწესებულებას კანონი არ დაურღვევია. როგორც ნინო კავთიაშვილი ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“, ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს:

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავასაჩივრო საბჭოს გადაწყვეტილება, ვინაიდან არის რიგი საკითხები (და ძალიან ბევრი საკითხი), რომლებიც, ჩემი აზრით – დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება რეალობას... ადრე დიდ პატივს ვცემდი საბჭოს გარკვეულ წევრებს, მაგრამ ისინი ხელაღებით არღვევენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, სკოლის სახელს ლახავენ და კრიმინალებად და თაღლითებად გამოჰყავთ სკოლის წარმომადგენლებიც და სკოლაც... ეს ჩემთვის არის იმდენად მიუღებელი, რომ ამაზე ნამდვილად ღირს რეაგირება“.

31 აგვისტოს ნინო კავთიაშვილმა თავი შეიკავა, რომ დემირელის სკოლის ავტორიზაციის შეჩერების ფაქტი დაეკავშირებინა ამ დაწესებულების მენეჯერის – მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობის ფაქტთან. როგორც ცნობილია, ჩაბუქს 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა. თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს დააკავეს თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით. თურქეთი მას ბრალად სდებს ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფს.

გია მურღულია თქმით, როდესაც ლაპარაკია კანონის დადასტურებულ უხეშ დარღვევაზე, პოლიტიკურ საფუძველზე აპელირება აბსურდულია. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ეჭვებს მაინც გამოხატავს იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ დემირელის სკოლის დახურვამდე (კერძოდ – 2017 წლის თებერვალში) ავტორიზაცია შეუჩერდა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც, რომელიც ასევე წარმოადგენდა ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს. მიზეზად დასახელდა ასევე საქმიანობის პროცესში გამოვლენილი არაერთი დარღვევა. თუმცა ბევრს ეჭვები გაუჩინა იმან, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის 2016 წლის ივლისში გაკეთებული განცხადება. თურქეთში 16 ივლისის ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შეფასებისას კონსულმა თქვა, რომ ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ტერორიზმს უწყობენ ხელს. მართალია, შემდეგ, ეს თარჯიმანის შეცდომას დაბრალდა, მაგრამ ფაქტი სადავო ფაქტად დარჩა.

2016 წლის 22 ივლისს დემირელის სახელობის სკოლამ და ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეულმა სხვა სასწავლო დაწესებულებებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი ემიჯნებიან ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობას და მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდებები ტერორისტულ ინტერესებთან დაკავშირებით. ისინი ასევე უარყოფდნენ რაიმე სახის კავშირს ფეტულა გიულენის სახელთან და მათ შორის – დაფინანსების კუთხითაც. ხელმომწერთა შორის იყო ასევე ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმიც.

ფეტულა გიულენის სახელთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებებზე საუბარი იყო 19 ივლისს ანკარაშიც, როცა იქ ერთი დღით ჩავიდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში იყო ასევე იმხანად საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე და როგორც მან განაცხადა რადიო თავისუფლებასთან, თურქეთის პრემიერ ბენალი ილდირიმთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლება დაპირდა თურქულ მხარეს, რომ „ყურადღებით დააკვირდება“ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას, რომლებიც ფეტულა გიულენის სახელს უკავშირდება. თედო ჯაფარიძემ იქვე განმარტა, რომ თურქულ მხარეს არ მოუთხოვია სასწავლო დაწესებულებების დახურვა.

ფეტულა გიულენი 1999 წლიდან ცხოვრობს და საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიულ სახელმწიფოში და მგონია, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს არ გამოეპარებოდა, თუკი გიულენს რაიმე შეხება ექნებოდა ტერორიზმთან. თუკი ის მართლაც ტერორიზმს უწობს ხელს, მაშინ რატომ არ აპატიმრებენ მას შეერთებულ შტატებში?!
ნიკა ჩიტაძე

ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ გაააქტიურა ფეტულა გიულენის თანამოაზრეების დევნა, პროცესმა მასობრივი სახე მიიღო და ამ მიზეზით ძალიან ბევრი ადამიანი უკვე საპყრობილეშია. საქართველოში მიმდინარე პროცესებს სწორედ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით მიმდინარე პროცესებად აღიქვამს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი და მათ შორის არის გია ნოდიაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს – ანკარას ასიამოვნოს:

„გასაგებია, რომ თურქეთიდან არის ერთგვარი დაკვეთა – გიულენთან დაკავშირებული სკოლები, შეიძლება ითქვას, იდევნება. აქ გამოკვეთილი პოზიციაა: ჯერ შაჰინის სკოლა, ახლა დემირელის კოლეჯი, მისი ყოფილი დირექტორი ციხეში ზის... აქ ძალიან მკაფიო სურათია. სამწუხაროდ, ეს მექანიზმები, როგორიც არის ავტორიზაცია – გახდა პოლიტიკური იარაღი“.

მიუხედავად ზემოთქულისა, გავრცელებული ინფორმაციით, მაგალითად, იმავე ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში შემავალმა სასწავლო დაწესებულებამ – „ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ფუნქციონირებას განაგრძობს. ანკარის პოზიციასთან შესაბამის პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც. ის თვითონ მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეს მიეკუთვნება. როგორც ნიკა ჩიტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას – ვერავინ ამტკიცებს, რომ ამ სივრცის სასწავლო დაწესებულებებს რაიმე კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან და კავშირი მართლაც არ არსებობს, თუმცა – ასეც რომ იყოს, ეს დანაშაული არ არის:

„ფეტულა გიულენი 1999 წლიდან ცხოვრობს და საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიულ სახელმწიფოში და მგონია, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს არ გამოეპარებოდა, თუკი გიულენს რაიმე შეხება ექნებოდა ტერორიზმთან. თუკი ის მართლაც ტერორიზმს უწობს ხელს, მაშინ რატომ არ აპატიმრებენ მას შეერთებულ შტატებში?!“

ნიკა ჩიტაძე მოელის, რომ ფეტულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი სასწავლო დაწესებულებების დახურვის პროცესი საქართველოში კვლავაც გაგრძელდება. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში იკვეთება აკადემიური პროცესების პოლიტიკური დაკვეთის მიზეზით შეზღუდვის ცალსახა სურათი და ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG