Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის საშემოდგომო სესია არ შედგა


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვერ მოასწრო - მათ შორის, კენჭი ვერ უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის ჩაშლის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა დასძინა ისიც, რომ დეპუტატთა ნაწილის გამოუცხადებლობა პარლამენტში წინასაარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. „პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნებს გარკვეული კორექტივები შეაქვს“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ამართლებს წინასაარჩევნო კამპანია საკანონმდებლო საქმიანობის ჩაშლას?

პარლამენტის საშემოდგომო სესია არ შედგა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:48 0:00
გადმოწერა

წინასაარჩევნო კამპანიის მიზეზით, საკანონმდებლო საქმიანობის ჩაშლა მისასალმებელი არ არის, მაგრამ კამპანიას დეპუტატების მონაწილეობით კანონი არ კრძალავს. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა საკანონმდებლო ორგანოს თავის ვადაში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ამოეწურა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობა, -გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა კითხვაზე, ნორმალურია თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაცარიელება წინასაარჩევნოდ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს, სხდომა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ინიშნება. 7 სექტემბერს რეგისტრაცია 30-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ როდესაც სხდომის გასამართად მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო. სხდომის დღის წესრიგში სულ 8 კენჭის საყრელი და 11 განსახილველი საკითხი იყო. ამ საკითხების მნიშვნელობაზე დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა მედიასთანაც გაამახვილა ყურადღება:

ის, რომ უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება, მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, - როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის, - დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ...
ანა დოლიძე

“დღეს ჩვენ უნდა განგვეხილა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკადრო საკითხები. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ვადა გასდის, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ ფრაქციის უმრავლესობისთვის. არც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მე არ შემინიშნავს „ქართული ოცნებიდან“ აქ. კენჭი უნდა ვუყაროთ 85 თუ 87 მილიონის სარატიფიკაციო დოკუმენტს. თუ ეს ვერ იქნება რატიფიცირებული, საქართველო წელს ამ ფულს ვერ მიიღებს, ამ დახმარებას ვერ მიიღებს. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება“.

დავით ბერძენიშვილის გარდა, საშემოდგომო სესიის ჩაშლის პოლიტიკურ მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც ქუთაისში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან - ლევან ბოძაშვილთან, ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილთან - ერთად იმყოფებოდა. მათი დამტკიცება პარლამენტმა ვერც 7 სექტემბერს შეძლო:

“ის, რომ უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება, მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, - როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის, - დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ასევე საკუთარი მოვალეობების მიმართ და მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ელიან სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“.

7 სექტემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატთა შორის კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, იყვნენ რესპუბლიკელები, კონსერვატორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, ზოგადად, დეპუტატთა მცირე რაოდენობისა და ჩაშლილი სხდომის გამო, დავით უსუფაშვილს მოუხდა ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

“მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ვინაიდან პარლამენტი, დღეის მდგომარეობით, არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე. მე მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, რომელიც აქ ბრძანდება. მიუხედავად არანაკლებ დაძაბული გრაფიკისა, შეძელით მობრძანება აქ. მეორე მხრივ, არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს ყველა ტიპის ცხოვრებაში, მათ შორის, პარლამენტის ცხოვრებაში. თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც ჩვენ, ყველა, 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შეძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, წინასაარჩევნოდ პარლამენტში კვორუმის შეკრების გაძნელებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს და ამ ფაქტის პრეცედენტულობაზეც კი მიუთითებს:

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ასე იყო მანამდეც, ოთხი წლის წინაც. ეს არ არის დივერსია, ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პერიოდი, როდესაც გართულდა შესაბამისი რაოდენობის დეპუტატების მოხმობა დარბაზში“.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ შეუძლებელია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი ქმედებაუნარიანი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG