Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიაფილმი - ის, რაზეც თაობები გაიზარდნენ


დიაფილმის ფირები
დიაფილმის ფირები

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული დიაფილმების კოლექცია გამოფინა. გამოფენაზე წარმოდგენილია ას ორმოცდაათამდე დიაფილმი, რომლებიც არქივმა საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოიძია. დიაფილმი პოზიტიურ ფირზე გადატანილი ნახატები და ტექსტია, რომლის საჩვენებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება. ქართული დიაფილმების ისტორია 1950-იან წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების სტუდიაში დაიწყო. დიაფილმები საქართველოში 1950-1980-იან წლებში სარგებლობდა პოპულარობით.

დიაფილმი - ის, რაზეც თაობები გაიზარდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:43 0:00
გადმოწერა

დაახლოებით, ოცდაათი წლის წინ ზოგ საკლასო ოთახში ფანჯრებზე, თეთრთან ერთად, შავი ფარდებიც იყო ჩამოკიდებული. მას საგანგებოდ დიაფილმის ჩვენებისთვის იყენებდნენ. მასწავლებელი ამ შავ ფარდებს ჩამოაფარებდა, შუქს ჩააქრობდა, დაფაზე თეთრ ქაღალდს გააკრავდა და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გაკვეთილი იწყებოდა.

ეროვნული არქივის წარმომადგენელი გიორგი კაკაბაძე დიაფილმის შესახებ ჰყვება:

გამოფენა
გამოფენა

„დიაფილმი არის ერთგვარი კომიქსი, ოღონდ ფირზე გადაღებული. მაშინ, როცა არ არსებობდა კომპიუტერი და ასე შემდეგ, მულტიპლიკაციური ფილმი ან კინოში უნდა გენახა, ან ტელევიზორში გეყურებინა, ამ დროს დიაფილმი იყო უფრო პირადი, ოჯახური გამოყენების კომიქსი. სკოლებშიც ჰქონდათ, მაგრამ ძირითადად მაინც ოჯახებში. საღამოობით ბავშვები იკრიბებოდნენ და პატარა დიაპროექტორებით უყურებდნენ. ეს ერთ-ერთი გასართობი საშუალება იყო იმ პერიოდში“.

დიაფილმების თემატიკა ძირითადად საბავშვო ზღაპრებია. გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები ამას ნათლად ასახავს: „ლუარსაბის სიზმარი“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ბიჭი და ვირი“, „დედაბერი“, „ზარმაცი წერო“, „ყოჩაღი ბაკური“. თითოეულ ნახატს თავისი ტექსტი აქვს. მაგალითად, დიაფილმი „მთვარეზე გაფრენა“ - ამ ზღაპარში ინდაური, ბატი და ძაღლი მთვარეზე მიფრინავენ. ერთ-ერთი ნახატის ქვეშ წერია: „ზარბაზანი მთვარეს დაუმიზნა და ვედროში ჩაიმალა“.

„ეს ფილმები არის სარესტავრაციო. ის, რაც უკვე რესტავრირებულია (გავუკეთეთ ფერის კორექცია და ასე შემდეგ), გამოვფინეთ. რა თქმა უნდა, აქ არის ორიგინალი ნახატები, რომლებიც შევიძინეთ. სადღაც 1500 ნახატი გვაქვს. უფრო პოპულარობის მიხედვით გვაქვს შერჩეული, მაგალითად, როგორიცაა „წუნა და წუწუნა“, „ჩხიკვთა ქორწილი“ და ასე შემდეგ“.

ვიოლეტა ქაროსანიძე
ვიოლეტა ქაროსანიძე

კინოოპერატორი ვიოლეტა ქაროსანიძე ერთ-ერთი იყო, ვინც დიაფილმების შექმნაზე მუშაობდა. მისი თქმით, ძირითადად ხალხურ ზღაპრებს აკეთებდნენ, თუმცა მუშაობდნენ სხვადასხვა მულტფილმის ვერსიებზეც.

„მხატვრების გამზადებულ ნახატებს, ფორმატის მიხედვით, შტიფტებზე ჩამოვაცმევდით და თითო კადრს ვიღებდით. დაახლოებით, 50-60 კადრიდან ერთი დიაფილმი გამოდიოდა. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო: სხვადასხვა მხატვარი, სხვადასხვა რეჟისორი, არაჩვეულებრივი ნახატები“.

ეროვნულმა არქივმა დიაფილმები კერძო კოლექციონერებისგანაც შეიძინა. ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა კინოოპერატორმა ომარ ბრეგვაძემ, რომელსაც ბევრი დიაფილმი თავის სტუდიაში ჰქონდა შემონახული. მის თვალწინ ბევრი დიაფილმია შექმნილი:

„ეს იყო შრომატევადი, საწვალებელი და საინტერესო სამუშაო როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე ქართველი ერისათვის. მულტფილმები არ არის, მაგრამ მაინც გაცოცხლებული ნახატებია“.

მერაბ კოკოჩაშვილი
მერაბ კოკოჩაშვილი

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“ ერთ-ერთი ეპიზოდია, სადაც მთავარი გმირი დიაფილმით თავის დახატულ სურათებს აჩვენებს და თან განმარტავს: „ეს წმინდა გიორგი და მისი ცოლია, ეს გვალვა და ყაყაჩოები“...

„- ეს ისევ ის ქალია, არა?

- არა, ეს შენა ხარ.

- რატომ აქამდე არ მაჩვენებდი?

- ა, რა ვიცი, აბა?!

- ახლა რატომ მაჩვენე?

- რა ვიცი, აბა, რა ვიცი“.

დიაფილმებზე საუბრობს უშუალოდ მერაბ კოკოჩაშვილიც:

„დიაფილმი ერთ-ერთი იყო, რომელიც ზრდიდა ბავშვს. ნახეთ, როგორი ფილმებია გადაღებული საქართველოში. აქ მარტო ზღაპარი არ არის, ეს არის უზარმაზარი საქმე, რომელიც ქართული ეროვნული კულტურისთვის კეთდებოდა დიაფილმის საშუალებით. ვერ ნახავთ სურათს, რამე არაეროვნული ელემენტი რომ ჰქონდეს. ეს არაჩვეულებრივი საქმეა. ყველას ეგონა, რომ ეს მივიწყებულია, დაკარგულია, გადაყრილია სადღაც და თურმე არსებობდნენ ადამიანები და ჩვენს არქივში არიან ისინი, ვინც ეს ყველაფერი მოაგროვა, დაიცვა და ნახეთ, რა სახით არის ახლა“.

მერაბ კოკოჩაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს განახლება სჭირდება. მისი თქმით, დიაფილმების უმეტესობის დედნები რუსეთშია. ამიტომ საჭიროა მათი შეძენა და ჩამოტანა, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ფილმები დღევანდელმა ბავშვებმა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით - თუნდაც, ინტერნეტსაიტების მეშვეობით - გაიცნონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG