Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგი თუ დიალოგის იმიტაცია?


ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა. 2017 წლის 18 აგვსტო
ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა. 2017 წლის 18 აგვსტო

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას აკისრებს პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განახლებული დიალოგის ჩაშლაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. მმართველი პარტიის ბრალდების პასუხად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დიალოგის იმიტაციით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ფართო კონსენსუსის გარეშე მიიღოს თავის პარტიულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია. თემას ჯიმშერ რეხვიაშვილი წარმოგიდგენთ.

დიალოგი თუ დიალოგის იმიტაცია?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად არ მიუდგნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად არ განსაზღვრეს ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

ჩვენი რეკომენდაცია კვლავ უცვლელია: ვიწრო პარტიული ინტერესები უნდა გადადონ გვერდზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რაც იქნება საუკეთესო გზა, ის უნდა აირჩიონ...
ლევან ნატროშვილი

„მეტიც, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას. აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს, მხოლოდ და მხოლოდ, დიალოგის დაწყების წინაპირობად. ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა. ამ პირობებში, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება და, შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან“.

თუმცა, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, დიალოგში ჩართული პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არანაირი ულტიმატუმი მათ არ წამოუყენებიათ. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის თქმით, მმართველი პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა პრინციპულად ამბობს უარს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რაც შეთანხმებული და მოწონებული იყო კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის პროცესში.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა და არავითარი ოთხი, მდგომარეობდა იმაში, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს იმ საარჩევნო სისტემას, ანუ იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რაზეც იყო მსჯელობა კონსტიტუციური რეფორმის მთელ ამ ნახევარწლიან პერიოდში, თუ ის დაუბრუნდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ ის არ დაუბრუნდება, მაშინ გამოდის, ხელისუფლება აქეთ აყენებს ულტიმატუმს. ხელისუფლება მთელ საქართველოს გვეუბნება, რომ მე მივიღებ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც მე მინდა, მაგრამ მოდით, თქვენ დასხედით მაგიდასთან, რათა ჩემი ერთპიროვნული ნება და სურვილი ყალბ კონსენსუსად იქნას გაფორმებული“, – უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა შავგულიძემ, რომლის განცხადებით, სწორედ კონსენსუსის ყალბი სურათის შესაქმნელად დასჭირდა ხელისუფლებას დიალოგის განახლება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძეც მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ცდილობს ვენეციის კომისიაში ექვსი სექტემბრისათვის დანიშნული შეხვედრის წინ ოპოზიცია წარმოაჩინოს დესტრუქციულ ძალად, მაშინ, როცა თავად ამბობს უარს, შეასრულოს საზოგადოების მთავარი დაკვეთა – უარი თქვას მაჟორიტარულ სისტემაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს არსებითად ულტიმატუმის ფორმა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის გაწვდილ ხელსა და დიალოგის განახლების სურვილს, ოპოზიციის გაუგებარი პასუხი მოჰყვა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვითხოვდით ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დაილოგის გაგრძელებას, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხი არ იყო შესაბამისი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე“.

რომელ მხარეზეა დამოკიდებული დიალოგის განახლება – ამის თქმა უჭირთ კონსტიტუციის პროექტის განხილვაში ჩართულ სპეციალისტებს, თუმცა „საერთაშორისო გამოჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი დარწმუნებულია დიალოგის განახლების აუცილებლობაში, რადგანაც უმრავლესობის მიერ მოწონებული და კენჭისყრით ორჯერ მხარდაჭერილი კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებული შერეული საარჩევნო სისტემა ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს.

„აუცილებელია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 2020 წლისთვის. ჩვენი შეთავაზებაც არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. კარგია, თუ ხელისუფლების მხრიდან კვლავ გადმოიდგა ნაბიჯი და ისინი ფიქრობენ, რომ კიდევ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა კომპრომისი შედგეს. ჩვენი რეკომენდაცია კვლავ უცვლელია: ვიწრო პარტიული ინტერესები უნდა გადადონ გვერდზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რაც იქნება საუკეთესო გზა, ის უნდა აირჩიონ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ნატროშვილმა, რომლის აზრით, კომპრომისული ვარიანტი უნდა დაეფუძნოს საარჩევნო სისტემის არსებით და არა ისეთ კოსმეტიკურ ცვლილებას, როგორიც არის საარჩევნო ბარიერის დაწევა ან საერთოდ გაუქმება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG