Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთი მეექვსე პრეზიდენტისა და მშვიდობის მოლოდინში


ვადიმ კრასნოსელსკი
ვადიმ კრასნოსელსკი

თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე რაუნდში გამარჯვებას მიაღწია სეპარატისტული ანკლავის პარლამენტის თავმჯდომარემ ვადიმ კრასნოსელსკიმ. რუსეთი იმედოვნებს, რომ არჩევნები დნესტრისპირეთში სასიკეთოდ იმოქმედებს კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის არსებული კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესზე, მოლდავეთმა კი დაგმო დნესტრისპირეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

გადმოწერა

ეგზიტპოლების თანახმად, რაც მოგვიანებით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანონიმმა წევრებმაც დაადასტურეს, დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვადიმ კრასნოსელსკიმ ამომრჩეველთა ხმათა 62 % მიიღო და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, ევგენი შევჩუკი, რომელსაც ხმათა 28 % ერგო. 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები მეექვსეა მას შემდეგ, რაც მეტწილად რუსულენოვანმა დნესტრისპირეთმა 1990 წელს მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ტირასპოლის სეპარატისტულ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც 1992-93 წლებში ორივე მხრიდან ასობით ადამიანი შეეწირა. სწორედ მშვიდობა და კეთილდღეობა არის მთავარი სურვილი, რის გამოც 11 დეკემბერს ადამიანები საარჩევნო უბნებზე მივიდნენ:

„ველოდებით, რომ ყველა სურვილი აგვისრულდება. არა უეცრად, არამედ თანდათანობით, მაგრამ ჩვენ ველოდებით. ველოდებით ცხოვრების გაუმჯობესებას და, რაც მთავარია, მშვიდობასა და სიწყნარეს ჩვენს პატარა დნესტრისპირეთში“.

თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში მშვიდობა კი სუფევს, მაგრამ კონფლიქტი ცენტრსა და რეგიონს შორის კვლავაც გრძელდება და ეს 11 დეკემბერს ანკლავში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა. მოლდავეთის ხელისუფლებამ დაგმო დნესტრისპირეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მას „უკანონო“ უწოდა. კიშინიოვი წლებია იმეორებს, რომ მზად არის საგანგებო ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს დნესტრისპირეთს, რომელიც აცხადებს, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს, ვიდრე ამას ფედერალურ სახელმწიფოში ავტონომიური სტატუსი ითვალისწინებს, თუმცა დნესტრისპირეთის ხელისუფლება მზად არის იოლად დათმოს ეს „დამოუკიდებლობა“ და შეუერთდეს რუსეთს, რომლის სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებასაც ეყრდნობა სეპარატისტული რეჟიმი. 2006 წლის რეფერენდუმის თანახმად, დნესტრისპირეთის მოსახლეობის 97 %-მა დაუჭირა მხარი ანკლავის რუსეთთან შეერთებას. ამ კურსს უჭერენ მხარს ვადიმ კრასნოსელსკი, დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარე, და მისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი ევგენი შევჩუკი. ასე რომ, ხელისუფლების ცვლილება ტირასპოლში არაფერს შეცვლის კიშინიოვისა და დნესტრისპირეთის დაპირისპირებაში. ერთადერთი, ვინც პოზიტიურ შედეგს ელოდება, რუსეთია, რომელიც იმედოვნებს, რომ 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დნესტრისპირეთში სასიკეთოდ იმოქმედებს კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის არსებული კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესზე.

„ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღიად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება არჩევნებისადმი. ჩვენ მივედით კონსენსუსამდე, თუ როგორ გავაგრძელოთ დნესტრისპირეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესი და შევთანხმდით, რომ 5+2 ფორმატი ყველაზე სწორი გზაა“, - განაცხადა 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

სწორედ მოსკოვი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც საკუთარ ვიზიტს გეგმავს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი, ვადიმ კრასნოსელსკი. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ მისი სტრატეგია იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება რუსეთთან და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების სტაბილიზება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG