Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აფერხებს ეკონომიკის განვითარებას - ეროვნული ბანკი თუ მთავრობა?


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
ქართველი ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაში ბრალი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, რომელიც ვერ ახერხებს დეფლაციის მოთოკვას თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაციის მტკიცებით, ასევე ეროვნული ბანკის გამოა ეკონომიკაში ფულის დეფიციტი, რაც ასევე აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის შესახებ პირველი მონაცემები 2013 წლის პირველი კვარტალის დასრულების შემდეგ გავრცელდა: მაშინ ეკონომიკის ზრდის ტემპმა 2,4 პროცენტი შეადგინა, რაც 4,3 პროცენტით ჩამოუვარდება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა 2013 წლის მეორე კვარტალის ბოლოს: 2013 წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყანაში არსებული მცირე მონეტარული ბაზა, ანუ ეკონომიკაში ფულის დეფიციტია, რისი მიზეზიც, ჭიჭინაძისავე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკაა:

„განვითარებულ ქვეყნებში ფულის მასის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 100%-ის ფარგლებშია, ჩვენთან კი 14%-ია. ეროვნულ ბანკს შეუძლია გარკვეული ირიბი მასტიმულირებელი მექანიზმების გამოყენება - მაგალითად, სხვადასხვა მიმართულებით ბანკების საკრედიტო აქტივების გასაზრდელად შესთავაზოს გარკვეული შეღავათები, რეზერვები შეუმციროს ამ მიმართულებით, რაც გამოიწვევს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ სტიმული დააბანდონ თავიანთი მოზიდული საკრედიტო რესურსი საინვესტიციო პროექტებში, ბიზნესში ჩაიდოს ეს ფული და არა სამომხმარებლო კრედიტებში“.

თუ ფასები მცირდება, ეს კარგია! როგორი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, პროგრესის პირობებში ფასები უნდა იზრდებოდესო...
პაატა შეშელიძე
ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ეროვნული ბანკი ასევე ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ორი წელიწადია საქართველოში ფასების დონე ორნიშნა ინფლაციასა და დეფლაციას შორის მერყეობს. „ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება სწორედ იმ დეფლაციის შედეგია, რომელიც ქვეყანაში 18 თვე გრძელდება და რომლის მოთოკვას ერონული ბანკი ვერა და ვერ ახერხებს“, ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

„თუ ფასები მცირდება, ეს კარგია! როგორი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, პროგრესის პირობებში ფასები უნდა იზრდებოდესო. პროგრესის შემთხვევაში ფასები მცირდება და ეს კარგია!“

რაც შეეხება ფულის დეფიციტს, პაატა შეშელიძის თქმით, ამის მტკიცებაც არასერიოზულია, რადგან ეკონომიკაში, როგორც წესი, არის არა ფულის, არამედ საინტერესო იდეების დეფიციტი. საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების მიზეზად კი პაატა შეშელიძე მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.

„ეკონომიკა იმიტომ მცირდება, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ძალიან ბევრს ხარჯავს, იღებს თავის თავზე ძალიან ბევრ ვალდებულებას, რომელთა გასტუმრება არ შეუძლია. არის მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა, ანგარიშსწორება ერთმანეთთან. არის უამრავი კონფლიქტი, დაკავშირებული საკუთრებასთან, რომელიც მოუგვარებელია. ყოველივე ეს არ ქმნის ჯანსაღ სიტუაციას და ადამიანები თავს იკავებენ ინვესტიციების ჩადებისაგან. არის კიდევ ერთი მომენტი: იყო დაპირება, რომ იაფი სესხები გაიცემოდა, შეიქმნებოდა ფონდები, რომლებიც იაფად დაეხმარებოდნენ სხვა ბიზნესმენებეს. ამის მოლოდინმა, ბუნებრივია, შეაფერხა ინვესტიციების მოზიდვა“, უთხრა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.

ვფიქრობ, ზოგადად, მნიშვნელოვანი ურთიერთმიმართებაა მთავრობის ხარჯებსა და ეკონომიკის ზრდას შორის, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში გაწეულ ხარჯებს. რასაკვირველია, ეს ქმნის დიდი სამუშაოს შესრულების საჭიროებას, საქმდებიან ადამიანები...
მატიას ჰუტერი
ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის შენელების ერთ-ერთი მიზეზი შესყიდვების ნაწილში მთავრობის პრიორიტეტის ცვლილებაა. ასე ფიქროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მატიას ჰუტერი, რომლის თქმითაც, ელექტრონული ტენდერების ანალიზის მიხედვით, სახელმწიფომ 2013 წელს მშენებლობაზე დაახლოებით 260 მილიონი ლარი გაიღო, მაშინ როცა შარშან იმავე პერიოდში 650 მილიონი ლარი დახარჯა.

„ვფიქრობ, ზოგადად, მნიშვნელოვანი ურთიერთმიმართებაა მთავრობის ხარჯებსა და ეკონომიკის ზრდას შორის, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში გაწეულ ხარჯებს. რასაკვირველია, ეს ქმნის დიდი სამუშაოს შესრულების საჭიროებას, საქმდებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სხვადასხვა სკოლები განსხვავებულად უდგებიან საკითხს - რამდენად კარგია, ეკონომიკის ზრდის შენელებისას მთავრობამ მეტი დახარჯოს, წამოიწყოს მეტი სამშენებლო სამუშაო და ა.შ.“, უთხრა მატიას ჰუტერმა რადიო თავისუფლებას.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძეც მიიჩნევს, რომ ინვესტიციების კლებისა და ბიზნესის პასიურობის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს:

„მთავრობამ უნდა წაახალისოს ე.წ. „ინფრასტრუქტურული პროექტები“ და ამ გზით ჩადოს ეკონომიკაში ფული. ცხადია, ასეთი რამ არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ეს ბიზნესის საკეთებელია, მაგრამ როცა ბიზნესი არ აქტიურობს და მათი მხრიდან სტაგნაცია შეიმჩნევა და თან უცხოური ინვესტიციებიც არ შემოდის, ყველაზე კარგი სფერო არის ინფრასტრუქტურა, სადაც სახელმწიფომ შეიძლება სტიმულირება გაუკეთოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“.

ნინო ევგენიძის თქმით, მხოლოდ ამგვარი ნაბიჯებითა და ინვესტიციების მოზიდვის აგრესიული პოლიტიკით თუ მოხერხდება ეკონომიკის შემცირების შეჩერება და მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებლის 3-4 პროცენტამდე გაზრდა. რადიო თავისუფლება შეეცადა განმარტების მისაღებად ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს კახა ბარაბაძესაც დაჰკავშირებოდა, მაგრამ მცდელობას შედეგი არ გამოუღია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG