Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ელექტრონული სერვისები საქართველოში


სახელმწიფო ელექტრონულმა სერვისებმა საქართველოს მოქალაქეებს ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად გაუიოლა სახელმწიფო სამსახურებთან-საგადასახადოსთან, საჯარო რეესტრთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან და ა.შ. ურთიერთობა. იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ამ სერვისებს, რამდენად დაზოგა მომხმარებელმა და თავად სახელმწიფომ ფული და აქვს თუ არა ამ სერვისებს სხვა განვითარებადი დემოკრატიისა და ეკონომიკის ქვეყნებში ექსპორტირების პოტენციალი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა დაესტონეთის პრაქსის პოლიტიკური სწავლების ცენტრმა პირველი კვლევა ერთობლივად ჩაატარეს.

ეს კვლევა არის პირველი ცდა შეფასდეს 5 ელექტრონული სერვისის (ელექტრონული დეკლარაცია www.rs.ge, ელექტრონული შესყიდვები tenders.procurement.gov.ge, ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge, ნოტარიუსის ელექტრონული სერვისი www.notary.ge და ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ) ეკონომიკური ეფექტიანობა.

ელექტრონული მმართველობის დანერგვა საქართველომ 2009 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი გრძელდება. 2010 წლის შემდეგ საქართველო 44 ადგილით დაწინაურდა და, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2014 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის მიხედვით, ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსში 56-ე ადგილი დაიკავა 193 ქვეყანას შორის. 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, საქართველომ 16 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა. ელექტრონული ჩართულობის მაჩვენებლით საქართველო 50 წამყვან ქვეყანას შორისაა. ეს მონაცემი შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არა აქვს ღია სამთავრობო მონაცემების სპეციალური პორტალი, ქვეყანაში სამთავრობო ინფორმაციის ორ მესამედზე მეტი ქვეყნდება.

კვლევამ აჩვენა, რომ, მიუხედავად გარკვეული ტექნიკური ხარვეზებისა, ყველა ამ სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმწიფო სერვისის მომხმარებელთა - მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებსა და გაყიდვების პროცესში მონაწილეთა - რაოდენობა (მაგალითად, შესყიდვების ელექტრონულ სერვისზე 2013 წელს 2 მილიონზე მეტი შესვლა დაფიქსირდა. 2011 წლის ბოლოსთვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული იყო 7 365 მიმწოდებელი, 2014 ბოლოსთვის - 19 911 მიმწოდებელი, ანუ სამჯერ მეტი. ელექტრონული აუქციონის სერვისს 2010 წელს დღეში 500 ნახვა ჰქონდა, 2012 წლისთვის - 8 000-მდე ნახვა). შემცირდა მომხმარებლის მიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე დახარჯული დრო და თანხები (მაგალითად, კვლევის თანახმად, მხოლოდ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირების სერვისის საშუალებით გადამხდელისთვის 2 წლის განმავლობაში დაზოგილი თანხა დაახლოებით 85 მილიონ ლარს გაუტოლდა).

დაიზოგა სახელმწიფო სახსრები და გაიზარდა სახელმწიფო ქონების რეალიზებით მიღებული შემოსავალი (მაგალითად, შესყიდვების 2014 წლის განმავლობაში ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით დაზოგილ იქნა 241,132563 ლარი, რაც ჯამური სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 12 %-ს შეადგენს).

შემცირდა კორუფციის ალბათობა და გაიზარდა მომხმარებელ მოქალაქეთა კმაყოფილება სახელმწიფო სერვისებით. მხოლოდ ნოტარიუსის მომსახურების მსოფლიოში უპრეცედენტო პრაქტიკამ, როცა ნოტარიული მომსახურება ხორციელდება სკაიპის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს 30 მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა. კვლევის ეს შედეგები ცხადყოფს, რომ განხილული სერვისები საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს საექსპორტო თვალსაზრისით განვითარებადი დემოკრატიისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის და მალე ექსპორტის ნუსხა, შესაძლოა, ამ საინოვაციო პროდუქტითაც შეივსოს.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG