Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის ცვლილებები და ეროვნული ბანკის დაკომპლექტების ახალი წესი დამტკიცებულია


გასული კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაატკიცა. ამის შემდეგ, უკვე ოფიციალურად,
მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ნაცვლად 5 %-ისა, 2 %-ის ოდენობით განისაზღვრა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ცვლილებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, მათ შორის - საგარეო ვალი. კერძოდ: საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 41,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 185,0 მლნ ლარით. სულ, დამატებით, ხელისუფლება ვარაუდობს 226,0 მლნ ლარის მიღებას ამ წყაროებიდან, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს საგარეო ვალი იზრდება. ამას გარდა, ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი.

სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით.
სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით.

საინვესტიციო კრედიტების ნაწილი მცირდება 71 მლნ ლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება, დაახლოებით, 25,0 მლნ ლარით.

ანუ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად ხელისუფლება, ექსპერტების რეკომენდაციებისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი პროცენტით შემცირების მიუხედავად, 2015 წლის ბიუჯეტს, შემცირების ნაცვლად, ზრდის.

ხარჯვითი ნაწილის შესახებ მეტს აღარ დავკონკრეტდებით, ამის შესახებ ადრეც გვითქვამს. გავიხსენებთ მხოლოდ ერთს, რომ არ მომხდარა სოციალური ხარჯების კორექტირება. სანაცვლოდ კი, დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი ხარჯები შემცირდა, სოციალური გასავლები კი კვლავ უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ამ ცვლილებით კიდევ უფრო გაუარესდა ბიუჯეტის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულობის ხარისხი, რაც ექსპერტების მიერ ეკონომიკის ტემპის შენელების ერთ-ერთ შიდა წინაპირობად ითვლებოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორებისა და ექსპერტების, ასევე ბიზნესწრეების მოწოდებები, ეროვნული ბანკის საკითხი გახლდათ. პარლამენტმა 80 ხმით, 19 - წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა და მიღებულია გამომდინარე პროექტებიც.

ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო - იქნება, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.

განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევის საკითხს. გადაწყდა ასევე სააგენტოში შეიქმნას შიდა აუდიტორული სამსახური. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს გამოყენებას აპირებს, თუმცა კენჭისყრის შედეგები ცხადყოფს, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევას მოახერხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG