Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიები, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა საქართველოში


საქართველოში, ყველა კვლევით, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ ფონზე, ერთი შეხედვით, პარადოქსულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევის ერთ-ერთი შედეგი, რომელიც გვამცნობს, რომ დამსაქმებლებს ხშირად უჭირთ საჭირო პროფესიონალების მოძიება.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ორგანიზაციებიდან 960 გარკვეულ პოზიციებზე შრომითი რესურსების ნაკლებობას განიცდის, რაც აიხსნება იმით, რომ, უმეტეს შემთხვევაში, დამსაქმებლები ვერ ახერხებენ სათანადო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კადრების მოძიებას; ადგილი აქვს აპლიკანტების სიმწირეს ან თავად აპლიკანტები არ თანხმდებიან შემოთავაზებულ ანაზღაურებაზე.

დამსაქმებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით,ხშირად პრობლემებს აწყდებიან მედიცინის სპეციალისტ-პრაქტიკოსების, მიმტანების, მეეზოვეებისა და მსგავსი დამწყები კვალიფიკაციის მუშების, ბუღალტრების, ჟურნალისტების, მზარეულების და სხვა პროფესიის ადამიანების დაქირავებისას. ასევე ძნელი საშოვნია პროფესიონალი გაყიდვისა და მარკეტინგის მენეჯერი, საშუალო განათლების სფეროს მასწავლებელი, მონაცემების ელექტრონული აღრიცხვის კლერკი, დირექტორი და აღმასრულებელი პირი, სამრეწველო სფეროს სხვა დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი.

კვლევის თანახმად, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია არსებული შრომითი ძალის კვალიფიკაციის დაბალი დონე და საჭირო უნარების უქონლობა; მუშახელის დეფიციტის მიზეზია ისიც, რომ სამუშაოს მაძიებლებს, ზოგადად, არ მოსწონთ შეთავაზებული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.

კვლევის მონაცემები გაანალიზდა ეკონომიკურ საქმიანობათა სახეებისა და რეგიონების მიხედვით. მცირე მოთხოვნა დაფიქსირდა ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების წარმოება, ქიმიური წარმოება და თევზჭერა/მეთევზეობის სფერო.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვითსაჭირო სფეროების განაწილებას, მიღებული ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურება: თბილისში ყველაზე საჭირო პროფესიებს შორის დასახელდა მიმტანი, მღებავი და მონათესავე პროფესიების მუშები, მაღაზიის გაყიდვის ასისტენტი, მებაღეობის დამწყები კვალიფიკაციის მუშა, მეეზოვე და მსგავსი პროფილის მუშახელი, აუდიოლოგი და მეტყველების სპეციალისტი (ლოგოპედი), სილამაზის სალონისა და მასთან დაკავშირებული მუშაკები;

მაგალითად, აჭარაში ყველაზე საჭირო პროფესიებს შორის დასახელდა მაღაზიის გაყიდვის ასისტენტი, უცხო ენის მასწავლებელი, საშუალო განათლების სფეროს მასწავლებელი, კურიერი და პორტიე, მცხობელი, კონდიტერი და ტკბილეულის დამამზადებელი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საჭირო პროფესიებია: მეეზოვე და მსგავსი პროფილის მუშახელი, შენობის მეთვალყურე, გაყიდვის სფეროს მუშაკი, საშუალო განათლების სფეროს მასწავლებელი, მედიცინის პრაქტიკოსი და ა.შ.

მსგავსი კვლევების ანალიზი ძალიან საინტერესო უნდა იყოს განათლების სამინისტროსთვის და, ვფქრობ, არანაკლებ საინტერესო ადამიანებისთვის, რომლებიც მომავლისთვის პროფესიულ არჩევანს აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG