Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ინდექსებში


სხვადასხვა ეკონომიკურ ინდექსში ქვეყნის ადგილი წარმოდგენას ქმნის მის ადგილზე მსოფლიო ეკონომიკაში და ქმნის წინაპირობას ინვესტიციებისათვის ან, პირიქით, აფერხებს ქვეყანაში მათ შემოსვლას. ამ დღეებში ჩვენ გაგაცანით 2015 წლის ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბოლო წლები, ინვესტიციების შემოდინების მხრივ, საკმაოდ პესიმისტური იყო. უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული ინდექსები და მონაცემები, სხვადასხვა ნიშნით ქვეყნის პოზიციის შეფასების თვალსაზრისით, საკმაოდ არაერთგვაროვანია.

საქართველო საერთაშორისო ინდექსებში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
გადმოწერა

მაგალითად, "ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში" საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში, სახელწოდებით „ურთიერთობების დალაგება კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით: სავაჭრო ლოგისტიკა გლობალურ ეკონომიკაში“, მოყვანილია 160 ქვეყნის მონაცემები სავაჭრო ლოგისტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლის მიხედვით. ქვეყნები შეფასებულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მომსახურების ხარისხი, სასაზღვრო კონტროლის ეფექტურობა და სხვა.

საქართველოს პოზიციები ლოგისტიკის ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითად კრიტერიუმში გაუარესდა, მათ შორის - საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობა, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი და კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივე.

ანგარიშის თანხმად, პირველად 2007 წლიდან, მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდის ტემპი შენელდა, მაშინ როცა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ლოგისტიკური ეფექტიანობის ამაღლებისკენ არიან მიმართული.

რეიტინგში პირველ ადგილზე გერმანიაა, ბოლო საფეხურზე კი - სირია. მსოფლიო ბანკის ცნობით, ლოგისტიკის ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ტოპათეული ბოლო 6 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და მასში, გერმანიის გარდა, მოხვდნენ ლუქსემბურგი, შვედეთი, ნიდერლანდები, სინგაპური, ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ჰონკონგი.

ანგარიშის თანახმად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ძირითადად იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ზღვასთან, ასევე მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს ან ქვეყნებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მოხდა.

კიდევ ერთ ინდექსი, რომლის შედეგებიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, არის „არამდგრადი ქვეყნების ინდექსი“, რომელშიც საქართველო 2016 წელს მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 73-ე პოზიციაზეა.
ამერიკული „მშვიდობის ფონდისა“ და გამოცემა Foreign Policy-ის ერთობლივ რეიტინგში შეფასებულია ქვეყანაში არსებული სტაბილურობის დონე და გამოწვევები, რომლებთანაც კონკრეტულ სახელმწიფოს უწევს გამკლავება. საქართველო გაზრდილი საფრთხეების მქონე სახელმწიფოთა ჯგუფში მოხვდა, 78,9 ქულით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ 2007 წლის შემდეგ პოზიციები შედარებით გაიუმჯობესა.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ საქართველოს მეზობლები - სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რაც შეეხება რუსეთს, ის „მაღალი საფრთხეების“ მქონე ქვეყნების ჯგუფშია.

მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ქვეყნების ჯგუფში მხოლოდ ერთი, ფინეთი, მოხვდა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ასევე ნორვეგია, ახალი ზელანდია, დანია და შვეიცარია.

მობილური ინტერნეტის სისწრაფით კი საქართველო მსოფლიოს 95 ქვეყანას შორის 41-ე პოზიციაზეა. კომპანია OpenSignal-ის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას მონაცემთა გადაცემის საშუალო სიჩქარე და ქვეყნის ტერიტორიის 3G და LTE ქსელებით დაფარვა გაითვალისწინეს. კვლევა 2016 წლის 1 მაისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარის მაჩვენებელი 10,68 მეგაბაიტია წამში. რაც შეეხება 3G/4G-ის ხელმისაწვდომობას, OpenSignal-ის მონაცემებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 71,61 %-ია. კვლევის მიხედვით, მაღალი სიჩქარის ხელმისწავდომობისა და ინტერნეტის სისწრაფით 95 ქვეყანას შორის პირველი სამხრეთ კორეაა.

XS
SM
MD
LG