Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დოლარმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია


აშშ დოლარმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს არამხოლოდ საქართველოს სავალუტო ბაზარზე მიაღწია. საერთაშორისო ბაზარზე დოლარი ევროსა და იენთან მიმართებაშიც, მათი კურსის ვარდნის ფონზე, უპრეცედენტოდ გამყარდა.

აშშ დოლარმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
please wait

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00
გადმოწერა

საქართველოს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა ოფიციალურად 2.8902 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8615 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0287 ლარი შეადგინა.

ამ კურსის დასაჭერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს პირველი შემთხვევა იყო არჩევნების შემდეგ, როცა ეროვნულმა ბანკმა ბირჟაზე დოლარის ინტერვენცია გადაწყვიტა.

პარალელურად საქართველოზე არსებულ პროცესს მსოფლიო ბაზრებზე დოლარის უპრეცედენტო გამყარებაც დაემთხვა. გუშინ, იენისა და ევროს ვარდნის ფონზე, დოლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა და 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში 1 %-ით გაუფასურდა, რისი მიზეზიც იაპონიის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება გახდა. "როიტერის" ინფორმაციით, დოლარი იენთან მიმართებაში ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჯამში, 12 %-ით გამყარდა.

დოლართან მიმართებაში ასევე გაუფასურდა ევრო, რაზეც გავლენა იქონია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამ და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, დღეს ერთი ევროს ღირებულება 1.04 დოლარზე ქვემოთ დაეცა, რითაც თითქმის მიუახლოვდა 15 დეკემბერს დაფიქსირებულ 13-წლიან მინიმუმს.
გუშინვე აშშ-ის საფონდო ბირჟამ ზრდა დააფიქსირა და Dow Jones-ის ინდექსმა თითქმის 20 000-პუნქტიან ნიშნულს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელია.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნიუ იორკის დროით 9:39 საათზე Dow Jones-ის ინდექსი 0,49 %-ით გაიზარდა და 19 981,03 პუნქტი შეადგინა. S&P-ის ინდექსი 0,33%-ით 2269,90 პუნქტამდე გაიზარდა. NASDAQ-ის ელექტრონული ბირჟა კი 0,53%-ით გაიზარდა და 5486,32 პუნქტი შეადგინა.

საშინაო და საგარეო ტენდენციების ფონზე, როცა ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური მოლოდინი ამ პროცესზე უარყოფითად ასახვას განაგრძობს, პარალელურად კი ვალუტის საცალო ბაზარზე, ანუ ჯიხურებსა და ბანკებში, უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსისგან განსხვავებული კურსი ფიქსირდება.
დღის განმავლობაში ბანკებში კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. კურსი ბანკებში „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დოლარის ვაჭრობის შედეგების პარალელურად იცვლებოდა. ცნობისთვის: „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს 1 დოლარი 2.7900 კურსით გაიხსნა და1 დოლარი 2.8062 კურსით დასრულდა. დღის განმავლობაში „ბლუმბერგზე“ 1 აშშ დოლარი 2.8138 ლარადაც იყიდებოდა, რაც მისი მაქსიმალური ღირებულება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG