Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და „გაზპრომის“ ახალი შეთანხმება: კომპრომისი თუ გამოუვალი მდგომარეობა?


საქართველო დათანხმდა რუსეთის „გაზპრომის“ წინადადებაზე, რომ სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის საფასური არა ნედლეულით, არამედ ფულით ანაზღაურდეს. რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან წარმოებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, 2-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ წელიწადს გადახდის შერეული მექანიზმი იმუშავებს, მეორე წელიწადი მთლიანად ფულად ანაზღაურებაზე იქნება ორიენტირებულიო. მთავრობის აზრით, ეს წინადადება არაწამგებიანია და საქართველოსთვის თითქმის არაფერი იცვლება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტთა ერთი ნაწილი ახალ შეთანხმებას უკანდაგადგმულ ნაბიჯად და მიუღებელ კომპრომისად მიიჩნევენ.

„ამ ხელშეკრულებით არ იზრდება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა“ - ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ეს განცხადება 11 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ამ სხდომაზე განიხილავდნენ მთავრობის წევრები კახა კალაძის მიერ მინსკიდან ჩამოტანილ წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოს აღარ დაუტოვებს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ს და ტრანზიტის საფასურს ფულით გადაიხდის. მინისტრი კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელებთან მრავალრაუნდიანი ციკლის მორიგ შეხვედრას 10 იანვარს სწორედ ბელორუსიის დედაქალაქში მართავდა. ასეთი შეხვედრები ლუქსემბურგში, მილანში, ვენაში, ბრიუსელსა თუ ციურიხში ხშირი იყო შარშანაც, თუმცა შარშან ძველი პირობების შენარჩუნება მოხერხდა, ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - სულ მალე, „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ახალი პირობებით, 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. „გაზპრომ-ექსპორტის“ ინფორმაციით, კომპანიამ ქართულ მხარეს შესთავაზა წინადადებათა პაკეტი „ოპტიმალური და ურთიერთხელსაყრელი პირობებით“ , რაც შესაძლებელს ხდის სატრანზიტო შემოსავლის მიღებას და „საქართველოს გაზმომარაგების საიმედოობის გაზრდას“. „გაზპრომ-ექსპორტი“ კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობს. საკითხს ნაწილობრივ ასაჯაროვებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიც. მაგალითად, არ სახელდება ტრანზიტის საფასურის ოდენობა:

კახა კალაძე
კახა კალაძე

„რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება არის მოკლევადიანი (2 წლის ვადით), თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით“.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტი“ მზად არის, რომ, მოხმარების ზრდის ფონზე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღებისას საქართველომ 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს.

ტრანზიტის საფასურად ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის 10 %-ს... ფასები ბუნებრივ აირზე მერყეობს იმის მიხედვით, როგორი იქნება ნავთობის ფასები და ასე შემდეგ. მრავალი ფაქტორი მოქმედებს ბუნებრივი აირის ფასსზე...
გოჩა თუთბერიძე

კახა კალაძე ამბობს, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებები არ იყო ადვილი და დიალოგი „ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან“ დაიწყო, თუმცა საქართველოს სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა იმისა, რომ გადახდის პირობების შეცვლაზე დათანხმებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ისღა რჩებოდა, მოეპარა ნედლეული სომხეთისკენ გატარებული ნაკადიდან და შემდეგ, რუსეთის ჩივილის კვალდაკვალ, პასუხიც ეგო და ყველაფერი ეს გაცილებით ძვირი დასჯდომოდა. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია და რომ „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ მივიღებთ იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში“ გვქონდა.

„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების პირობებს წამგებიანად და მიუღებლად მიიჩნევს ეკონომისტების გარკვეული ნაწილი და მათ შორის არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი გოჩა თუთბერიძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „გაზპრომისთვის“ უკეთესი პირობები ავტომატურად ნიშნავს უარეს პირობებს საქართველოსთვის:

„ტრანზიტის საფასურად ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის 10 %-ს... ფასები ბუნებრივ აირზე მერყეობს იმის მიხედვით, როგორი იქნება ნავთობის ფასები და ასე შემდეგ. მრავალი ფაქტორი მოქმედებს ბუნებრივი აირის ფასსზე... მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი სომხეთს არ აძლევს საბაზრო ფასში ბუნებრივ აირს. ამიტომ გატარებული ბუნებრივი აირის ფასიდან გამომდინარე თუ ავიღებთ ჩვენ ტრანზიტის გადასახადს, ეს, თავისთავად ცხადია, გაცილებით ნაკლები იქნება ღირებულებით გამოხატულებაში, ვიდრე ახლა ვიღებთ ნატურის სახით“.

გოჩა თუთბერიძეს აინტერესებს, რატომ წავიდა ხელისუფლება ასეთი დიდ და წამგებიან კომპრომისზე - არის არაპროფესიონალიზმის პრობლემა თუ კიდევ სხვა რამ იმალება ყოველივე ამის უკან. ექსპერტისთვის მიუღებელია, რომ საქართველო რუსეთის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის გარეშე ჩაება.

რუსეთის „მცოცავ ეკონომიკურ ანექსიასა“ და „ხელისუფლების კაპიტულიანტურ პოლიტიკაზე“ ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი რომან გოცირიძე საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზეც ამახვილებს ყურადღებას:

„არავითარი საფუძველი არ არსებობდა ამ ხელშეკრულების ამ ფორმით გაფორმებისა. 15 წელია მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლო ხელშეკრულება, რომელიც მძიმე პერიოდშიც ვერ მოახერხა „გაზპრომმა“, რომ შეეცვალა... მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას... ეს იმას ნიშნავს, რომ, ამავე დროს, მათ აქვთ პირადი ინტერესები“.

სამუდამოდ ასე ვერ დარჩებოდა და მუდმივად ასე, ნატურით ვერ მივიღებდით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს, ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. მას არ უკვირს და ის არც ბრაზობს, რომ რუსეთმა საქართველოს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. ანდრია გვიდიანი თვლის, რომ საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან სხვა შემთხვევაში გაზმომარაგების კუთხით პრობლემებს შეუქმნიდა სომხეთს და ამით შეილახებოდა მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რეპუტაცია:

„პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში აღარ ხდება ნატურის სახით ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება. ყველგან, საერთაშორისო დონეზე, პრაქტიკა არის ის, რომ ქვეყნები ერთმანეთს ფულით უნაზღაურებენ გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების ტრანზიტის საფასურს და, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟის საფუძველი არ გვაქვს... მე ადრეც ვამბობდი ამას, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევდა მონეტიზაციაზე გადასვლა“.

თუმცა ანდრია გვიდიანი, სხვა ბევრი ექსპერტის მსგავსად, არ უარყოფს, რომ სატრანზიტო საფასურის ფულის სახით მიღება გაცილებით წამგებიანი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე ნატურით მიღება, რადგანაც ბუნებაში არ არსებობს სატრანზიტო საფასურის ნედლეულით ანაზღაურებაზე უფრო ხელსაყრელი მექანიზმი. თუმცა რუსეთმა მაინც თავისი გაიტანა. ექსპერტები არარეალისტურად მიიჩნევენ შარშან რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ ულტიმატუმს, რომ თუკი საქართველო არ დათანხმდებოდა ფულად ანაზღაურებაზე, ის სომხეთს ბუნებრივ აირს არა საქართველოს, არამედ ირანის გავლით მიაწვდიდა. გავიხსენოთ, რომ ამის შესახებ კახა კალაძეც ლაპარაკობდა შარშან „რუსთავი 2“-ის ეთერში. ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს წმინდა წყლის შანტაჟი იყო, რადგანაც ასეთი გეგმა ახლო მომავალში ვერანაირად ვერ ამოქმედდებოდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG