Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთის მოსახლეობა მშენებლობის უფლების აღდგენას ითხოვს


მცხეთა
მცხეთა

მცხეთის მოსახლეობა მცხეთის ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების აღდგენას ითხოვს. ქალაქის განვითარების ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც დამკვეთმაც დაიწუნა და ექსპერტებმაც, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ასევე, მთავრობის მიერ მიწების გასხვისებასა და მშენებლობების დაწყებაზე მორატორიუმის ორი წლით გახანგრძლივება.

გადმოწერა

მორატორიუმი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას და ხელს უშლის ქალაქის სამომავლო განვითარებას, მოიცავს არა მხოლოდ ქალაქ მცხეთის ტერიტორიას, არამედ სოფელ წიწამურის ტერიტორიასაც და, როგორც მცხეთის მცხოვრებნი აცხადებენ, მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს გამოიყენონ მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

წლების განმავლობაში მცხეთის მოსახლეობა ითხოვდა მშენებლობის კოეფიციენტების დადგენასა და წესების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობდა ქალაქის განაშენიანებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისე, რომ გათვალისწინებული იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობისა და მცხეთის ისტორიული იერსახის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა.

სარეზერვო ფონდის დაფინანსებით კერძო კომპანია „სალი 2011"-მა 160 ათას ლარად მოამზადა მცხეთის განვითარების გეგმა, რომელიც დაიწუნა როგორც ქალაქის საკრებულომ, ასევე იუნესკომ.

ამის მიუხედავად, კომპანიას სხვა გეგმის შემუშავების ვალდებულება აღარ დაკისრებია, ხელისუფლებამ კი გამოსავალი ნებისმიერი სახის მშენებლობაზე მემორანდუმის 2 წლით გახანგრძლივებაში დაინახა და, პარალელურად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა, თუმცა კონკრეტულ ვადებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს.

მთავრობაში მორატორიუმის 2019 წლამდე გაგრძელების მიზეზად სწორედ იმას ასახელებენ, რომ მცხეთის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება ვერ მოახერხა და ამბობენ, რომ მემორანდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ საკრებულო შეძლებს გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რის მიხედვითაც შეიქმნებოდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, მცხეთის მუნიციპალიტეტს შარშან წლის ბოლომდე უნდა შეემუშავებინა.

შესაბამისად, ჩაკეტილ წრედში ინტერესთა რამდენიმე ჯგუფი იკვეთება: ერთი მხრივ, მოსახლეობა, რომელიც კერძო საკუთრებით სარგებლობას, მის განვითარებას 2015 წლიდან, მემორანდუმის ამოქმედების პერიოდიდან, ვერ ახერხებს; მეორე მხრივ, სწორად გააზრებული განვითარების გეგმის გარეშე მცხეთას თავისი ისტორიული ღირებულების დაკარგვა და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება და, თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო, რომლისთვისაც ეს რეგიონი, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო გახლავთ.

XS
SM
MD
LG