Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელფასო პოლიტიკა და ეკონომიკის გამოწვევები


ლარის კუპიურები
ლარის კუპიურები

2016 წელი, ხელისუფლების მიერ სახელფასო და პრემიის გაცემის თვალსაზრისით, არ უპასუხებდა საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების - ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, ასევე, ინფორმაცია საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.

ამ ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების - ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია: 2015 წელს 1 მილიარდ 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი -680 111.19 ლარი), 2016 წელს კი - 1 მილიარდ 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი-968 511.61 ლარი);

2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად იყო გაზრდილი, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი, წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებული გახლდათ: 2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა, 65 415 ლარის ოდენობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა.

2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 204 ათას 183 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 ათას 712 ლარი).

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურება, სხვა გუბერნატორებისაგან განსხვავებით, 2 350 ლარს შეადგენს, გუბერნატორი პარმენ მარგველანი ყოველთვიურად ამ ოდენობის სახელფასო დანამატსაც იღებდა.

გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის - ადმინისტრაციებმა ორგანიზაციას არ მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წელს გახარჯული საწვავის მოცულობის შესახებ - მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ შესყიდული საწვავის ღირებულებას შეიცავდა. შესაბამისად, კვლევაში მხოლოდ შესყიდული საწვავის შესახებ მონაცემია სრულყოფილად წარმოდგენილი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 388 ათას 939 ლარი შეადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის გუბერნიების მიერ, ჯამში, დაახლოებით, 185 ათას ლიტრი საწვავი იქნა შესყიული.

ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზეო სვანეთის გუბერნიაში იქნა გახარჯული - მისმა მოცულობამ 69 307 ლარი შეადგინა.

გუბერნატორებისათვის თვის მანძილზე განსაზღვრული საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1 500 ლიტრამდე მერყეობს. იმერეთის გუბერნატორს საწვავის კონკრეტული ლიმიტი არ აქვს დაწესებული. გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი), სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს.

ეს ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც ხელისუფლებაში ხელფასის, დანამატისა და პრემიის გაცემის პრაქტიკას შეისწავლის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია კვლავ უცვლელადაა დარჩენილი. იმის პროგნოზირება, შეიცვლება თუ არა ეს ტენდენცია 2017 წელს, როცა საბიუჯეტო დანაზოგების გასაკეთებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უარის თქმაც კი გახდა საჭირო, დღესაც შეიძლება, თუმცა 2017 წლის მიმდინარე მონაცემები ამ კითხვასსულ მალე უფრო ზუსტად უპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG