Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 000-ზე მეტ მსესხებელს სესხი გაუძვირდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 2 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.

27000-ზე მეტ მსესხებელს სესხი გაუძვირდა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
გადმოწერა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

ეროვნულ ბანკში ასევე ვარაუდობენ, რომ, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ, სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ, წლიური ინფლაცია შემცირდა.

ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და, შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება, თუმცა მანამდე უკვე ფაქტია, რომ ყველას, ვისაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული, სესხის პროცენტი გაუძვირდა.

„საზოგადოება და ბანკების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 27 356 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1 მილიარდ 112 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

თუ გავიხსენებთ, რომ 2017 წლიდან, ლარიზაციის პროცესის ფარგლებში, 100 000 ლარამდე ღირებულების სესხის აღება მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, ლოგიკურია, რომ ბოლო თვეებში ლარში აღებული სესხების და, შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, იმავე „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 1-ელი მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3 972-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 949,5 მილიონიდან 1 112,0 მილიონ ლარამდე.

27 356 ხელშეკრულებიდან 12 042 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი - 149,2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილისთვის 14.3 % შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1-ელი აპრილის მონაცემებით, 8 251 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში, მთლიანი პორტფელი კი 350,1 მილიონი ლარია.

2 250 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 543,85 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 99,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8 %-ში, მსხვილი ბიზნესი კი, 1-ელი აპრილის მონაცემებით, 444,8 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0 %-ში.

ამასთან, "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1-ელი აპრილის მონაცემებით, 52 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 1 709 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12,58 %-ში გაასესხეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ დოლარში, მაგალითად, იპოთეკური სესხის აღება ლარიზაციის პროცესის დაწყებამდე 7-8 % გახლდათ. შესაბამისად, ყველას, ვინც სესხები გაალარა 2,7 კურსით ან ახლა იღებს, სესხი საქართველოში გაუძვირდა და გაძვირების პროცესი გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG