Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს


სარფის საბაჟო
სარფის საბაჟო

ექსპორტის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. მართალია, ეს ზრდა შემცირებების კასკადის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ტენდენცია დადებითია და, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო პროდუქტს კვლავ ლითონშენადნობები უდგანან სათავეში, საექსპორტო საქონელს შორის შედარებით ახალი პროდუქციაც ჩნდება და იზრდება.

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ 91 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 303 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება აპრილის მონაცემებს: აპრილში ექსპორტი 28 %-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 6 %-ით. საბოლოო ჯამში, აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

საინტერესოა, რომ, წინასწარი მონაცემებით, განსაკუთრებული მასშტაბით გაიზარდა (71 %-ით) ადგილობრივი წარმოების მაისურებისა და თბილი სამოსის ექსპორტი აპრილში. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან 73 %-ით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი.

აღნიშნულ პერიოდში 39 %-ით გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, 26 %-ით მედიკამენტების, 8 %-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების, ხოლო 5 %-ით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.

საგულისხმოა, რომ თხილსა და კაკალს ჩვენს საექსპორტო ათეულში ბოლო წლებში წამყვანი ადგილები ეკავა, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ამ სამ თვეში თხილისგან მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი შემოსავალი 32 მილიონ დოლარი იყო. საქართველოში თხილის ფასიც დაბალია - საშუალოდ, 3-5 ლარი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37 %), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32 %) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45 % შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13 %-ით, ხოლო მარტში 36.4 %-ით გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში კლების ერთ-ერთი მიზეზი ე. წ. ტრადიციულ ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში - ეკონომიკურ კრიზისებს მოჰყვა, რაც, თავის მხრივ, ომით იყო განპირობებული. ამჯერად კი, ამ ბაზრებზე სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსწორებასთან ერთად, საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთიც შემოვიდა, რაც საკმაოდ პერსპექტიული ბაზარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG