Accessibility links

დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის იდეა და ხელისუფლების ეკონომიკური გადაწყვეტილებების საკმაოდ დიდი ნაწილიც, მათ შორის - გადასახადების შესაძლო ზრდის მიმართულებით, ამ მიზანს ემსახურება. სოციალური პროგრესისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც 2017 წლიდან უკვე საყოველთაო აღარ არის, თუმცა უდავოდ აისახებოდა ყველა იმ რეიტინგსა და მონაცემში, რომელიც 2017 წლამდე საქართველოსთან მიმართებაში კეთდებოდა.

ზოგადად, სოციალური პროგრესის დონის შესაფასებლად და მსოფლიოში ამ თვალსაზრისით საკუთარი როლის საპოვნელად საინტერესო რეიტინგია „სოციალური პროგრესის ინდექსი“. 2017 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 70 ქულით 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა. წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ის ინდექსის თანახმად, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

„სოციალური პროგრესის ინდექსი“ მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს.

სოციალური განვითარების სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევის შეფასებისას ავტორები 50 მაჩვენებელს იყენებენ, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

1. ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები - კვება, სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წყლის, ელექტრობისა და სანიტარიული მომსახურების ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოების დონე.

2. ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა - საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის განათლების დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებისადმი წვდომა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა.

3. ადამიანის განვითარების შესაძლებლობა - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონე, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ტოლერანტობა და ინკლუზია, უმაღლეს განათლებაზე წვდომა.

კვლევის თანახმად, საქართველომ უმაღლესი ქულები მიიღო შემდეგ კომპონენტებში: ძირითად ცოდნაზე ხელმისაწვდომობა - 99,26 ქულა, კვება და ჯანდაცვა - 95.96 ქულა, წყალი და სანიტარია - 90.26 ქულა, პირადი უსაფრთხოება - 82.87 ქულა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა - 79.48. დაბალი ქულებით შეფასდა შემდეგი კომპონენტები: ტოლერანტობა და ინკლუზია - 26.30 ქულა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა - 55.80 ქულა, პერსონალური თავისუფლება და არჩევანის უფლება - 57.87, გარემოს ხარისხი - 58.74 ქულა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - 62.85 ქულა.

სოციალური პროგრესის კუთხით 2017 წლის ლიდერი დანია გახდა, რომელსაც ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია მოსდევს. ბოლო ხუთეულში კი ნიგერია, ანგოლა, ჩადი, ავღანეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG