Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის შესახებ


თბილისი
თბილისი

მიმდინარე კვირას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დეტალები გახდა ცნობილი. დღეს საზოგადოებას ამ ხედვის საინტერესო მიგნებებს გავაცნობთ და, პირველ რიგში, შევეხებით თემას, რომელიც თბილისის მცხოვრებთა დიდ ნაწილს აწუხებს.

კონცეფციის მიხედვით, საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი თბილისიის ნაშენ ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა (OSCE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ გამწვანებას ითვალისწინებს. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობაა.

კონცეფციის ავტორები ამბობენ, რომ ევროპული მაჩვენებლის მიღწევა ნაკლებად რეალისტურია, უფრო ადვილად კი შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცე დაფიქსირდეს.

ამ მიზნისკენ სვლის შემთხვევაში, 2030 წლისთვის ქალაქმა ნაშენი თბილისის ფარგლებში უნდა მიიღოს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანული გამწვანებული ტერიტორია, საიდანაც, პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით, არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490 ჰა განთავსდება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი უნდა დაეთმოს სარეკრეაციო ფუნქციასა და გამწვანებას. კონცეფციაში საუბარია ვერეს ხეობაზე და ნათქვამია, რომ ვერეს ხეობაში არსებული ”მზიურის პარკი” ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს და აუცილებელია მისი დროული აღდგენა. ლისის, ძველი იპოდრომისა და კუს ტბის ტერიტორიები არ განიხილება ურბანულ ტერიტორიებად. ისინი მოიაზრება ლანდშაფტურ არეალში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებად, რაც მათი სამშენებლო საქმიანობისაგან დაცვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს”.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავარ პრობლემად რჩება ქალაქის საცხოვრებელი უბნების საფეხმავლო არეალების მსხვილი რეკრეაციული პარკებით უზრუნველყოფა.

კონცეფციის თანახმად, ”თემქის პარკის” მოწყობით ქალაქის ორ მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო.

ნათქვამია ასევე, რომ თბილისის ზღვა ახალი ზოოპარკითა და დენდროლოგიური პარკით მნიშვნელოვან სარეკრეაციო კლასტერად ყალიბდება, თუმცა ის ნაშენი ტერიტორიის გარეთ არის განლაგებული. კონცეფციის თანახმად, კრწანისის პარკი ქალაქის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო რესურსია, თუმცა მისი საქალაქო სივრცეში სრულფასოვანი ჩართვისათვის აუცილებელია მოცემულ არეალამდე მისასვლელი გზების გაუმჯობესება.

კიდევ ერთი თემაა საცხოვრებელი ბინების ხელმისაწვდომობის საკითხი - კონცეფციის თანახმად, საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ, რეალურად, მოსახლეობის 70 %-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. ქალაქის საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილი (10 %) ე.წ. “დაკეტილი ბინებია”.

„მიუხედავად იმისა, რომ ბინებით ვაჭრობა მყისიერ დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი შემდგომი ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურასა და საგზაო სისტემებთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საბინაო მშენებლობის შეზღუდვა და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიდა ტერიტორიულ რესურსზე, არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისათვის”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

კიდევ ერთი შეზღუდვა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარებას ეხება. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, კონცეფცია გულისხმობს ე.წ. ბაზრობებისა და მსხვილი სავაჭრო ცენტრების (ავეჯის, სამშენებლო თუ სხვა) მომგებიანობის შესწავლას ქალაქისთვის და მათი ცენტრებიდან გადატანის შესაძლებლობის განხილვას.

კონცეფცია მხოლოდ წინასწარი დოკუმენტია და ის განხილვებისა და მსჯელობის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, მასში კიდევ არაერთი თემაა, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებთათვის - და არამხოლოდ მათთვის - ძალიან საინტერესოა. სწორედ ამიტომ ამ გეგმასა და მის კონცეფციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG