Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაეტყო თუ არა საქართველოს ინვესტიციები


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შარშანდელ გაზრდილ მაჩვენებელს საგანგებო წარმატებად მიიჩნევს და მედიას არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. რა მდგომარეობაა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და რამდენად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლები არ აშუქებენ ქვეყნის წინსვლასა და წარმატებებს, სიტუაციას მუქ ფერებში ხატავენ და, ამასთან, არ ამბობენ, რომ პრობლემები მეზობელ ქვეყნებშიც არის. მედიის მიმართ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი კრიტიკა 12 მარტს მთავრობის სხდომაზე გაისმა და იქვე ასევე თქვა, რომ „გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო, ზრდა იყო სხვადასხვა სექტორში და ბიზნესმენებიც აცხადებენ, რომ გასული წელი ყველაზე წარმატებული იყო მათთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში“.

თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც პრაქტიკულად ყველას შეეხო და, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანასაც, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია...
ირაკლი ღარიბაშვილი

ამავე კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური

ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს:

„თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც პრაქტიკულად ყველას შეეხო და, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანასაც, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება, რაც არის ძალიან კარგი ნიშანი“.

რომან გოცირიძისთვის, ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შარშანდელი მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ის ასევე იზიარებს კითხვებს, რომლებიც სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით გამოითქვა. საქმე ის არის, რომ, ექსპერტის დაკვირვებით, ერთმანეთს არ შეესაბამება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების მაჩვენებელი და პირდაპირი ინვესტიციების დონე:

„საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდაა, რომლის პირობებში და ნავთობზე ფასების დაცემის კონტექსტში ასეთი ნეგატიური ზემოქმედება არ უნდა მოეხდინა მაშინ სავალუტო ბაზარზე არსებულ შიდა თუ გარე პრობლემებს. ამიტომ მგონია, რომ საპარლამენტო მოსმენაა აუცილებელი სტატისტიკის სამსახურის მუშაობის შესახებ“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შარშანდელი გაზრდილი მაჩვენებელი, ერთი შეხედვით, მოსწონს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს გოგა ხიშტოვანს, თუმცა ამ პროცესის ეკონომიკურ სარგებელზე ის ბევრს ვერაფერს იტყვის მანამდე, ვიდრე არ დაკონკრეტდება პროექტები, რომლებისკენაც ეს ფული იყო მიმართული. ამ ეტაპზე, ჩვენთან საუბრისას, გოგა ხიშტოვანი ერთ დასკვნას აკეთებს და იქვე აღნიშნავს იმასაც, რომ გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებული სიხარული შესაძლოა ნაადრევი აღმოჩნდეს:

გოგა ხიშტოვანი
გოგა ხიშტოვანი

„მაქსიმუმი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ ამან შესაძლოა შეანელა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება... ის, რომ შარშან იყო კარგად ანდა უკეთესად, ვიდრე შარშანწინ ინვესტიციებთან დაკავშირებით, არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის საქმე. წელს კრიზისის გამო შეიძლება ბევრად უარესი იყოს მაჩვენებელი, ვიდრე შარშან და შარშანწინ“.

პრობლემები რომ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რომ შენელებულია, ამის შესახებ 12 მარტს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მისულმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება დოლართან მიმართებით 23 პროცენტია, თუმცა ეს მნიშვნელოვანწილად „გარე შოკით“ არის გამოწვეული და რომ ქართულ ლარზე უკეთეს მდგომარეობაში არც თურქული ლირაა, არც აზერბაიჯანული მანათი და არც სომხური დრამი.

რაც შეეხება სავალუტო კრიზისის დაძლევის გეგმას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებობს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. მაგალითად, მოკლევადიან გეგმებში შედის: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, ტურიზმის მნიშვნელოვანი წახალისება, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს სესხის აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან და ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუკი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა წელსაც შენარჩუნდება, საქმე კარგად წავა და მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად უცხოური ვალუტით შემოსულობების გაცილებით უფრო ნაკლები ხელოვნური მობილიზება გახდება საჭირო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG